თავი 5: წესები და კანონი

Living Democracy » Textbooks » თავი 5: წესები და კანონი

რომელი წესები მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ?

„წესები წარმოადგენს საშუალებებს“ – ინსტიტუციის ცნებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა

ეს ლოზუნგი მოცემულ თავში განხილული ძირითადი დებულებების შეჯამებას წერმოადგენს. წესები, კანონები, კონსტიტუციები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მთელი ეს ჩამონათვალი ერთიანდება ინსტიტუციის ცნების ქვეშ. მოცემულ სახელმძღვანელოში ინსტიტუციები განხილულია, როგორც პროდუქტი – ხალხმა შექმნა ეს ინსტიტუციები, რათა ისინი გარკვეულ მიზანს ემსახურონ. ამ თვალსაზრისით, „წესები – ან, ზოგადად, ინსტიტუციები – წარმოადგენს საშუალებებს.“

ინსტიტუციები არის საშუალებები, რომლებიც შემდეგ მიზნებს ემსახურება:

  • აგვარებს საზოგადოებაში წამოჭრილ სერიოზულ პრობლემებს;
  • ანეიტრალებს კონფლიქტის პოტენციურ წყაროებს, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნით;
  • ძალაუფლების გადანაწილებით, აგვარებს ურთიერთობას საზოგადოების იმ ჯგუფებს შორის, რომელთაც განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ; ამრიგად, იცავს სუსტებს, ან შეიძლება ექსკლუზიური ძალაუფლება მიანიჭოს გარკვეულ ჯგუფს, ან ინდივიდუალურ პირს.

აქედან გამომდინარე, იმისათვის, რათა გავიგოთ,თუ რას წარმოადგენს ინსტიტუციები, პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდათ მათ შემოქმედებს. ინსტიტუციები წარმოადგენს რთულ სისტემებს, რომლის მიზანიც რთული პრობლემების მოგვარებაა. მათ წარმოშობას განაპირობებს მოლაპარაკებების ან კონფლიქტების, რევოლუციების ან რეფორმების პროცესები. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინსტიტუციების ჩამოყალიბება ხდება კოლექტიური სწავლის პროცესის შედეგად, რომელიც თავისთავად პროცედურული წესების ფარგლებში ხორციელდება, რადგან კონსტიტუციის ჩამოყალიბება დიდ სიფრთხილესა და მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მოსწავლეები ეცნობიან ინსტიტუციის ცნებას, საკუთარი ინსტიტუციის ჩამოყალიბების საშუალებით

სწორედ ეს ძირითადი ხედვა – ინსტიტუციური სტრუქტურის განვითარების კონსტრუქტივისტული განზომილება – უდევს საფუძვლად მოცემულ თავში განხილულ ძირითად ამოცანას. მოსწავლეები პოლიტიკური პრობლემის წინაშე დგანან და მათ ამოცანას წარმოადგენს ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო წესების სტრუქტურის შექმნა. ამრიგად, ისინი ეცნობიან იმ სირთულეებს, რომელსაც მსგავსი ინსტიტუციების შემქმნელები აწყდებიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ მეტი დაკვირვებით განიხილონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, ისევე როგორც ადამიანის უფლებები და ყურადღება გაამახვილონ ამ ინსტიტუციათა დანიშნულებაზე და არა ცალკეულ კანონსა და დადგენილებაზე.

