8.1 დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: ინტეგრაცია კრიმინალად აღიარებისა და დასჯის ნაცვლად

Living Democracy » Textbooks » 8.1 დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: ინტეგრაცია კრიმინალად აღიარებისა და დასჯის ნაცვლად

თომას ჰამარბერგი, ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროსაბჭო

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში თინეიჯერები განსაკუთრებული კრიმინალური აქტიურობით არ გამოირჩევიან. ამასთანავე, ჩვენს კონტინენტზე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად არ იცვლება.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მნიშვნელოვანი არ არის. მრავალი ქვეყნის მონაცემების მიხედვით, რაც დრო გადის, ახალგაზრდები უფრო და უფრო დაუნდობელ დანაშაულებს სჩადიან. ეს, თავისთავად, უკვე არის გამაფრთხილებელი სიგნალი. […].

ამჟამად, ევროპაში ორი ძირითადი მიმართულება ფიქსირდება. პირველი, კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარის შემცირება, რაც გულისხმობს ახალგაზრდების უფრო ადრეულ ასაკში დაპატიმრებას. მეორე, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, კრიმინალიზაციის უარყოფა და პატიმრობის სოციალური, ოჯახის პრინციპზე დაფუძნებული, ალტერნატივების შექმნა.

დღეს თქვენს ყურადღებას მეორე მიდგომაზე შევაჩერებ. ამ მიდგომას არა მხოლოდ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია უჭერს მხარს, არამედ, აგრეთვე ,ბავშვთა სახალხო დამცველების ევროპული ქსელი. 2003 წელს გამოქვეყნებულ მიმართვაში, 21 ქვეყნის სახალხო დამცველმა გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბავშვი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვია, რომელსაც აქვს საკუთარი უფლებები.

მათ შემოიტანეს წინადადება, რომ კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკმა კი არ უნდა დაიწიოს, არამედ გაიზარდოს და მიაღწიოს 18 წელს. 18 წლამდე დამნაშავეებისადმი მოპყრობის ინოვაციური სისტემა კი უნდა გულისხმობდეს აქცენტებს მათ განათლებაზე, რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე.

ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც ყველა ევროპული ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული, მთავრობებისაგან მოითხოვს, რომ მათ დაადგინონ ის მინიმალური ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბავშვს არ შეუძლია დანაშაულის ჩადენა. ამ კონვენციაში არ არის დაფიქსირებული ეს ასაკი. მიუხედვად ამისა, კომიტეტი, რომელიც ამ კონვენციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს, გამოხატავს წუხილს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ზღვარი ძალიან დაბალია. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, ბავშვი კრიმინალური პასუხისმგებლობის მატარებელია 12, 15 ან 16 წლიდან. თუმცა არის შემთხვევები, როცა კრიმინალური პასუხისმგებლობა ბავშვს ეკისრება 7, 8 ან 10 წლის ასაკიდანაც.

გაეროს ბავშვთა კონვენციის მიხედვით, ბავშვთა კრიმინალიზაცია აცილებულ უნდა იქნეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არასრულწლოვნებს ისე ეპყრობოდნენ, თითქოს მათ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. პირიქით, არასრულწლოვნები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქმედებებზე და მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორებაში.

შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა პროცედურამ უნდა ჩაანაცვლოს სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურები ასეთ შემთხვევებში. რა თქმა უნდა, აუცილებელია მიყენებული ზარალის აღიარება და ახალგაზრდისათვის იმის ახსნა, რომ მისი საქციელი არ არის მისაღები. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც დანაშაულს აღიარებს და აწესებს რეაბილიტაციის სანქციებს.

სანქციების დაწესების პროცედურა უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი პროცედურისაგან. არასრულწლოვანთა გასამართლებისას არ უნდა იყოს დადგენილი სამაგიეროს მიზღვის პრინციპი. მიზანი არის ის, რომ დაწესდეს პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, ხელი შეეწყოს არასრულწლოვანთა რეინტეგრაციას. არასრულწლოვანმა უნდა გაიაზროს ჩადენილი დანაშაული და აღარ გაიმეოროს ის.

ამის მიღწევა რთულია. საჭიროა ინოვაციური და ეფექტური საზოგადოებრივი სანქციები. ამ პროცესში, სასურველია, ჩართულნი იყვნენ დამნაშავის მშობლები ან მეურვეები იმ შემთხვევაში, თუ ეს უკუშედეგის გამომწვევი არ იქნება. ასევე, ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს იმ დანაშაულის აპელაცია, რომელიც ბავშვის ბრალეულობას უკავშირდება.

სლოვენიაში ,,შუამავლობის” საინტერესო პროცედურას იყენებენ: პროკურორთან, დაზარალებულთან და დამნაშავესთან შეთანხმებით, არასრულწლოვნის საქმე გადაეცემა მედიატორს, რომელიც მოლაპარაკების გზით აგვარებს საქმეს ისე, რომ ის სასამართლომდე არ მიდის.

კიდევ ერთ საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი, ესაა დანაშაულზე დროული რეაგირება. გაჭიანურებული საქმეები, რაც ევროპაში ხშირ შემთხვევას წარმოადგენს, არის ძალიან არახელსაყრელი ახალგაზრდა დამნაშავეებისათვის, რადგან ისინი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. […]

თომას ჰამარბერგი, ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროსაბჭო. ნაწყვეტი გამოსვლიდან ,,არასრულწლოვანი დამნაშავეები და მათი უფლებები”, ევროპელ გენერალურ პროკურორთა კონფერენცია, მოსკოვი, 5-6 ივლისი, 2006 წელი. წყარო: http://www.coe.int/t/commissioner/