შესავალი

Living Democracy » Textbooks » შესავალი

1. რას გვთავაზობს წინამდებარე სახელმძღვანელო?

წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება ცხრა სასწავლო თავისაგან და ეხება სწავლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. როგორც სახელმძღვანელოს სათაური „დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა“ ასევე ყდაზე გამოსახული ილუსტრაცია მიგვანიშნებს, რომ სახელმძღვანელოში შესული თავები განკუთვნილია მოსწავლეებისთვის და განიხილავს მოსწავლეების, როგორც ახალგაზრდა მოქალაქეების როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყოველი თავი გვთავაზობს განსაკუთრებულ მიდგომას, რაც უბიძგებს და სტიმულს აძლევს მოსწავლეებს  მონაწილეობა მიიღონ იმ საზოგადოებებში, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან.

თითოეული თავი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად ან სხვა თავებთან კომბინაციაში სხვადასხვაგვარად. მთლიანი სახელმძღვანელო წარმოადგენს ახალგაზრდა მოქალაქეების დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის წვრთნისა და მომზადების სასწავლო გეგმას.

სახელმძღვანელოში შესული თითოეული თავი მოიცავს ოთხ გაკვეთილს და განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისათვის (10–12 კლასები). თითოეული თავი ეძღვნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებებიდან ერთ–ერთს, როგორებიცაა: ინდივიდუალობა – პასუხისმგებლობა – მრავალფეროვნება და პლურალიზმი – კონფლიქტი – წესები და კანონი – მთავრობა და პოლიტიკა – თანასწორობა – თავისუფლება – მედია. ეს ცხრა ძირითადი ცნება  წინამდებარე სახელმძღვანელოს აკავშირებს ამ სერიის სხვა წიგნებთან რომლებიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი და საბაზისო საფეხურებისათვის (სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ წიგნი  II და წიგნი III)1. სამივე წიგნი ერთად გვთავაზობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად ცნებათა სპირალური სწავლების პროგრამას.

თითოეული თავი ეძღვნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ერთ ძირითად ცნებას და მოიცავს ოთხ გაკვეთილს. სახელმძღვანელო გვთავაზობს სწავლების თანმიმდევრულ განრიგს შესაძლებლობების ფარგლებში. მოსწავლეებზე დასარიგებლად განკუთვნილი მასალა მოწოდებულია ცალკე სახელმძღვანელოს სახით.

ამგვარად წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მასწავლებლებისთვის და არა მოსწავლეებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული დეტალური საგაკვეთილო გეგმა დაიმსახურებს როგორც აღსაზრდელების, ასევე დამწყებ პედაგოგთა მოწონებას, ხოლო, რაც შეეხება გამოცდილ პედაგოგებს, მათ მოეპოვებათ მოსაზრებები და მასალები, რომელთაც წარმატებით გამოიყენებენ გაკვეთილებზე. წინამდებარე სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში მოღვაწე მასწავლებელთა დახელოვნების მიზნით.

წინამდებარე სახელმძღვანელო ასევე განკუთვნილია სასწავლო პროგრამების ავტორთა, სახელმძღვანელოთა რედაქტორთა და მთარგმნელთათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. შესაძლებელია სახელმძღვანელოს თარგმნა და მისი მორგება მოცემული ქვეყნის განათლების სისტემის მოთხოვნებზე.

ევროპის საბჭო გთავაზობთ თავდაპირველი სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიას. თავდაპირველი გამოცემა ეკუთვნის ბოსნიასა და ჰერცოგოვინას და ამ გამოცემის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახლად შემოღებული საგნის – დემოკრატია და ადამიანის უფლებები – დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა (2002 წელი). 1996 წლიდან მოყოლებული ევროპის საბჭო ჩართულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში მასწავლებელთა და ტრენერთა დახელოვნების საქმიანობაში, მასწავლებელთა მომზადებისა და სასწავლო მასალებით უზრუნველყოფის საშუალებით. როლფ გოლობი და პიტერ კრაფი (მოცემული სახელმძღვანელოს თანაავტორები) არიან ამ პროექტში მონაწილე ტრენერთა საერთაშორისო გუნდის წევრები.

