გაკვეთილი 2: ცოდნა და უნარები – დიდი ძალაა!

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: ცოდნა და უნარები – დიდი ძალაა!

მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციებს მედიასაშუალებების შესახებ

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მრავალფეროვანი მედიასაშუალების გამოყენების უნარს ფლობენ ისინი, ან, პირიქით, თუ რამდენად შეზღუდულია იმ მედიასაშუალებების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ. მასწავლებელი მათ აწვდის ძირითად ინფორმაციას მედიასა და მისი მოხმარების შესახებ.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ამზადებენ მედიასაშუალებების გამოფენას საკლასო ოთახში და, ამავდროულად, ეცნობიან ერთ-ერთი კონკრეტული მედიასაშუალების მუშაობის პრინციპს.
რესურსები მოსწავლეების კუთვნილი მედიამოწყობილობები, სკოლის საკუთრებაში არსებული მედიამოწყობილობები, მასწავლებლებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, მე-9 თავის 1-ლი და მე-2 გაკვეთილებისათვის, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები მეთოდის განსაზღვრა მასწავლებლის მიერ შერჩეული გარემოს გათვალისწინებით.

გაკვეთილის აღწერა

წინა, 1-ლი გაკვეთილის დასასრულს, მასწავლებელი (ან მოსწავლეთა ჯგუფი) ამზადებს მაგიდას, სადაც უნდა მოეწყოს გამოფენა. იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახი საიმედოდ და უსაფრთხოდ იკეტება, მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარ მოიტანონ მოწყობილობები და დატოვონ საგამოფენო მაგიდაზე. მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლეების მიერ მოწყობილობების კლასში მოტანის პროცესი და უპასუხოს მათ ნებისმიერ შეკითხვას. აუცილებელია მშობლების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს სახლიდან მოწყობილობების მოტანა კლასში.

მას შემდეგ, რაც გამოფენა მოსწავლეების მიერ მოტანილი მოწყობილობებით შეივსება და ყველაფერი ადგილზე მოთავსდება, მასწავლებელი ნიშნავს „გამოფენის ექსპერტთა ჯგუფს“, მოსწავლეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან გამოფენაზე და ვის მოვალეობაშიც შედის სხვა მოსწავლეების დახმარება. ამ ასაკის მოსწავლეებს უკვე კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეპყრონ მოწყობილობებს.

მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლის დახმარებით, ადგენენ სიას, სადაც მითითებული იქნება, მოსწავლეთა რომელი ჯგუფი რომელ მოწყობილობაზე მუშაობს. სიაში ასევე მითითებული უნდა იყოს მოსწავლეების ჯგუფის მიერ კლასის წინაშე პრეზენტაციით გამოსვლის დრო. კლასში მოსწავლეების რაოდენობისა და შერჩეული მოწყობილობების მიხედვით, შესაძლებელია პრეზენტაციებს ერთზე მეტი გაკვეთილი დასჭირდეს (იხილეთ მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები).

შედგენილი სია უნდა გამოიფინოს თვალსაჩინო ადგილზე, საკლასო ოთახში, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, გაეცნოს მას და ნებისმიერ დროს გადაამოწმოს მასზე დატანილი ინფორმაცია, რაც, ასევე, თვითორგანიზებულ სწავლას უწყობს ხელს. შედგენილი სია შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:

მედიამოწყობილობა

ჯგუფის წევრები

პრეზენტაციის თარიღი, დრო და პრეზენტაციის ხანგრძლივობა
ვიდეოჩამწერი

ტიმი, მირკა, სუზანი, მარიო

ოთხშაბათი, 14 თებერვალი, 09:00; 20 წუთი
ციფრული კამერა ლენა, ლიზა, სოფი, იანი ოთხშაბათი, 14 თებერვალი, 09:00; 20 წუთი

ამ გაკვეთილის დამატებითი ელემენტის სახით, მასწავლებელს შეუძლია მოამზადოს მცირე პრეზენტაცია, რომლითაც იგი მოსწავლეების წინაშე უნდა წარსდგეს გამოფენის დახურვის შემდეგ. მასწავლებლის პრეზენტაცია დაახლოებით 10 წუთიანი უნდა იყოს და შესაძლებელია იყოს ორი ტიპის, როგორც ეს აღწერილია ქვევით, მაგრამ ასევე შესაძლებელია მასწავლებელმა თავისი შეხედულების მიხედვით მოამზადოს იგი:

მედია და დემოკრატია. პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენს, ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მოსწავლეებს მედიის ფუნქციაზე ჩვენს საზოგადოებაში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ამ თემაზე მომზადებული მასალა უნდა შეიცავდეს ძირითად ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება საკითხის ეტაპობრივ გაცნობიერებაში (იხილეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მასალა, მე-9 თავი, გაკვეთილი 1).

ტელევიზია და თანამედროვეობა. ალტერნატივის სახით, მასწავლებელს შეუძლია პრეზენტაციის თემად აირჩიოს „ტელევიზია და თანამედროვეობა“, თუ ეს მის სწავლების მიზნებს უკეთ ესადაგება (იხილეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მასალა, 9.2).

მოსწავლეების მიერ ამ ფორმით გადაცემული ინფორმაციის ათვისების დონის შეფასება არ წარმოებს. პრეზენტაციის ფუნქციას წარმოადგენს მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ეტაპობრივი ამაღლება. როგორც ცოდნის გადაცემის პროცესის ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც შესაძლებელია მოსწავლეებისათვის ბევრი რამე გაუგებარი იყოს. რაც მსგავს სიტუაციებში მოსალოდნელია და მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს მისი მოლოდინი, მოსწავლეების მიერ მასალის ათვისების თვალსაზრისით.