სავარჯიშო 6.1. – პოლიტიკური აზროვნების ძირითადი კონცეპტები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 6.1. – პოლიტიკური აზროვნების ძირითადი კონცეპტები
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან ღირებულებებს, რომლებიც პოლიტიკური კამათისა და დებატების საფუძველს წარმოადგენს და აცნობიერებენ, რომ ამ ღირებულებათაგან ზოგი იცავს და ზოგიც არღვევს ადამიანის უფლებებს (ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება).

სავარჯიშოს შესრულებისას მოსწავლეები იძენენ უნარს, მუდმივად იყვნენ მზად სხვა ღირებულებებისა და პოზიციების შესასწავლად და გასაგებად, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ისინი მათთვის (სწავლება ადამიანის უფლებების საშუალებით).

რესურსები მოწოდებებისა და მოსაზრებების ჩამონათვალი (იხ. ქვემოთ მოცემული მასალა). შესაძლებელია საარჩევნო პოსტერების, ვიდეორგოლების ან პოლიტიკური განცხადებების ამონარიდებისა და პოლიტიკოსთა მიერ წარმოთქმული სიტყვების ნაწყვეტების გამოყენება.

 

მსვლელობა

  1. მოსწავლეები წყვილდებიან ან იყოფიან ოთხკაციან ჯგუფებად.
  2. ისინი განიხილავენ მოწოდებებსა და მოსაზრებებს და განსაზღვრავენ მათ შედეგებს. შეიძლება გამოვიყენოთ კითხვები, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ამოცანის შესრულებაში და მოწოდებებს შორის პარალელის გავლებაში, მაგ. საზოგადოების რომელ ჯგუფზე ექნება გავლენა ამა თუ იმ მოსაზრებას და როგორი იქნება ეს გავლენა (მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ, მაგალითად, მდიდრები ან ღარიბები, ჯანმრთელი მოსახლეობა ან მოსახლეობა, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ის ვინც ძალაუფლებას ფლობს ან ვინც ამ ძალაუფლების გავლენის ქვეშ არის და ა.შ.).
  3. თუ ისინი უკვე ერკვევიან პოლიტიკური აზროვნების ძირითად მიმდინარეობებში, მოსწავლეებმა უნდა სცადონ მოცემული მოწოდებების დაკავშირება აზროვნების სხვადასხვა სკოლასთან. მათ შეიძლება მოსაზრება ან მოწოდება აზროვნების ერთზე მეტ სკოლასთანაც გააიგივონ.
  4. მოსწავლეები ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით განიხილავენ მოსაზრებებს და იმ ღირებულებებს, რომლებიც ამ მოსაზრებებს უდევს საფუძვლად.

გაგრძელება

მოსწავლეები განიხილავენ მოცემული მოსაზრებებისა და მოწოდებების შესაძლო შედეგებს, აკავშირებენ რა მათ საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან და განვითარებულ მოვლენებთან.

მასალა

მოსაზრებები და მოწოდებები

  1. სახელმწოფო არ უნდა ერეოდეს ქვეყნის ეკონომიკაში. მის მოვალეობას მხოლოდ კანონის დაცვა უნდა წარმოადგენდეს.
  2. მოსახლეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფასო სამედიცინო მომსახურეობით.
  3. ყველა კომპანია უნდა იქნეს ნაციონალიზებული.
  4. სახელმწიფოს მეთაურს უნდა გადაეცეს სრული ძალაუფლება.
  5. სახელმწიფომ, დამქირავებლებმა და პროფესიულმა კავშირებმა ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ხელფასების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
  6. სახელმწიფო თავად არის საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი.
  7. თეთრკანიანთა ცივილიზაცია მოწინავე ცივილიზაციაა.
  8. სუსტ მოსწავლეებს არ უნდა მივცეთ საშუალება, შეაფერხონ სხვა მოსწავლეების სწავლის პროცესი.
  9. არავის აქვს სხვებზე ბრძანების გაცემის უფლება.
  10. საზოგადოება ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დადგენილება ან გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს საზოგადოებაში არსებულ ბუნებრივ იერარქიას.