2. რას წარმოადგენს სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  –  მისი სამი განზომილება

დემოკრატიული მოქალაქეობის და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზნები და პრინციპები დაკავშირებულია სწავლებისა და სწავლის სამ განზომილებასთან.  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეები არიან ახალგაზრდა მოქალაქეები, რომლებსაც:

  • აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომელზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული (რაც ხორციელდება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლის საშუალებით);
  • აქვთ სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში ყოფნის გამოცდილება, სადაც დაცულია მოსწავლეთა თავისუფლება და თანასწორობა; აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველზე სწავლით);
  • გააჩნიათ კომპეტენცია/უნარი და თავდაჯერებულობა, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები და ამავდროულად ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდნენ სხვა ადამიანებსა და იმ საზოგადოებას, სადაც მათ უწევთ მოღვაწეობა (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის სწავლის საშუალებით).

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპები მოკლედ და საუკეთესოდ  შეიძლება იქნეს ახსნილი მაგალითით – აზრის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება. იგივე მაგალითია მოყვანილი სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი III–ის წინასიტყვაობაში (გვ.5); წინამდებარე სახელმძღვანელოში ადამიანის ეს კონკრეტული უფლება უფრო სიღრმისეულად არის განხილული (სპირალური სწავლების პროგრამა).

2.1 შემეცნებითი განზომილება: ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზისო საფეხურზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.5 და 2.6). მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ისარგებლოს თავისუფალი აზრის უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია  ნებისმიერი მედიასაშუალებით (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 10). მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია თუნდაც მხოლოდ ეს უფლება დემოკრატიის განსახორციელებლად.

მოსწავლეები ასევე უნდა იცნობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–14 მუხლს. იგი ერთგვარად განამტკიცებს აზროვნების და გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას, ამატებს რა მათ თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს: ქალი და კაცი, მდიდარი და ღარიბი, ახალგაზრდა და მოხუცი, მოქალაქე და ემიგრანტი –ჩვენ ყველა თანაბრად ვსარგებლობთ ამ უფლებებით.

და ბოლოს, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, თუ რატომ უნდა იცავდეს თავისუფლებებს კანონი და რომ მათ ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 29). გამოხატვის თავისუფლება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს პლურალისტულ საზოგადოებაში წინ წამოწიონ საკუთარი ინტერესები და კონკურენტული გარემო გულისხმობს იმას, რომ იქნებიან წარმატებულებიც და ხელმოცარულებიც. კონსტიტუციამ, წესებმა და კანონებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი გარემო, რომელიც გარკვეულად შეზღუდავს ძლიერთა თავისუფლებებს და დაიცავს სუსტებს – განსხვავებათა გათანაბრების გარეშე. ყველა პრობლემა წესებით ვერ გვარდება, ასე რომ საზოგადოების წევრებს უნდა გააჩნდეთ ურთიერთპასუხისმგებლობა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 1950 წლის 4 ნოემბერი)

მუხლი 10

გამოხატვის თავისუფლება

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

მუხლი 14

დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნისა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი)

მუხლი 29

1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მოკლედ, ეს სამი მუხლი გამოხატავს ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით ამ თავისუფლებათა რეგულირებას შორის არსებულ ერთგვარ დაპირისპირებას. საზოგადოებრივი წესრიგი ერთი მხრივ ზღუდავს და მეორე მხრივ იცავს ამ თავისუფლებებს.

მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ ამის ახსნა საკმაო ინფორმაციას ფლობენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა შესახებ, და როგორც შეამჩნევთ, სწორედ ეს არის წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული თავების ძირითადი თემა. სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებით განზომილებას.

2.2  მონაწილეობითი განზომილება: ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებების დაცვისთვის

ამ სახელმძღვანელოს სახელწოდება „მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, გვახსენებს, რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ  საკუთარი თავისუფლებების უფლება, მაგალითად, საკუთარი უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალი აზროვნების, მოსაზრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ აგრეთვე უნდა ჰქონდეთ სხვებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება – მაგალითად, ჯგუფში საკუთარი ინტერესების წამოყენება, დათმობაზე მოლაპარაკებები, ან შეთანხმება იმის თაობაზე თუ როგორ განიმარტება „საყოველთაო კეთილდღეობა“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 29). მათ უნდა შეეძლოთ წესების ფარგლებში მოქმედება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა. ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ სხვათა კეთილდღეობას და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას.

