ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება

Living Democracy » Textbooks » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება

საჭიროა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათ მინიჭებული აქვთ, მაგალითად, პროცესებში მონაწილეობის უფლება, არამედ, ასევე საჭიროა, შეეძლოთ ამ უფლებით სარგებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის წვრთნა და პრაქტიკა, რომელსაც მოსწავლეები სკოლის ფარგლებში გადიან, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობითა და სკოლაში არსებულ გარემოზე სხვაგვარად ზემოქმედების საშუალებით. მაგალითად, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა, როგორც კლასში წამოჭრილი თემის შესახებ, ასევე, სწავლებასა და სკოლის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამგვარი ტიპის სწავლება და სწავლა მომზადებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს სჭირდება, წინასწარ და კარგად გააცნობიეროს მისი პროფესიის ესა თუ ის ელემენტი. ეს ეხება ყველა საგნის სწავლებას, განსაკუთრებით კი – დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას, ვინაიდან მოსწავლეების ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად წარმოადგენს ამ მიდგომის ნაწილს. როგორ ჩავრთო გაკვეთილზე ესა თუ ის  ელემენტი? როგორ უნდა უზრუნველვყო ყველა მოსწავლის აზრის მოსმენა და გაზიარება? როგორ უნდა მოვახერხო, რომ მოსწავლეებს თავს არ მოვახვიო ჩემი მოსაზრება? ამ კითხვებზე პასუხად, რეკომენდებულია შემდეგი ხუთი ასპექტის გათვალისწინება:

  • როგორია სწავლებისა და სწავლის პირობები?
  • რა მიზანი უნდა დავსახო და რა მასალა უნდა შევარჩიო?
  • პოლიტიკის რომელი კონკრეტული ცნებები უნდა გავითვალისწინო?
  • როგორია სწავლის პროცესის ჩემეული აღქმა და სწავლების რომელ ფორმებს ვირჩევ?
  • როგორ უნდა შეფასდეს შედეგები (მოსწავლეთა, მასწავლებლებისა და სკოლების)?

წინამდებარე სახელმძღვანელოს მოცემულ ნაწილში მასწავლებლებს ვაწვდით მასალას სამუშაო ფურცლების სახით, რომლებიც მათ დაეხმარება ამ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემაში.