მასალა მოსწავლეებისთვის 7.2: როგორ ზრუნავს დემოკრატია უმცირესობის დაცვაზე?

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 7.2: როგორ ზრუნავს დემოკრატია უმცირესობის დაცვაზე?

უმრავლესობისა და უმცირესობების უფლებებთა შორის წონასწორობის დაცვის პრობლემა საზოგადოების ძირითად საზრუნავს წარმოადგენს მის ყველა დონეზე, დაწყებული პატარა კლუბებით და დამთავრებული სახელმწიფო დონით. ერთი მხრივ, დემოკრატია მოითხოვს უმრავლესობათა ნებისადმი პატივისცემას. მეორე მხრივ, უმცირესობათა ინტერესებიც უნდა იყოს დაცული. თუ საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად წამგებლიან პოზიციაზეა და თვლის, რომ დისკრიმინაციის საგანს წარმოადგენს, ამან საზოგადოებაში შესაძლოა სერიოზული კონფლიქტი წარმოშვას.

დემოკრატიულ საზოგადოებათა კონსტიტუციები, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ძირითადად ორ მიდგომას იყენებენ – ორივე მიდგომა აწესებს ზღვარს, მასზედ, თუ რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია უმრავლესობას. პირველი მიდგომა გულისხმობს უმრავლესობათა ძალაუფლების შეზღუდვას, მცირე ერთეულებისთვის ავტონომიის უფლების მინიჭებით (ფედერციული ან კანტონალური მოდელი). მეორე მიდგომა ადამიანის უფლებებისთვის სამოქალაქო უფლებების სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ეს უფლებები იცავს ცალკეულ პიროვნებებსა და უმცირესობებს იმით, რომ უმრავლესობას მათი ინტერესებისადმი პატივისცემას აიძულებს.

1. ფედერაციულ/კანტონალური მოდელი

უმცირესობათა ჯგუფები ქმნიან რეგონალურ ერთეულებს სახელმწიფოს შიგნით – ფედერაციულ ან კანტონალურ ერთეულებს. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ბელგია ფედერაციულ სახელმწიფოთა მაგალითებია, მაშინ როცა შვეიცარია არის კანტონალური სახელმწიფოს მოდელი. ამ მცირე ზომის ერთეულებიდან უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, და ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მოიცავდეს საკუთარი ბიუჯეტის განკარგვის  ან სახელმწიფო კანონმდებლობაში მონაწილეობის უფლებას. დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციები ერთმანეთისგან განსხვავდება ამ, მათზე დაქვემდებარებული ერთეულებისადმი სხვადასხვა დონის ავტონომიის მინიჭების თვალსაზრისით.

მსჯელობა ამ თემაზე შეიძლება კიდევ უფრო განვავრცოთ იმით, რომ შევცვალოთ უმრავლესობის განმარტება. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაწყვეტილება 50–75% ან თუნდაც 100%–იან კვორუმს მოითხოვს – უმცირესობათა ჯგუფებს შეუძლიათ, ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და, აგრეთვე, შეუძლიათ  ისარგებლონ ვეტოს უფლებით.

2. ადამიანის უფლებები, როგორც უმცირესობათა უფლებები

ადამიანთა უფლებები წარმოადგენს უმცირესობათა უფლებებს, გარკვეულად ზღუდავს რა უმრავლესობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითისთვის ავიღოთ 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები:

მუხლი 5, თავისუფლების … უფლება

ყველას აქვს თავისუფლების უფლება …

მუხლი 14 , დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

მუხლები 5 და 14 ადამიანის ორ ძირითად უფლებას ეხება – თავისუფლების და თანასწორობის უფლებებს.

მოქალაქეებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან, რომელთა უფლებებიც ირღვევა, შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ადამიანის უფლებები, მას შემდეგ რაც შევა კონსტიტუციაში, იძენს სამოქალაქო უფლებების სტატუსს. ამ შემთხვევაში ეს უფლებები უფრო მყარად არის დაცული, ვინაიდან ისინი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება. ზოგიერთ ქვეყანაში, დაარსებულია საკონსტიტუციო სასამართლოები, რომლებიც სამოქალაქო უფლებების დაცვას ემსახურებიან. კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებას უფრო მეტი ხმა სჭირდება ვიდრე მარტივი უმრავლესობა, რათა უმცირესობათა ჯგუფებს მიეცეთ შესაძლებლობა ხელი შეუშალონ ცვლილებებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ იმოქმედებს.