მოკლედ, მოსწავლეებს არა მარტო უნდა ესმოდეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ზემოთგანხილულ სამ მუხლს შორის არსებულ კავშირს, არამედ უნდა ისწავლონ, თუ როგორ დააფასონ ის ღირებულებები, რომლებიც ამ მუხლებით არის დაცული და იმოქმედონ შესაბამისად. ამგვარად, მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი ინტერესების სხვათა და მთლიანად საზოგადოების ინტერესებთან შეთანხმება. მოსწავლეებმა, რომლებიც ამ პრინციპებზე არიან აღზრდილნი, იციან თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება – დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებების დაცვისთვის სწავლა.

ახალგაზრდა მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, უნდა ფლობდნენ მრავალგანზომილებიან კომპეტენციებს, რომლებიც მოცემულია ქვევით მოყვანილ მოდელში.

მონაწილეობისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციები

ანალიზისა და განსჯის კომპეტენციები მეთოდები და უნარები

ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული მიდგომა და ღირებულებები

მოცემული კომპეტენციები ღირებულებებზე ორიენტირებული უნდა იყოს; მაგალითად, რასისტების ხელში, ისინი შესაძლოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის საფრთხედ იქცნენ.

წინამდებარე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია მსგავსი კომპეტენციების განვითარებაზე. ყოველი თავის შესავალში მოცემულია მატრიცა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს სახელმძღვანელოში მოცემული თავების კომბინირება და ამრიგად ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება დაეუფლონ კომპეტენციებს, მათი საჭიროებებისა და სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით. ქვემოთ მოცემულია კომპეტენციათა ცხრილი სახელმძღვანელოს მე–2 თავისთვის ( ძირითადი კონცეფცია: პასუხისმგებლობა).

თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
2 პასუხისმგებლობა

დილემის აღქმა

გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი

პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზეზების ჩამოყალიბება

ყურადღებით განხილვა და გაანალიზება

გადაწყვეტილების მიზეზებისა და კრიტერიუმების გაზიარება

გადაწყვეტილების მიღება არასრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე

მარცხის რისკის გაცნობიერება

სხვადასხვა მიდგომის გამოყენება

სხვათა ინტერესებისა და უფლებების აღიარება

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული საზოგადოება

1 ინდივიდუალობა გააზრება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი არჩევანი სხვებზე სხვადასხვა მიდგომის გამოყენება
4 კონფლიქტი მდგრადი განვითარების პრობლემა მოლაპარაკების სტრატეგიები კონფლიქტის მოგვარება
6 მთავრობა და პოლიტიკა პოლიტიკა – პრობლემების გადაწყვეტისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესი
7 თანასწორობა დემოკრატიის კულტურული განზომილების აღიარება უმრავლესობისა და უმცირესობის უფლებათა დარეგულირება ურთიერთაღიარება

2.3 კულტურული განზომილება: ვსწავლობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძვლებზე

დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა საპასუხისმგებლო საქმეა – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში შესაძლებელი და აუცილებელია საჭირო კომპეტენციების დაუფლება და განვითარება. აქედან გამომდინარე დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას

გააჩნია კულტურული განზომილება. სწავლებისა და სწავლის კულტურა უნდა ასახავდეს  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად გზავნილს. ცოდნის შეძენა შესაძლებელია სწავლებისა და დირექტივების მიღების საშუალებით (ლექციის მოსმენა, კითხვა); კომპეტენციების დაუფლება–განვითარება ხდება ტრეინინგის საშუალებით (დემონსტრირება, პრაქტიკა, წვრთნა). თვითშეფასებისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების შეძენა ხორციელდება სკოლაში სოციალიზაციის საფუძველზე. მოზარდის დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე  გავლენას ახდენს სკოლაში, გაკვეთილზე შეძენილი გამოცდილება, მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების მაგალითები. მაშინ, როცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება გარკვეულ სასკოლო საგანთა (მაგ. სოციალური მეცნიერებები, ისტორია, სამოქალაქო განათლება) ამოცანას წარმოადგენს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძვლებზე განხორციელებული სწავლების პროცესი გამოწვევაა მთლიანი სკოლისთვის   – დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვა სკოლის საზოგადოების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

