თავი 3 ( დაწყებითი სკოლა, 3 კლასი) – ჩვენ ჯადოქრები ვართ!

Living Democracy » Textbooks » თავი 3 ( დაწყებითი სკოლა, 3 კლასი) – ჩვენ ჯადოქრები ვართ!

ა)   გაკვეთილის გეგმა

 

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს, მოაგვაროს პრობლემა?

როგორ შეუძლია ამის გაკეთება ჯადოქარს?

მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ტიპის პრობლემის რეალური და ჯადოსნური გადაწყვეტილების ერთმანეთისაგან გაჩევას. ისინი ქმნიან ჩვეულებრივი ადამიანის ან ჯადოქრის სურათს.

წინასწარ მომზადებული დაფა, მასზე მოსწავლეების მოსაზრებების დასატანად; ნახატები; წებოვანი ლენტი; A4 ფორმატის ფურცელი; ფერადი ცარცი

გაკვეთილი 2

რომელია ბავშვის ძირითადი უფლებები?

ცხოვრების რომელ სფეროებს ეხებათ? ამ პრობლემებს როგორ ვაგვარებთ?

ბავშვთა უფლებების შესახებ საერთო საკლასო დისკუსიის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ყოველდღიური პრობლემების შესახებ რეალური და არარეალური გადაწყვეტილებების ერთმანეთისაგან გარჩევას.

ქაღალდის ფურცლისაგან გამოჭრილი ფიგურები, ფერადი ცარცი და ფანქრები

გაკვეთილი 3

პრობლემის გადაჭრის რა გზები შემიძლია გამოვნახო? როგორ შემიძლია დავეხმარო?

მოსწავლეები ცდილობენ, მოძებნონ შესაძლო გამოსავალი ყოველდღიური რთული სიტუაციებიდან. ისინი მათ მიერვე მოფიქრებული გამოსავლის ინსცენირებას აწყობენ სიტუაციური თამაშის ფორმით.

საჭიროების შემთხვევაში, სასცენო მოწყობილობები სიტუაციური თამაშებისათვის.

გაკვეთილი 4

როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გამოსავალი სიტუაციურ თამაშში? რას ვსწავლობთ ამ გზით?

მოსწავლეები ამზადებენ სიტუაციურ თამაშს და აქტიურად ებმებიან მის გათამაშებაში, გაკვეთილის მსვლელობისას. შემდეგ განიხილავენ თამაშის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

საჭიროების შემთხვევაში, სასცენო მოწყობილობები სიტუაციური თამაშებისათვის.

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

მოსწავლეები დასაწყისშივე აცნობიერებენ, რომ ბევრი რამ მათ კონტროლს არ ექვემდებარება. მათ ცხოვრებაზე პირდაპირ და დიდ ზეგავლენას ახდენს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებზეც მათ, ძალიან ხშირად, არანაირი გავლენა არ აქვთ. მაგრამ ბავშვებს ოცნებების სამყაროში მოგზაურობა შეუძლიათ. არ არის აუცილებელი, ეს რეალური ცხოვრებისაგან გაქცევის მიზნით ხდებოდეს. წარმოსახვითი სამყარო ასევე წარმოადგენს იმ სფეროს, სადაც ახალი გეგმების დასახვა შესაძლებელი ხდება, სადაც გამოცდილებების გაანალიზება და ძალების მოკრება უფრო მოსახერხებელია, სანამ ადამიანი რეალურ სამყაროს დაუბრუნდება.

მესამე თავში მოცემული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ, მოსწავლეებში წარმოსახვის უნარი გააღვიძოთ და მისცეთ მათ შესაძლებლობა, რათა თავიანთი მოსაზრებები რეალურ ცხოვრებას მიუსადაგონ.

V5_P16

მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ისინი ჯადოქრები არიან. რამდენ ბავშვს (და მოზარდსაც) უნატრია, დროგამოშვებით, რომ ჯადოქრის შესაძლებლობებს ფლობდეს! მოცემული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათ გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი სიტუაციების იდენტიფიცირება, რომელთა შემთხვევაშიც კარგი გამოსავლის პოვნაა აუცილებელი და უნდა ეცადონ, ასეთი გამოსავალი ერთად იპოვონ. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეები წარმოსახვით სამყაროში იმაზე მეტ ხანს არ დარჩნენ, ვიდრე ეს საჭიროა. ასევე, მათ უნდა სცადონ, გამოსავალი მათ გარემოში არსებული პრობლემიდანაც მოძებნონ და პრაქტიკულად მოახერხონ პრობლემის გადაჭრა. ჩვენ გთავაზობთ ისეთ თემებს, როგორიცაა სუფთა გარემო საკლასო ოთახსა და სკოლის სათამაშო მოედანზე.

