გაკვეთილი 1: სურვილები და საჭიროებები: რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: სურვილები და საჭიროებები: რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ განასხვაონ სურვილები ძირითადი საჭიროებებისაგან

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ინდივიდუალური სურვილები – საგნები, რომლებიც მათ სურთ, რომ ჰქონდეთ და იდეები, რომლებიც მათ სურთ, რომ განახორციელონ – ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის საგნები, რომლებიც ადამიანს ფაქტობრივად სჭირდება, რათა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები არჩევენ სურათებს, რომლებიც მათ სურვილებსა და საჭიროებებს გამოხატავს და განიხილავენ მათ და გამოაქვთ დასკვნები.
რესურსები ზონარი (ქსოვილის ზოლი), თოკის სარჭები, ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო.

ინფორმაცია

ადამიანის უფლებებს აქვს როგორც ეთიკური, ასევე სამართლებრივი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, აშკარაა, რომ თითოეული პიროვნება თავად განსაზღვრავს, რომელი უფლებაა მისი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული. გარდა ამისა, აუცილებელია იმის გაცნობიერება – განსაკუთრებით მოზარდებისათვის – რომ ყველა საჭიროება არ წარმოადგენს იმ ძირითად საჭიროებებს, რომლებიც უფლებებად იქნა აღიარებული, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  სტანდარტებით. სურვილებსა და საჭიროებებს შორის გარჩევა, იმის გაცნობიერება და პატივისცემა, რომ ადამიანები შეიძლება გარკვეულ უფლებებს სხვა უფლებებზე მაღლა აყენებდნენ და, ამავდროულად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩოების არსებობის მნიშვნელობის აღიარება წარმოადგენს პროცესს, რომელიც ხანგრძლივ სწავლას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე თავში არ ვეხებით ადამიანის უფლებათა სამართლებრივ ასპექტებს, მასწავლებლებისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ იურიდიული ხელშეკრულებები – რომლებსაც ხელს აწერენ და რომელთა დებულებების შესრულებაზეც თანხმდებიან და ვალდებულებას იღებენ  სახელმწიფოები – ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმატიულ ჩარჩოებს. ევროპის მასშტაბით, ძირითად სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).4

გაკვეთილის აღწერა

საკლასო ოთახი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლონ ოთხ-ოთხი ან ექვს-ექვსი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა. მასწავლებელი, გაკვეთილის მსვლელობისას, საჭირო მასალას ათავსებს ცალკე მაგიდაზე, რომლიდანაც მოსწავლეებს შეუძლიათ აიღონ მასალა, რომელიც მათ დასჭირდებათ და გაკვეთილის ბოლოს თავის ადგილზე დააბრუნონ ის. საკუთრება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, და როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებელიც, საკლასო ოთახს საკუთარ საცხოვრებელ სივრცედ უნდა აღიქვამდნენ და შესაბამისად ზრუნავდნენ მასზე. საკლასო ოთახის კედლებზე რაც შეიძლება ბევრი (ათობით და შესაძლებელია ასობით) გაზეთიდან ამონაჭერი სურათები უნდა იყოს გამოფენილი.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დადგნენ კედლის წინ, რომელზეც სურათებია გამოფენილი და იწვევს მათ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად:

  • რა გამოცდილება მიიღეთ, როდესაც სურათებს აგროვებდით?
  • იყო ისეთი რამ, რამაც თქვენი გაოცება გამოიწვია? და თუ იყო, რა?

