სავარჯიშო 3.2. – თოკები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 3.2. – თოკები

 

საგანმანათლებლო მიზანი ამ სავარჯიშოში, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების შესავალის სახით, მოსწავლეები ეცნობიან ადამიანთა მოდგმის საერთო წარმომავლობისა და დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის თეორიათა გლობალურ პერსპექტივას. მიუხედავად იმისა, სად ვცხოვრობთ და რა გარემოში, ჩვენ, ადამიანებს გვაერთიანებს ის, რომ ყველანი ერთი წარმომავლობისა ვართ და ჩვენი საერთო სახლია დედამიწა. სავარჯიშოში, მოსწავლეებისთვის აღქმის გამარტივების მიზნით, გამოყენებულია უზარმაზარი რიცხვების ვიზუალიზაციის მეთოდი.
შენიშვნა სავარჯიშო განსხვავებულია სახელმძღვანელოში მოცემული სხვა სავარჯიშოებისაგან, ვინაიდან ჯგუფური მუშაობის ნაცვლად მოსწავლეები ისმენენ მასწავლებლის ლექციას.
რესურსები  ორი თოკი, სიგრძით 4.8 და 6.7 მეტრი. მსოფლიო რუკა ან გლობუსი.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს 4.8 მეტრი სიგრძის თოკს და საშუალებას აძლევს, მიხვდნენ და დაადგინონ, რა სიგრძის არის იგი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეთანხმდებიან, რომ თოკი 4.8 მეტრი სიგრძის არის, მასწავლებელი სთხოვს, გამოთვალონ თოკის სიგრძე მილიმეტრებში.
  2. 4 800 მილიმეტრი სიმბოლურად უკავშირდება დედამიწის ასაკს, ვინაიდან მეცნიერული გათვლებით მიჩნეულია, რომ დედამიწა 4 800 000 000 წლისაა.
  3. მასწავლებელი მოსწავლეებს უამბობს დედამიწის შექმნის შესახებ და მისი ისტორიიდან ძირითად მოვლენებზე ამახვილებს მათ ყურადღებას, თოკის თითოეული მილიმეტრი ერთი მილიონი წელია. რამდენი ხანია, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე? იგი მოსწავლეებს უჩვენებს თოკის ბოლო ორ მილიმეტრს და ადარებს მას თოკის დანარჩენ ნაწილს. შესაძლოა ადამიანი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს დედამიწის ისტორიისთვის, როგორც ჩვენ გვგონია? ან იქნებ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ პლანეტაზე, რომლის მკვიდრნიც ვართ?
  4. მასწავლებელი მოსწავლეებს ადამიანის ისტორიაზეც აწვდის მცირე ინფორმაციას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ადამიანის მოდგმა პირველად აფრიკის კონტინენტზე გაჩნდა. ყველა ჩვენგანის პირველი წინაპარი აფრიკელია! შემდეგ ადამიანები აფრიკიდან სხვადასხვა ტერიტორიაზე გაიფანტნენ და საბოლოოდ მთელ დედამიწაზე დასახლდნენ. დღეს ჩვენ ბევრ ქვეყანას და უამრავ ჯგუფს ვქმნით, ვლაპარაკობთ ბევრ, განსხვავებულ ენაზე და გვაქვს სხვადასხვა რელიგია თუ კულტურა, მაგრამ წარმომავლობა ყველა ჩვენგანს ერთი აქვს.
  5. მასწავლებელი მოსწავლეებს მეორე თოკს უჩვენებს. მოსწავლეები კვლავ ცდილობენ, დაადგინონ მისი სიგრძე. დღეს დედამიწის მოსახლეობა 6.7 მილიარდს შეადგენს.4 თოკის სიგრძის ერთი მილიმეტრი 1 მილიონ ადამიანს შეესაბამება. თოკის საშუალებით მასწავლებელი ახდენს ზოგიერთი დიდი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ვიზუალიზაციას. როგორია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეფარდება მსოფლიო მოსახლეობასთან? ზოგიერთი ადამიანი მსოფლიოს „ჩემიანებად“ და „უცხოელებად“ ყოფს. თოკის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა „უცხოელია“! მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი პლანეტა – დედამიწა გვაერთიანებს და ჩვენ, მისმა მკვიდრებმა, უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ პლანეტაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, მსოფლიო ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით და სხვადასხვა ადგილზე ვცხოვრობთ, ყველას საერთო უფლებები გვაქვს.

გაგრძელება

ამ შესავალის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია გააგრძელოს ლექცია და განიხილოს ისეთი საკითხები, როგორიცაა გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები ზოგადად, ცრურწმენები და სტერეოტიპები (იხ. თავი „როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს“), გეოგრაფიასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

4. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელმა ეს მონაცემი უნდა გადაამოწმოს და შესაბამისად შეცვალოს თოკის სიგრძე; ამ წიგნის გამოცემის პერიოდში ეს მონაცემი უტოლდებოდა 6.7 მილიარდს (2008).