წინამდებარე სახელმძღვანელო იყენებს პრაქტიკულ ამოცანა–დავალებებზე დაფუძნებული სწავლის მიდგომას: ყოველ თავში მოცემულია ძირითადი ამოცანა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოიმუშაონ ესა თუ ის კომპეტენცია. ჩვენ კომპეტენციას ვიძენთ მაშინ, როცა ის გვჭირდება, სწორედ ამიტომ ეს ამოცანები ეხება პრობლემებს, რომელთა ერთი ხელის მოსმით გადაჭრის გზა არ არსებობს – სწორედ ისე, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, სწორედ სწავლების მეთოდი წარმოადგენს მის ძირითად გზავნილს.

3. სახელმძღვანელოს კონცეპტუალური ჩარჩო – გამოწვევები, კონსტრუქტივიზმი, კომპეტენციები

ახალგაზრდა მოქალაქეები დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობენ როგორც თავისუფალი პიროვნებები, მაგრამ მათ არ გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობები.

როგორც დინამიკური, პლურალისტული საზოგადოებების წევრებს, საზოგადოებებისა, რომელთა შორის მსოფლიო მასშტაბით არსებობს ურთიერთდამოკიდებულება, ახალგაზრდა მოქალაქეებს უწევთ ისეთი რთული გამოწვევების წინაშე დგომა, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების სიმწირე, არშემდგარი სახელმწიფოების საფრთხე და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრა კონკრეტული სკოლის დონეზე ვერ განხორციელდება, მაგრამ სკოლას შეუძლია აღზარდოს იმ უნარით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ამ პრობლემებთან გამკლავების საშუალებები ექნება.

ამგვარ გამოწვევებთან გამკლავება მოითხოვს ძალისხმევას, გულისხმობს შეცდომებს და განსხვავებულ ინტერესებს შორის დათმობაზე მოლაპარაკებებს. ამგვარ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება აღვიქვათ, როგორც საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯი. შედეგი, როგორც წესი, არ არის სრულყოფილი და მყისვე ხდება კრიტიკის საგანი და ყოველთვის არის მცდელობა ამ შედეგის გაუმჯობესებისა. აქედან გამომდინარე, პლურალისტულ, დემოკრატიულ საზოგადოებას პოლიტიკისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა გააჩნია. დემოკრატია მთლიანად არის დამოკიდებული ყველა თაობის კომპეტენტურობასა და პასუხისმგებლობაზე. ხოლო კონსტრუქტივიზმი არის ის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას და ასე უსასრულოდ.

სწორედ ეს ძირითადი ცნებები – გამოწვევები, კონსტრუქტივიზმი, კომპეტენციები – უდევს საფუძვლად წინამდებარე სახელმძღვანელოში შესულ ყველა თავს:

  • დინამიკური, პლურალური, დემოკრატიული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები;
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციები;
  • დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისა და კომპეტენციების განვითარებისთვის დამახასიათებელი კონსტრუქტივიზმი.

წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემულ ყველა თავში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი კონცეფცია დაკავშირებულია კონკრეტულ გამოწვევასთან, რაც იძლევა კომპეტენციების კონსტრუქტივისტული ჩამოყალიბებისა და განვითარების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ცნებები არ ქმნიან შემეცნებითი საქმიანობის ცხრა ცალკეულ მოდულს, არამედ უნარების, ღირებულებების და პერსპექტივების ქსელს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ქვემოთ მოყვანილი მატრიცა გვაძლევს წინამდებარე სახელმძღვანელოს კონცეპტუალურ ჩარჩოს.

