2 – სამუშაო ფურცელი 5: მოსწავლეების შეფასება – შეფასების გავლენა თვითაღქმაზე

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 5: მოსწავლეების შეფასება – შეფასების გავლენა თვითაღქმაზე

სასკოლო შეფასება გავლენას ახდენს ისეთ ხილულ ასპექტებზე, როგორიცაა მოსწავლეების კვალიფიკაცია და პოზიცია საზოგადოებაში და, აქედან გამომდინარე, მათ მომავალ კარიერასა და ისეთ პიროვნულ ასპექტებზე, როგორიცაა შეხედულება საკუთარ თავზე, თვითშეფასება და ზოგადი წარმოდგენა საკუთარ კომპეტენციებსა და შესაძლებლობებზე. სკოლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლის თავდაჯერებაზე. მისი პირდაპირი გავლენა დამოკიდებულია მოსწავლეთა შეფასების იმ გზებსა და საშუალებებზე,  რომელსაც ირჩევს და ახორციელებს სკოლა.

სოციალური კრიტერიუმი

ვინაიდან სკოლაში სწავლება სოციალურ კონტექსტში მიმდინარეობს, საზომად სოციალური კრიტერიუმის გამოყენება მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კომპეტენციების შესახებ, სხვა მოსწავლეებთან შედარების საშუალებით. ამავე დროს, კომპეტენციების შეფასება სოციალური შედარების პერსპექტივიდან ძლიერ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის მიერ საკუთარ თავზე შეხედულების ჩამოყალიბებასა და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაზე.

ინდივიდუალური კრიტერიუმი

შეფასებისას ინდივიდუალური კრიტერიუმის გამოყენება გულისხმობს პიროვნების პირადი მიღწევების შეფასებას. რა სხვაობა შეინიშნება გასულ თვესა და მიმდინარე თვეში, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, მოსწავლის მიღწევების თვალსაზრისით? ამ შემთხვევაში გამოიყენება დროებითი შედარების მეთოდი. მოზარდები უპირატესობას ანიჭებენ შეფასების ამ ინსტრუმენტს. გარკვეული დროის პერიოდში მიღწეული პროგრესის შეფასება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეს მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი მოღვაწეობის შესახებ, თუ რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა იგი. ამგვარი შეფასებისას, კონკრეტული მოსწავლის მიღწევები არ შედარდება სხვა მოსწავლეების მიღწევებთან. ყურადღება გამახვილებულია ინდივიდუალურ მიღწევებსა და პროგრესზე. შეფასების ამგვარი ფორმა მისაღებია ფორმალური სწავლის პროცესისაგან განსხვავებულ გარემოში წარმოებულ სწავლის პროცესშიც, რომელიც სკოლის ფარგლებს მიღმა ხორციელდება  და სადაც მოსწავლე საკუთარ კომპეტენციებს ავტონომიურად აფასებს.

ობიექტურობის კრიტერიუმი

აკადემიური მიღწევები უნდა შედარდეს სწავლის მიზნებთან. სწავლაში მიღწეული ინდივიდუალური პროგრესი რეალურად მიღწევად მიზნებთან უნდა განიხილებოდეს. შეფასების ეს გზა წარმოადგენს მიზანზე დაფუძნებულ ნორმას და შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც განსაზღვრულია როგორც საუკეთესო შედეგი. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოსწავლის მიღწევები არ უნდა შევადაროთ  სხვა მოსწავლეების შედეგებს. კრიტერიუმებზე აგებული ტესტები ნათლად განსაზღვრულ მიზნებზეა ორიენტირებული. მათი საშუალებით ფასდება მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ, გარკვეულ მახასიათებლებთან შედარებით. ამგვარი შეფასება გულისხმობს მასწავლებლის მიერ იმ მიზნების დასახვას, რომელსაც უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა და, რა თქმა უნდა, მოიცავს მოსწავლეებისათვის ამ მიზნების გაცნობას.  ამ სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის თანახმად, მოსწავლეების მიღწევათა ერთმანეთთან შედარების სოციალური პროცესის ჩართვა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეფასებაში არ გამოიყენება ობიექტურობის კრიტერიუმი.

რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ მოცემული მსჯელობიდან? იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიზანი მოსწავლის მიერ საკუთარ თავზე შეხედულების ჩამოყალიბებასა და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაზეა ორიენტირებული, შეფასება უნდა წარიმართოს ობიექტურობის კრიტერიუმის დაცვით. მასწავლებლის მიერ ჩამოყალიბებული მიზნები უნდა იყოს ნათელი და გარკვეული და მასწავლებელი ვალდებულია, ეს მიზნები გააცნოს საკუთარ მოსწავლეებს.