გაკვეთილი 4: რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები?

რატომ გვჭირდება ადმიანის უფლებათა ამსახველი კანონმდებლობა დაუცველთა დასაცავად?14

სწავლის მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ:

  • იმ პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების თანაცხოვრების დროს წამოიჭრება.
  • იმ მიზეზების განხილვა, რომლებიც საფუძვლად ედო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების შემუშავებას, განსაკუთრებით, დაუცველი თემებისა და ადამიანებისათვის.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები:

  • ერთვებიან კრიტიკულ ანალიზში და ახდენენ სიტუაციების პრიორიტეტიზაციას.
  • გაითამაშებენ მოწინაარმდეგე მხარეების წარმომადგენელთა როლებს.
  • როლების გათამაშების დასკვნებიდან გამომდინარე, შეიმუშავებენ რამდენიმე ძირითად  პრინციპს და ადარებენ მათ ამ წიგნში გაკეთებულ დასკვნებს.
  • განიხილავენ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს თავიანთ ქვეყანაში.
  • აკეთებენ პრეზენტაციებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სხვადასხვა საკითხზე.
საჭირო მასალა

ბარათების ასლები როლების გათამაშებისათვის (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  3.4)

სიტუაციის ამსახველი ბარათების ასლები თითოეული პატარა ჯგუფისათვის (მოსწავლის  სამუშაო ფურცელი 3.5)

ადამიანის უფლებათა ძირითადი კომპონენტების ნუსხა (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.6)

დიდი ზომის ფურცლები და სხვა მასალები, რაც პრეზენტაციისათვის არის საჭირო.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

კრიტიკული აზროვნება.

დისკუსია.

მოლაპარაკება.

ჯგუფური პრეზენტაცია.

 

ინფორმაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეიქმნა იმ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რომელთაც, მაგალითად, შეზღუდული აქვთ სიცოცხლის უფლება ან რელიგიური თავისუფლება. ყველა იმ ქვეყნის მთავრობა, რომელიც ევროსაბჭოს წევრია, ემორჩილება ამ კონვენციის მუხლებს თავის მოქალაქეთა უფლებების მიმართ. ამ თვალსაზრისით, თითოეული ქვეყანა ანგარიშვალდებულია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სარჩელი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ მოქალაქე თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა. სარჩელის შეტანა შეუძლიათ ქვეყნებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგაც, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩადენილი გენოციდების შემდეგ.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს როლების გათამაშების ბარათებს (სამუშაო ფურცელი  3.4) აცნობს და უხსნის, რომ ორ ჯგუფად უნდა დაიყონ. მასწავლებელი მოსწავლეებს უყვება კუნძულის (შეიძლება გამოიყენოს დაფაზე დაკიდებული რუკა) და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ კუნძულზე დიდი ხანია ცხოვრობენ.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობებს, რომ კუნძულზე მოვიდა ადამიანთა ახალი ჯგუფი, რომელსაც აქ დამკვიდრება სურს. ახალმოსულნი ძალიან განსხვავდებიან კუნძულის მაცხოვრებლებისაგან. მასწავლებელი მოსწავლეებს ახალმოსულთა ცხოვრების წესს აცნობს და კლასს ორ ნაწილად ჰყოფს. საკითხების განხილვის ორი მეთოდი არსებობს, რომლებიც ქვემოთაა წარმოდგენილი. თუ მოსწავლეები როლების გათამაშებას არიან მიჩვეულნი, სასურველია, მასწავლებელმა აირჩიოს პირველი მეთოდი, ხოლო თუ უფრო ფორმალურ მუშაობას ამჯობინებენ – მეორე მეთოდი.

მეთოდი 1: როლების გათამაშება

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ; ერთი არის ახალმოსული, მეორე კი – კუნძულის მაცხოვრებელი.  ბარათებზე აღწერილ თითოეულ სიტუაციას უნდა მიუდგნენ იმ ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ორივეს უწევს საპირისპირო მხარესთან მოლაპარაკების პროცესის დაწყება (მოსწავლეები უშვებენ, რომ ენობრივი ბარიერი არ არსებობს). თითოეულ მოსწავლეს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული შემდეგი:

ა. რა არის მისი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

ბ. რა შედეგებით სურს, დასრულდეს მოლაპარაკება?

მასწავლებელი ახალმოსულებს და კუნძულის მაცხოვრებლებს სთხოვს, ერთგვაროვან წყვილებად დაჯგუფდნენ და ზემოთმოყვანილ ორ საკითხზე შეთანხმდნენ.

მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს, რომ კუნძულის მაცხოვრებლები ვერ დამშვიდდებიან, სანამ არ მოიშორებენ ახალმოსულებს; ახალმოსულები კუნძულის მაცხოვრებელთათვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ და მხოლოდ მათ მიერ კუნძულის დატოვება აღმოფხვრის ამ საფრთხეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალმოსულებს ძალიან მოსწონთ კუნძული და ძალის გამოყენებასაც არ მოერიდებიან, რათა აქ დარჩენა შეძლონ.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაპირისპირებულ წყვილებად ჰყოფს და სთხოვს, აწარმოონ მოლაპარაკებები ბარათებზე მოცემული საკითხების გარშემო პრიორიტეტულად – ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით დაიწყონ და ნაკლებად მნიშვნელოვანი თემები ბოლოსთვის შემოინახონ.

მეთოდი 2: ორგანიზებული დისკუსია

სავარჯიშოს შესრულებისათვის საუკეთესო, თუმცა არა ერთადერთი, მეთოდია როლების გათამაშება. ქვემოთ წარმოგიდგენთ აქტივობას, რომელიც როლების გათამაშების ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ. კლასი უნდა დაიყოს ორ ნაწილად: ერთი ნახევარი წარმოადგენს კუნძულის მაცხოვრებელთა ინტერესებს, ხოლო მეორე – ახალმოსულთა ინტერესებს. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და ცდილობენ, დაიცვან თავიანთი ინტერესები. მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მოლაპარაკების ფორმატი, რა თქმა უნდა, ყველაზე სამართლიანია, თუმცა ისტორიული მაგალითები გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, ერთ-ერთი მხარე უფრო მეტს აღწევს, ვიდრე მეორე. ასეთი შედეგის გამომწვევი მიზეზი არის ძალაუფლება – ის მხარე, რომელსაც აქვს მეტი ძალაუფლება, მოლაპარაკების დროს ხშირად უფრო მომგებიან შედეგებზე გადის.

მასწავლებელი თავად უძღვება დისკუსიის პროცესს. ის არჩევს პრობლემას და ამ პრობლემისადმი ერთ-ერთი ჯგუფის მიდგომას. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მეორე ჯგუფს, წარმოადგინონ საწინააღმდეგო მოსაზრებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მოსწვალეთა ორ ჯგუფს შორის, მასწავლებელი შუამავლის როლს ასრულებს. ერთ პრობლემასთან დაკავშირებით, თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი მოსწავლე გამოდის და აყალიბებს არგუმენტებს თავისი ჯგუფის სახელით. შემდეგ პრობლემაზე მსჯელობისას, სხვა წყვილები გამოდიან და ა.შ.

დისკუსიის შედეგების განხილვა

დისკუსიის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:

  • ადვილი იყო მოლაპარაკების პროცესი თუ რთული? რატომ?
  • ორივე ჯგუფმა იმ შედეგს მიაღწია, რისი მიღწევაც სურდა?
  • რომელმა ჯგუფმა მიაღწია უფრო მეტს? რატომ?
  • რომელიმე ჯგუფს ჰქონდა უფრო მეტი მორალური უფლება? რატომ?
  • როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეთ ადამიანთა ამ ორ ჯგუფს?
  • რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ერთი ჯგუფის დომინირებას მეორეზე?
  • ჩამოაყალიბეთ ის პრინციპები, რომელთა გათვალისწინება დაეხმარებოდა ადამიანთა ამ ორ ჯგუფს მშვიდობიან თანაცხოვრებაში. შეადარეთ პრინციპების ეს ნუსხა ადამიანის უფლებათა ძირითად კომპონენტებს (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.6). რომელი მუხლები დაეხმარებოდათ კუნძულის მაცხოვრებლებს მიწის, ცხოვრების წესისა და საკუთარ უფლებათა შენარჩუნებაში?

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ამგვარი შემთხვევები ისტორიას ახსოვს, მაგალითად, როცა ბრიტანელებმა დაიკავეს ავსტრალია, ან ევროპელებმა – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. იმ დროს არ არსებობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტი და, შესაბამისად, ირღვეოდა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები. ანალოგიური შემთხვევები დღესაც ხდება, როცა სამხრეთ ამერიკის უძველეს მაცხოვრებლებს, საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს ინტერესების გამო, ართმევენ მიწებს.

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვნების აღიარება

წინამდებარე თავის დასასრულს, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, შეარჩიონ ადამიანის ერთ-ერთი უფლება ევროპული კონვენციიდან. მოსწავლეები ამზადებენ ბანერსა და პრეზენტაციას ამ უფლების მნიშვნელოვნებაზე. მოსწავლეებს შეუძლიათ, პრეზენტაციაში როლების გათამაშება ჩართონ და კუნძულზე მაცხოვრებლების ამბავი მოიყვანონ მაგალითად. ასეთი პრეზენტაცია შეიძლება კლასის, ან მთელი სკოლის წინაშე გაკეთდეს. თუ არსებობს სათანადო რესურსები, ეს თემა შეიძლება პროექტადაც იქცეს (იხილეთ მე-5 თავის მე-4 გაკვეთილი, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება ასეთი პროექტების მომზადება).

14. ეფუძნება სამოქალაქო ფონდის (ლონდონი) მიერ შემუშავებულ გაკვეთილს.