1. საფუძველი

Living Democracy » Textbooks » 1. საფუძველი

ევროპის საბჭო, რომელიც უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, შეიქმნა 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შემდეგ. მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა და ხელშეწყობა. ევროპის საბჭო აქტიურად არის ჩაბმული ბევრ სფეროში, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში. 50 წელზე მეტია, იგი ახორციელებს თანამშრომლობის პროექტებს განათლების სფეროში, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამკვიდრებას მთელ ევროპაში.

1990-იანი წლების დასაწყისში, ევროპის საბჭოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახლად შექმნილი დემოკრატიული სახელმწიფოების შემოერთებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა: 10 წლის განმავლობაში ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. ამგვარი ცვლილებების ფონზე, საჭირო გახდა დემოკრატიის შესახებ სწავლების საქმეში სისტემატური სამუშაოების გახორციელება. 1997 წელს, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებისა და მთავრობების თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს, სახელწოდებით – განათლება დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, აღნიშნული პროექტი მეტად გაფართოვდა, შეიძინა ახალი განზომილება ადამიანის უფლებათა სახით და ამჟამად იწოდება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროექტად.

აღნიშნული პროექტის წამოწყებით, ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები აღიარებენ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების აუცილებლობას, რადგან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის საჭირო უნარები არ წარმოადგენს თანდაყოლილ უნარებს. მე-20 საუკუნის დასასრულისათვის, ევროპის საზოგადოებების წინაშე უამრავი პრობლემა დადგა, როგორიცაა პოლიტიკური აპათია, მოსახლეობის მიგრაცია, რასაც შედეგად მოჰყვა სოციალური მრავალფეროვნება და, ასევე, პრობლემები, როგორიცაა  გარემოს დაცვა და მზარდი ძალადობა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება აღქმულ იქნა, როგორც მსგავს პრობლემათა მოგვარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი.  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ემსახურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფას, მთელი ცხოვრების მანძილზე, და ეხება მათ პასუხისმგებლობას, სოლიდარობას, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგს. ევროპის საბჭოში შექმნილმა უნიკალურმა გარემომ ხელი შეუწყო, ბოლო 13 წლის მანძილზე, ევროპის მასშტაბით ამ სფეროში მოღვაწე საუკეთესო სპეციალისტების თავმოყრას, რათა მათ ემსჯელათ და ემუშავათ მოცემულ საკითხზე.