მოცემული თავი აგებულია საკლასო ოთახში მიმდინარე კომუნიკაციაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში ბავშვები შესაბამისად იყვნენ განლაგებული. ჯგუფებში მუშაობისას, ჯგუფის წევრები ერთმანეთის პირისპირ უნდა ისხდნენ, და არა ყველა ერთი მიმართულებით, პირით დაფისაკენ. ბავშვების რიგებად განლაგება არ არის ხელსაყრელი რიგის ბოლოში მსხდომი მოსწავლეებისათვის, ნაცვლად ამისა, მოსწავლეები უნდა ისხდნენ წრეზე ან მაგიდის გარშემო.

ამ გაკვეთილის ჩატარების თარიღი მასწავლებლის გადასაწყვეტია, თუმცა სასურველია ნოემბრის მეორე და მესამე კვირა, რადგან ემთხვევა 20 ნოემბერს – ბავშვთა საყოველთაო დღეს. (იხ. ასევე შეთავაზებები მეოთხე გაკვეთილის ბოლოს).

გ)   ძირითადი კითხვები ბავშვთა უფლებების შესახებ შეძენილი ცოდნისა და უნარების შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

სკოლა მიკროსაზოგადოებას წარმოადგენს. მოსწავლეები ერთად განიხილავენ პრობლემებს და ცდილობენ, ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემებიდან, რომლებიც მათ კლასში იჩენს თავს და რომლებსაც ადგილი აქვს მათ ცხოვრებაში. ისინი ესაუბრებიან ერთმანეთს, და არა მხოლოდ მასწავლებელს.

მუხლები 13, 14, 28, 31 (იხ. დანართი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ)

მოსწავლეები ფიქრობენ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე და იწყებენ რეალური, პრობლემური სიტუაციებიდან გამოსავლის ძიებას, პრობლემებიდან, რომლებიც დგას მათ წინაშე ან მათი სხვა თანატოლების წინაშე.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

ჩვენ ერთმანეთს მოვუსმინეთ და შევიტყვეთ, რომ ჩვენი სურვილები და პრობლემები, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან განსხვავებულია. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ შეიძლება ამგვარი პრობლემებიდან გამოსავლის ერთად პოვნა.

მე ვიცი, რომ ბავშვებს განსაკუთრებული უფლებები აქვთ, მათ ბავშვთა უფლებები ეწოდება. ვიცი, რომ არსებობს ბავშვთა საყოველთაო დღე, რომელიც 20 ნოემბერს აღინიშნება.

მე შემიძლია, ერთმანეთისაგან განვასხვავო ჯადოქრობა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრა.

მე ვიცი, რომ როგორც მე, ასევე, სხვა ადამიანებსაც აქვთ უფლებები; მე რაიმე უნდა მოვიმოქმედო, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ  ეს უფლებები დაცულია – როგორც ჩემი უფლებები, ასევე სხვა ადამიანების უფლებები. პრობლემიდან გამოსავლის პოვნა მარტივი არ არის, ჩვენ ყველა პრობლემის ერთად მოგვარება არ შეგვიძლია. ზოგიერთი ჩვენი სურვილის ასრულებას დიდი დრო სჭირდება.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1

მოსწავლეები კლასში განლაგდებიან ნახევარწრეზე, ისე რომ თითოეული ბავშვი დაფას კარგად  ხედავდეს.

მასწავლებელი დაფაზე ხატავს ორ ფიგურას, მათგან ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, ხოლო მეორე – ჯადოქარი. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში; ისინიც ხატავენ ამგვარ ფიგურებს და ცდილობენ, ერთად გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რა განსხვავებაა ჯადოქარსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის?
  • როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი გარკვეულ სიტუაციებში?
  • როგორ იქცევა ჯადოქარი იმავე სიტუაციებში?

მოსწავლეებს, წახალისების მიზნით, დაევალებათ კონკრეტული სიტუაციების  მოფიქრება. მასწავლებელი ყველა მოსწავლის პასუხს შეაგროვებს და გადაიტანს დაფაზე, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

ჩვეულებრივი პიროვნება

ჯადოქარი

სიტუაცია 1 (მაგ: შიმშილი)

სიტუაცია 2 (მაგ: სიღარიბე)

სიტუაცია 3 (მაგ: მოწყენილობა)

სიტუაცია 4 (მაგ: დაბადების დღე)

და ა.შ.