კონსტრუქტივისტული მიდგომა…

თავი #

ძირითადი ცნება

ძირითადი ცნებებისადმი, როგორც გამოწვევებისადმი:

კომპეტენციის განვითარებისადმი, როგორც მუდმივი პროცესისადმი.

მოსწავლეები სწავლობენ…

თავი 1

ინდივიდუალობა

რა სამუშაო ავირჩიო?

ვინ იქნება ჩემი პარტნიორი?

გვინდა ვიყოლიოთ შვილები?

გააცნობიერონ, გამოთქვან და პრიორიტეტულად დასახონ საკუთარი ინტერესები და მიზნები

თავი 2

პასუხისმგებლობა

რა იქნება ჩემი გადაწყვეტილების შედეგები?

რა პრიორიტეტი მაქვს მოცემულ დილემაში?

რა ღირებულებებსა და პრინციპებს ვანიჭებ უპირატესობას?

აიღონ პასუხისმგებლობა დილემიდან გამოსავლის მოძებნაზე – მოიპოვონ ინფორმაცია, გაანალიზონ შედეგები, განსაზღვრონ პრიორიტეტები, გააკეთონ არჩევანი

თავი 3

მრავალფეროვნება და პლურალიზმი

რაში გამოიხატება ჩემი ინტერესი?

რა დათმობაზე შეიძლება წავიდე?

რა არის ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის საყოველთაო კეთილდღეობა?

პლურალისტურ და კონკურენტულ გარემოში, მოლაპარაკების გზით წავიდნენ სამართლიან და ქმედით დათმობაზე

თავი 4

კონფლიქტი

რაში მდგომარეობს პრობლემა?

რა ინტერესებს მოიცავს იგი?

რომელი გამოსავალია სასურველი და მისაღები?

მოაგვარონ კონფლიქტი არაძალადობრივი მეთოდებით

თავი 5

წესები და კანონი

რა წესები გვჭირდება მოქმედებების სარეგულირებლად?

რომელ წესებზე შეგვიძლია შევთანხმდეთ?

ჯეროვნად შეაფასონ ინსტიტუციონალური გარემოს ფუნქცია – კონსტიტუცია, კანონები, წესები და საერთო ღირებულებები

თავი 6

მთავრობა და პოლიტიკა

რომელი საკითხები შედის და რომელი არა პოლიტიკურ დღის წესრიგში?

რომელი პრობლემაა განხილვის საგანი?

რა არის პრობლემის გამოსავალი და როგორ შეიძლება განვახორციელოთ იგი?

მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში – ინსტიტუციონალური გარემოს შიგნით და მის გარეთ

თავი 7

თანასწორობა

რაში მდგომარეობს უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები?

რა დათმობა შემიძლია შევთავაზო?

რაზე უნდა დათანხმდეს უმცირესობა?

როგორ არის დაცული ჯგუფის ინტერესები ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით?

ხელი შეუწყონ სოციალური ერთობის გამყარებას უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესთა გაწონასწორების საშუალებით

თავი 8

თავისუფლება

რა არის ჩემთვის მთავარი?

როგორ ვაპირებ ჩემი არგუმენტის გამტკიცებას?

როგორია ჩემი ოპონენტის სტრატეგია?

ისარგებლონ აზრისა და სიტყვის თავისუფლებით, დებატებში მონაწილეობის უნარის გამოყენებით

თავი 9

მედია

ვის მსურს მივმართო?

რა არის ჩემი მიზანი?

რა არის ჩემი გზავნილი?

სად მოვიპოვო ინფორმაცია?