მე–5 თავის მოცემული ვარიანტი წარმოადგენს მე–4 თავის გაგრძელებას, მაგრამ იგი შესაძლოა დამოუკიდებლად, ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი თავის სახითაც მიეწოდოს მოსწავლეებს (ამასთან დაკავშირებით დეტალური მითითებები იხილეთ ქვევით). ორივე შემთხვევაში ამოცანა და შესწავლის საგანი ერთი და იგივეა. პრობლემა, რომელიც მოსწავლეების წინაშე დგას არის ის, თუ როგორ უნდა მართოს მეთევზეთა საზოგადოებამ საერთო რესურსები – თევზის მარაგი ტბაში –  ეფექტურად და მდგრადი განვითარების პრინციპით (იხ. მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი, მასალა მოსწავლეებისთვის 4.2). გადასაჭრელია, სულ მცირე, შემდეგი ოთხი პრობლემა:

  1. როგორ უნდა აირიდონ თავიდან მეთევზეებმა ჭარბი რაოდენობით თევზჭერა და, აქედან გამომდინარე, თევზის მარაგის განადგურება?
  2. როგორ მიაღწიონ მეთევზეებმა მაქსიმალურ მწარმოებლურობას?
  3. როგორ უნდა განახორციელონ მათ შემოსავალის სამართლიანი გადანაწილება?
  4. როგორ უნდა უზრუნველყონ მეთევზეებმა ამ მიზნების განხორციელება არა მარტო მოცემულ მომენტში, არამედ სამომავლოდაც?

მოსწავლეებს ესმით, რაში მდგომარეობს ამ პრობლემათა გადაჭრის პრინციპი. მასალა მოსწავლეებისთვის 4.4 გვაწვდის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო, თევზჭერის მოცულობის ოპტიმალურ მონაცემს (42 ტონა). მეთევზეებს სჭირდებათ წესების სტრუქტურა, რომელიც, მათი ქცევის კონტროლის საუძველზე, ამ მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს. მოსწავლეთა ამოცანას წარმოადგენს ამ სტრუქტურის შექმნა. ზოგადად, მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ „სახელმწიფოსა“ ან „შეთანხმებაზე“. ამ არჩევანთაგან ორივეს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი ელემენტები (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 5.2). ამ ორივე არჩევანთაგან თითოეული რიგ შემთხვევაში წარმატების გარანტიაა, რიგ შემთხვევაში მარცხის მომტანი.14 მოსწავლეთა მიერ გაკეთებული არჩევანი წარმატებული იქნება თუ არა, ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, რაც გულისხმობს თევზჭერის თამაშის რამდენიმე შემდგომი რაუნდის ჩატარებას (იხ. თავი 4), რომელიც ამ თავის დამატებითი სამუშაოს სახით არის მოცემული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, თავი 4–ისა და თავი 5–ის კომბინირება, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები ინსტიტუციური სტრუქტურებისა და რესურსების ეფექტურად მართვის პრინციპებს ეცნობიან – რაც თავისთავად საინტერესო პროექტია, თუმცა დიდ დროს მოითხოვს.

რეალობის მოდელი

მე–4 თავის მსგავსად, მოცემული თავის განმავლობაში, სწავლის პროცესი თამაშის სახით ხორციელდება. მე–4 თავის ბოლო გაკვეთილზე, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაჭრან ჭარბი თევზჭერის პრობლემა მდგრადი განვითარების მიზნების გამოყენებით (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 4.2). მათ განიხილეს, თუ რომელი ინსტიტუციური სტრუქტურა მიესადაგება მოცემულ სიტუაციას (გაკვეთილი 4), თუმცა, მათ ეს საკითხი ძირფესვიანად არ განუხილავთ. მე–5 თავის მოცემული ვერსია არის თევზჭერის თამაშის გაგრძელება, მაგრამ აქ ყურადღება სხვა პრობლემაზეა გამახვილებული: რომელი წესები და კანონები იქნება მეთევზეთა საზოგადოებისთვის ყველაზე ეფექტური?