რამდენიმეწუთიანი შესავალი საუბრის შემდეგ მასწავლებელი ორ მოსწავლეს აძლევს დავალებას, ბოლოებით დაიჭირონ ზონარი (დაახლოებით 4 მეტრი სიგრძის) და 12 სამაგრი. ამის შემდეგ, მასწავლებელი იღებს წინასწარ მომზადებულ ორ ბარათს, რომელთაგანაც ერთზე წერია „სურვილები“, ხოლო მეორეზე – „საჭიროებები“. ამ ბარათებს მასწავლებელი ზონარის ორ ბოლოში ამაგრებს და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ, თუ რომელ სურათებს მოათავსებდნენ ისინი ბარათის ქვეშ, რომელზეც დატანილია წარწერა „სურვილები“ და რომელს – ბარათის ქვეშ, რომელზეც დატანილია წარწერა „საჭიროებები“. მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე გონებაში დაახარისხებს სურათებს, მასწავლებელი სთხოვს ორ მოსწავლეს, მათ მიერ არჩეული სურათები შესაბამისი ბარათის ახლოს დაკიდონ და ახსნან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მასწავლებელი შეეცდება, მოსწავლეებს აუხსნას განსხვავება სურვილებსა და საჭიროებებს შორის, მათთან საუბრისა და დისკუსიის საშუალებით, მაგრამ არ უნდა მიაწოდოს მათ განმარტებები, ნაცვლად ამისა, მან უნდა მოისმინოს მოსწავლეების მიერ გამოთქმული განმარტებები, შეაგროვოს და დაახარისხოს ისინი.

მოსწავლეები მუშაობენ ოთხ-ოთხი ან ექვს-ექვსი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. მათ ეძლევათ შემდეგი დავალება: თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს 10 სურათი, 5 – სათაურით „სურვილები“ და 5  – სათაურით „საჭიროებები“. თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეასრულოს წერითი სამუშაო (მასწავლებელი თავად არჩევს ამ ეტაპზე გამოსაყენებელ მეთოდს, იგი მოსწავლეებს ან ურიგებს სამუშაო ფურცლებს, ან დავალების პირობას წერს დაფაზე).

დავალება და პრეზენტაცია:

  • საკლასო ოთახში წარმოდგენილი სურათებიდან თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს 10 სურათი. ამათგან 5 სურათი უნდა განეკუთვნებოდეს კატეგორიას „სურვილები“, ხოლო დანარჩენი 5 – კატეგორიას „საჭიროებები“ (იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი ჯგუფი არჩევანს ერთსა და იმავე სურათზე აკეთებს, დაეხმარეთ მათ გამოსავლის პოვნაში).
  • მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ თავიანთ არჩევანს და ცდილობენ, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
    • რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის?
    • რა მოხდებოდა, რომ არ მქონდეს ეს?
    • რა მინდა, მქონდეს და რას მინდა მივაღწიო შემდგომ ცხოვრებაში?
    • რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც გოგონასათვის/ვაჟისათვის?
  • ამის შემდეგ მოსწავლეებმა მათ მიერვე შერჩეული სურათები უნდა დაახარისხონ იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი და რომელი – ნაკლებ მნიშვნელოვანი და მათ უნდა შეძლონ ამგვარად დახარისხების მიზეზის ახსნა. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი ჯგუფი უნდა იზიარებდეს.
  • ჯგუფის ორი წევრი ბოლოებით იჭერს ზონარს, რომელზეც მოსწავლეების მიერ შერჩეული თანამიმდევრობით არის დაკიდებული სურათები და ჯგუფის ერთი წევრი განმარტავს ჯგუფის არჩევანის მიზეზებს, ამავდროულად, საკმარისია არა ყველა სურათის, არამედ მხოლოდ პირველი და უკანასკნელი არჩევანის განმარტება. ბოლოს, მოსწავლეებმა უნდა სცადონ, საკუთარი სიტყვებით ახსნან განსხვავება სურვილებსა და საჭიროებებს შორის და, ასევე, შეეცადონ, განმარტონ ეს ორივე ტერმინი.

მოსწავლეების მიერ შექმნილი ზონრები, მათზე დაკიდებული სურათებით, უნდა გამოიფინოს კედელზე (ან საკლასო ოთახის სხვა რომელიმე ადგილზე).

4. ETS No. 5, რომელზეც ხელის მოწერა დაიწყო 1950 წლის 4 ნოემბერს და რომელიც ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს.