2.1 ამოცანა

Living Democracy » Textbooks » 2.1 ამოცანა

მასწავლებლები, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ საქმეს,მუდმივად დგანან თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობის დამტკიცების პრობლემის წინაშე. რამ განაპირობა ჩემ მიერ ამა თუ იმ მიზნის დასახვა თუ თემის შერჩევა?

სწავლების მიზნების განსაზღვრა და თემების შერჩევა სწავლებასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია. არ შეიძლება მიზნების გადმოღება და მათი მორგება საკუთარ საჭიროებებზე, არც მათი დოგმატურად თავს მოხვევაა რეკომენდებული. ნაცვლად ამისა, საჭიროა მიზნების დეტალური შესწავლა, ისინი უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს და უნდა იყოს დასაბუთებული. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწავლების მიზნები თავისი მოსწავლეების სწავლის პირობებს მოარგოს და მიუსადაგოს (იხილეთ თავი 1, სწავლებისა და სწავლის პირობები).

მას შემდეგ, რაც მიზნები უფრო ჩამოყალიბებულ და კონკრეტულ სახეს მიიღებს, საჭიროა, მათში ჩავრთოთ შინაარსობრივი ასპექტები. მაგრამ არა მანამდე, სანამ გარკვევით არ გვექნება განსაზღვრული, თუ რა დონეს უნდა მივაღწიოთ შესწავლის საგნის შინაარსთან დაკავშირებით, ანუ მოსწავლეებისათვის გასაცნობ თემასთან დაკავშირებით. გაძლევთ შერჩეული თემა თქვენ მიერ დასახული სწავლების მიზნების განხორციელების საშუალებას?

სწავლების დაგეგმვის პროცესში, შინაარსობრივ ასპექტებზე მუშაობა რთულია და, ამავე დროს, საკმაო დროსაც მოითხოვს. ერთი შეხედვით მცირე ძალისხმევა საკმარისად გვეჩვენება, ვინაიდან სასკოლო პროგრამები, ამასთან დაკავშირებით, გვაძლევს მკაფიო და გარკვეულ მიმართულებებს და სასწავლო საშუალებები დეტალურ ინფორმაციას აწვდის მასწავლებლებს. თუმცა ძირითად ამოცანაზე პასუხისმგებელი თავად მასწავლებელია: იგი ძირფესვიანად უნდა იყოს ინფორმირებული და საფუძვლიან ცოდნას ფლობდეს იმ სფეროში, რომლის სწავლებასაც გეგმავს, საჭიროა ამ სფეროს სტრუქტურის შედგენა, მისი დაწვრილებითი შესწავლა, ანალიზი, კრიტიკული თვალით შეფასება, თემებისა და სწავლების მიზნების გონივრული შერჩევა, საკუთარი გადაწყვეტილების განხილვა ფართო კონტექსტში, იმის შეფასება, თუ რამდენად იძლევა შერჩეული თემა  დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას და ა.შ. აღნიშნული ამოცანა უპირატესი მნიშვნელობისაა, ვინაიდან შესასწავლი თემების სპექტრი ძალიან ფართოა, მაშინ როცა სწავლების დაგეგმვისა და თავად სწავლების პროცესისათვის გამოყოფილი დრო – შეზღუდულია.

ქვემოთ მოცემული კითხვები და მათგან გამომდინარე გარკვეული ქვეკითხვები ემსახურება მასწავლებლის თვითკონტროლს და მიზნად ისახავს მასწავლებლების დახმარებას თემების შერჩევისა და მომზადების რთული პროცესისათვის თავის გართმევის საქმეში. რეკომენდებულია, თითოეულმა მასწავლებელმა ითანამშრომლოს სხვა მასწავლებლებთან და, შესაძლოა, მოსწავლეებთანაც.