მე–5 თავში, პროექტის შექმნისა და მეთევზეთა საზოგადოებისთვის საჭირო ინსტიტუციურ სტრუქტურაზე შეთანხმების სიმულაცია ხორციელდება. მოსწავლეები ისევ ერთვებიან თამაშში, როგორც მეთევზეთა საზოგადოების წევრები, მაგრამ, ამჯერად, მათი ამოცანა განსხვავებულია. მათ უნდა შექმნან წესების სისტემა. ზოგადად, ნიმუშის საშუალებით საკითხის შესწავლა, ამსუბუქებს იმ სირთულეებს, რომელიც პრობლემის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების კვლევას უკავშირდება. ეს თამაშიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მოთამაშეებს არ უხდებათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ითევზაონ ან როგორ მოიპოვონ საზრდო, არ არსებობს გარე ფაქტორი, რომელიც მათ მოლაპარაკებას ხელს შეუშლის. თამაშის მიზანს წარმოადგენს წესების სისტემის შექმნა. სწორედ ისე, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება, მოლაპარაკებები შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს – მოთამაშეებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ შეთანხმებას. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური მოლაპარაკებისა და დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  სწავლების წარმატების კრიტერიუმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ბევრი რამ ისწავლონ შეთანხმების მიღწევის მცდელობისას განცდილი მარცხის მაგალითზე.

მასწავლებლის როლი – თამაშის მენეჯერი და თავმჯდომარე

მოცემულ შემთხვევაში, მასწავლებელს, როგორც თამაშის მენეჯერს, კიდევ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს თამაშში, მოსწავლეებისათვის მითითებების მიცემის თვალსაზრისით, ვიდრე მე–4 თავში. მისი ფუნქციაა მოსწავლეების მიერ დროის ეფექტური გამოყენება აკონტროლოს, რათა პროცესი სტრუქტურის ფარგლებში წარიმართოს. სხვა შემთხვევაში, ამგვარ თამაშს, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  სწავლების პროცესში, დატვირთვა არ ექნება. მასწავლებელმა არ უნდა მიუთითოს მოსწავლეებს, თუ რა არჩევანი გააკეთონ. გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავისუფლად მიმდინარეობს და, აქედან გამომდინარე, შედეგების გათვალისწინება შეუძლებელია. მოსწავლეებმა, შეიძლება, ვერ მიაღწიონ სტრუქტურის ჩარჩოზე შეთანხმებას, არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო. ის, თუ რა უდევს საფუძვლად მოსწავლეების მიერ გაკეთებულ არჩევანს, არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე შედეგი.

როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს თავი 5,  დამოუკიდებელი, ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი თავის სახით.

მოცემული თავის სტრუქტურა არ არის განსხვავებული სხვა თავების სტრუქტურისაგან. შემდეგი ცვლილებების შეტანა საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებს მოცემული თავი მიაწოდოთ მე–4 თავისგან დამოუკიდებლად, ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი თავის სახით:

  • მოსწავლეები, მოცემულ თამაშში, მეთევზეთა საზოგადოების წევრებზე უფრო მეტად, მრჩეველთა როლში გამოდიან. მრჩეველები ქმნიან ოთხ ჯგუფს, რომელთაც წესების სისტემის პროექტის მომზადება, განხილვა და საბოლოოდ იმის თაობაზე შეთანხმება ევალებათ, თუ რომელი მოდელი შესთავაზონ საზოგადოებას.
  • პირველი გაკვეთილი პრობლემის შესწავლას ეძღვნება. მოსწავლეებს გასაცნობად ეძლევათ მეთევზეთა კონფლიქტის შემთხვევა (მასალა მოსწავლეებისთვის 4.1 და მდგრადი განვითარების პრინციპები – მასალა მოსწავლეებისთვის 4.2 და 4.4). ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს არ უხდებათ მე–4 თავში მოცემული პრობლემის გადაჭრა, მათ მიზანს წარმოადგენს მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რომელი წესები გაამხნევებს, გააკონტროლებს და თუნდაც აიძულებს მეთევზეთა საზოგადოებას ეფექტურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. მოსწავლეებმა ასევე უნდა გადაჭრან საკუთრების საკითხი.

ამ ცვლილებების გათვალისწინებით მოცემული თავი მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ მე–4 თავისგან დამოუკიდებლად.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეხუთე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეხუთე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პრობლემის ანალიზი, წესების ზემოქმედების შეფასება, პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის კვლევა.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
    თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
    პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
    5 წესები და კანონი ინსტიტუციურ სისტემათა და ქონების მართვის ძირითადი სტრუქტურა

    გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი

    შედარება

    არჩევანის გაკეთება

    სოციალური კონტრაქტი

    ან

    შეთანხმება შესათავაზებელ წინადადებაზე

    მნიშვნელოვანია: წესებისა და კანონების გამოყენება კონფლიქტის ცივილიზებულად მოგვარების პროცესში
    4 კონფლიქტი წესების არარსებობა შობს კონფლიქტს ინტერესთა კონფლიქტის არაფორმალურ გარემოსთან გამკლავება
    2 პასუხისმგებლობა სტიმულმა შესაძლოა ძლიერი გავლენა იქონიოს ჩვენს ქცევაზე სტიმულმა შესაძლოა ძლიერი გავლენა იქონიოს ჩვენს ქცევაზე ვაცნობიერებთ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგებს
    8 თავისუფლება თავისუფლება მოითხოვს წესების სისტემას სუსტთა დასაცავად დებატები, საკუთარი არგუმენტის წამოყენება და დაცვა თავისუფლება და მისი საზღვრები ურთიერთაღიარება
    6 მთავრობა და პოლიტიკა წესები და კანონები წარმოადგენენ  პრობლემათა გადაჭრისა და კონფლიქტის მოგვარების საშუალებებს კომპრომისი, გამოცდა და შეცდომა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

     

    თავი 5: წესები და კანონი – რომელი წესები მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ?

    თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე

    გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

    გაკვეთილი 1 და 2

    რაში სჭირდება საზოგადოებას წესები?

    ანალიტიკური აზროვნება, სამუშაოს დაგეგმვა.

    პოლიტიკური პრობლემის იდენტიფიცირება.

    წესთა სისტემა  საზოგადოების ინსტიტუციურ ხერხემალს წარმოადგენს.

    იერარქია და ქსელი – წესების ორი სისტემა; საზოგადოებრივი და კერძო საკუთრება.

    მოსწავლეები ადგენენ წესების სისტემას თავიანთი საზოგადოებისთვის.

    მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციებს.

    მასალა მოსწავლეებისთვის 5.1, 5.2, 5,4.

    ფლიპჩარტები და მარკერები. თვალსაჩინოების დაფა ან მოსწავლეთათვის დასარიგებელი მასალა.

    თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე.

    მუშაობა პროექტზე.

    გაკვეთილი 3

    რომელი წესები მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ?

    ანალიტიკური აზროვნება: შედარება კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

    მსჯელობა: კრიტერიუმებისა და მიზნების შერჩევა.

    დამოკიდებულება და ღირებულებები: ურთიერთაღიარება.

    ეფექტურობა, ძალაუფლების კონტროლი, წესების აღსრულება, განხორციელებადობა, სამართლიანობა.

    მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ და მსჯელობენ საკუთარ პროექტებზე.

    საშინაო დავალება: მოსწავლეები გადაწყვეტილებას იღებან კონფერენციის ჩარჩოებსა და კონფერენციის გამართვის წესების პროექტზე.

    მასალა მოსწავლეებისთვის 5.3, 5.4,

    ფლიპჩარტები (ან მათი შემცვლელი დაფები).

    პრეზენტაციები.

    დისკუსიები.

    გაკვეთილი 4

    კონფერენცია

    გადაწყვეტილების მიღება.

    კომპრომისი, კონსენსუსის ფარგლები.

    მოსწავლეები ცდილობენ მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

    მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას.

    მასალა მოსწავლეებისთვის 5.4–5.6.

    კენჭისყრა.

    მასწავლებლის ლექცია და დისკუსია.

    14. იხ. ელინორ ოსტრომი, Governing the Commons. The evolution of institutions for collective action, Cambridge University Press, 1990.