ისარგებლონ მედია–კომუნიკაციებით

4. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, ევროპული მიდგომა

ათწლეულზე მეტია რაც ევროპის საბჭო წევრ ქვეყნებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების დანერგვისა და განვითარების ინიციატივით გამოვიდა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კოორდინატორები, ექსპერტები, მასწავლებლები და ტრენერები ბევრი წევრი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ დისკუსიებში, რისი შედეგიც არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ამ სერიის ექვსი წიგნი.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  გულისხმობს დემოკრატიული მოქალაქეობის და ადამიანის უფლებების სწავლებისადმი „ევროპულ მიდგომას“. გამომდინარე ჩვენი სკოლების, განათლების სისტემის, სწავლებისა და სწავლის ტრადიციების სპეციფიკიდან, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის სწავლების განზომილებები შესაძლოა განსხვავებული იყოს. მაგრამ ჩვენთვის საერთოა ერთი რამ, აღქმა იმისა, რომ სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ წარმოადგენს ჩვენს სკოლებში განათლების საერთო კურსს. ჩვენთვის, ყველასთვის ნათელია, რომ მეთოდი, რომელსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ითვალისწინებს, გულისხმობს ერთ გზავნილს – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძვლებზე.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ამ გამოცემის საშუალებით რედაქტორები და ავტორები შეეცადნენ მოემკათ ნაყოფი იმისა, რასაც წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესი ესწრაფოდა. სწორედ ევროპული მიდგომა იყო ის, რაც ამ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში დახმარების ძირითად წყაროს წარმოადგენდა. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო შემდეგი:

ქ–ები მანუელა დროლი და კარენ ოშეა იყვნენ ჩემი თანაავტორები, როდესაც ჩვენ შევქმენით ამ სახელმძღვანელოს წინამორბედი ვერსია, რომელიც განკუთვნილი იყო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მონაწილე მასწავლებლებისთვის ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. ბ–ნმა ემირ აძოვიჩმა, რომელიც ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროექტის კოორდინატორი გახლავთ, უზრუნველყო ჩვენი პროექტის ორგანიზაციული მხარე. ამ სახელმძღვანელოში განხილული ძირითადი ცნებების ჩამოყალიბებაში დახმარება გაგვიწიეს ბ–ებმა დონ როუმ, ტედ ჰადლესტონმა და უიმ ტელმანმა. დონი კითხულობდა ჩვენს პირველ ნამუშევრებს, ხოლო ტედი იყო ჩვენი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი და კონსტრუქციული პარტნიორი საჭირბოროტო საკითხების განხილვისას.

ქ–ები ოლაფ ოლაფსდოტირი და სარა კეატინგ–ქეთვინდი წარმოადგენდნენ ჩვენს პარტნიორებსა და ამ პროექტის კოორდინატორებს ევროპის საბჭოში. მათ დიდი მოთმინება და ნების სიმტკიცე გამოიჩინეს მთელი ამ პროექტის განხორციელების მანძილზე.

პეტი ვისკემანს ეკუთვნის ყდაზე გამოსახული ილუსტრაცია, რომელიც ესოდენ ზედმიწევნითა და სიზუსტით გამოხატავს წინამდებარე სახელმძღვანელოს ცხრავე თავში განხილულ ძირითად თემებს და მიანიშნებს ამ თემებში ჩადებულ ძირითად ცნებებზე. ქ–ნი ვილტრუდ ვეიდინგერი და ბ–ნი როლფ გოლობი იყვნენ ჩემი რედაქტორები და პარტნიორები მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას.

ჩემი თანამშრომლობა ბ–ნ ქრისტიან ფალეგერთან გამორჩეულია არაერთმხრივ. ჩვენ მნიშვნელოვან თემებს განვიხილავდით ერთად ამ პროექტზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე. მან მე მომაწოდა ძალიან ღირებული აზრები და წინადადებები და ბოლოს მან წაიკითხა ამ სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტი; მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი კრიტიკული და კონსტრუქციული შენიშვნები ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო.

და ბოლოს, ჩემი კოლეგების, თანამშრომლებისა და მეგობრების მხარდაჭერისა და წახალისების გარეშე მე ამ სახელმძღვანელოს ვერ შევქმნიდი. მე უღრმესი მადლიერების გრძნობით ვარ გამსჭვალული ყველა მათგანის მიმართ; თუმცაღა პასუხისმგებლობას ვიღებ ნებისმიერ შეცდომაზე, რომელიც მკითხველმა შეიძლება აღმოაჩინოს ამ სახელმძღვანელოში.

პიტერ კრ

ციურიხი და ულმი

2009 წლის დეკემბერი

1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი II: ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, საგაკვეთილო გეგმები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურისთვის; სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი III: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში –სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, საგაკვეთილო გეგმები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზისო საფეხურისთვის.