მოსწავლეები განიხილავენ პრობლემების მოგვარების გზებს. რა თქმა უნდა, გაჩნდება ახალი კითხვები:

  • შეგიძლიათ ამოარჩიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა კარგი ჯადოქრის მიერ ან ცუდი ჯადოქრის მიერ? როგორ მოიქცეოდა კარგი ჯადოქარი ან ცუდი ჯადოქარი მოცემულ სიტუაციებში?
  • ბოლოს როდის ინატრეთ, ჯადოქარი ყოფილიყავით და რისი შეცვლა გსურდათ მაშინ?
  • რა არის თქვენი ყველაზე სანუკვარი ნატვრა მოცემულ მომენტში? როგორ აისრულებდი ამ ნატვრას ჯადოქარი რომ იყო ? როგორ აისრულებდი მას რეალობაში?
  • და ა.შ.

მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან  მოსაზრებები და ყველა მათგანის პასუხს მოწონება ხვდეს წილად. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ მათ შემდეგი რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში არაერთხელ მოუწევთ ჯადოქრებზე საუბარი და დავალებას აძლევს, მოიძიონ ჯადოქრების სურათები ჟურნალებში ან წიგნებში და, თუ შესაძლებელია, მოიტანონ მათ მიერ მოძიებული სურათები მომდევნო გაკვეთილებზე. შეგროვილი სურათებით მოსწავლეები მცირე გამოფენას მოაწყობენ საკლასო ოთახში.

გაკვეთილის დარჩენილი დროის განმავლობაში, მოსწავლეებმა უნდა დაასრულონ მათ მიერ დაწყებული ჩვეულებრივი ადამიანისა და ჯადოქრის სურათები და გააფერადონ ისინი. ამ ნახატების   წარმოადგენა შესაძლებელია  გამოფენაზე.

გაკვეთილი 2 ( ხანგრძლივობა: დაახლოებით 1½ გაკვეთილი)

შესავალი: გამოფენის დათვალიერება და კომენტარის გაკეთება. მასწავლებელმა დროგამოშვებით უნდა შეახსენოს მოსწავლეებს, რომ კლასში უნდა მოიტანონ ჯადოქრების სურათები, წიგნები ჯადოქრებზე და დაასრულონ თავიანთი ნახატები.

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უამბობს ბავშვთა ათი პრინციპის შესახებ. უხსნის, რომ წლების წინ წერილობითი სახით იქნა შედგენილი განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც ბავშვების ცხოვრებასა და მათ მდგომარეობას ეხება. ამ ეტაპზე რეკომენდებულია, მოსწავლეებს წაუკითხოთ ბავშვის უფლებათა დეკლარაცია (1959 წელი), რომელიც მასწავლებელმა შეიძლება გაამარტივოს, შეამოკლოს და ბავშვებისათვის გასაგები ენით გადმოსცეს.

მასწავლებლის პრეზენტაცია უნდა იყოს მაქსიმალურად ბავშვზე ორიენტირებული, შექმნილი რეალური ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებისგან.

შესაჯამებლად მასწავლებელმა  დაფაზე უნდა ჩამოწეროს მნიშვნელოვანი საკითხები.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ:

  • ბავშვთა უფლებების არსებობა;
  • ეს უფლებები თანაბრად ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე;
  • ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება  და შესაძლებლობა, იზრდებოდნენ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და ნორმალურ პირობებში (ეს მოიცავს: ფიზიკურ, მორალურ, სულიერ და სოციალურ განვითარებას).
  • ბავშვის თავისუფლებისა და პირადი ღირსების პატივისცემა.

ამის შემდეგ მასწავლებელი იატაკზე ათავსებს გოგონებისა და ვაჟების 20 ფიგურას, რომელიც მასწავლებლის ან მოსწავლეების მიერ არის ამოჭრილი წინასწარ. მასწავლებელი ამ ფიგურებს ოთხ ჯგუფად ყოფს და ისე განალაგებს იატაკზე. თითოეულ ჯგუფს აქვს კონკრეტული პრობლემა:

  • 1 ჯგუფში  საფრთხის წინაშეა  ფიზიკური კეთილდღეობა (საკვები, ჯანმრთელობა).
  • 2 ჯგუფში საფრთხის წინაშეა სულიერი კეთილდღეობა (დისკრიმინაცია, კონფიდენციალურობის უფლება).
  • 3 ჯგუფში საფრთხის წინაშეა განათლების მიღების შესაძლებლობა (ინფორმაციის მოპოვების უფლება, განათლების მიღების უფლება).
  • 4 ჯგუფში საფრთხის წინაშეა სოციალური გარემო (ოჯახი, მეგობრები).

ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ოთხ ჯგუფად ყოფს და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ, რა შეიძლება ჭირდებოდეს ან აკლდეს ბავშვს. შემდეგ ამოჭრილ ფიგურებზე ჩამოწერონ წინადადებები სიტყვა „მე“-ს გამოყენებით. მეორე ჯგუფის შემთხვევაში მაგ: „ხალხი დამცინის, რადგან მე უცხოელი ვარ“, „მე ვიტანჯები, რადგან არ მყავს მეგობრები“  და ა.შ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები განსაზღვრავენ ბავშვების საჭიროებებს და ამას ფურცლისაგან გამოჭრილ ფიგურებს დააწერენ, ჯადოქრების ჯერი დგება. მათ ეძლევათ ასეთი დავალება:

  • განიხილეთ თითოეული ბავშვის სიტუაცია და შეეცადეთ, გაარკვიოთ, რისგან იტანჯება?
  • როგორ შეუძლია მათი დახმარება ჯადოქარს? რისი გაკეთება შეუძლია ჯადოქარს ბავშვებისათვის, რათა მათ თავი უკეთ იგრძნონ არა მხოლოდ მოცემულ მომენტში, არამედ მომავალშიც?
  • როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, რომ უკეთ იგრძნოს თავი?
  • როგორ უნდა მოიქცეს ჩვეულებრი ადამიანი, რომ ბავშვმა უკეთ იგრძნოს თავი?

მოსწავლეები ორ ჯგუფად სხდებიან წრეზე და განიხილავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

გაკვეთილი 3

მასწავლებელი მათ კიდევ ერთხელ უმეორებს ბავშვთა უფლებების 10 პრინციპს და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, რომლებშიც შესაძლოა აღმოჩნდნენ მათი თანაკლასელები, მეგობრები, მათი თანატოლები ან უფროსკლასელი მოსწავლეები, ან თავად ისინი და რომლებიც მათთვის არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. გარემო ან სიტუაციები, რომლებსაც მოსწავლეები დაასახელებენ, შეიძლება მოიცავდეს:

ადგილებს:

  • საკლასო ოთახი;
  • სკოლის სათამაშო მოედანი;
  • სკოლისაკენ მიმავალი გზა.

სიტუაციებს:

  • კამათი და უთანხმოება;
  • საუზმის გარეშე დარჩენა;
  • სკოლაში გამოცხადება საშინაო დავალების გარეშე;
  • ვინმესგან ფიზიკური შეურაცხყოფის მიღება;
  • მეგობრების გარეშე ყოფნა;
  • ზამთარში თბილი ქურთუკის გარეშე ყოფნა;
  • შესაბამისი სპორტული აღჭურვილობის გარეშე დარჩენა.

მითითება: მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ პატარა ჯადოქრების როლი. მათ უნდა სცადონ, გამოსავალი იპოვონ ამ არასასიამოვნო სიტუაციებიდან.

პლენარულ სესიაზე კლასის ყველა მოსწავლე ერთად განიხილავს ორ ან სამ სიტუაციას. ამის შემდეგ მოსწავლეები მცირერიცხოვან ჯგუფებში ნაწილდებიან და თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ სიტუაციას, რომლიდანაც მათ უნდა იპოვონ გამოსავალი. მოსწავლეების ჯგუფი უნდა მოემზადოს მათ მიერ შერჩეული სიტუაციის გათამაშებისათვის და ამ ინსცენირებაში გარვეული გამოსავალი მოძებნოს სიტუაციიდან.

მასწავლებელი დახმარებას უწევს მოსწავლეთა ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში, სთავაზობს მათ იდეებს და უსმენს მათ მსჯელობას. მეოთხე გაკვეთილზე მოსწავლეებს მოუწევთ, წარმოადგინონ თავიანთი სიტუაციები, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ კოსტიუმები და დეკორაციები, შთამბეჭდავი სცენების წარმოსადგენად.

გაკვეთილი 4

მოსწავლეები კლასის წინაშე გამართავენ ჯგუფების მიერ მომზადებულ წარმოდგენებს (თითოეული წარმოდგენის ხანგრძლივობა 5 წუთი).

ამის შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ სცენების განხორციელება ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაგ: ვინ აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში? რა მოიმოქმედეთ ამ დროს ?).

ბიოლოს ჩატარდება შემაჯამებელი დისკუსია სხვადასხვა  პრობლემური სიტუაციის  გადწყვეტასთან დაკავშირებით.

პროექტი  შეიქმნება  ბავშვთა საყოველთაო დღის აღსანიშნავად (20 ნოემბერი), რისთვისაც ბავშვები საგანგებოდ მოემზადებიან (ბავშვთა უფლებების საკომუნიკაციო პლაკატების მომზადება, როლური წარმოდგენების გამართვა კლასში და ა.შ.)