გაკვეთილი 1: ჩვენ ვართ ცენზორები!

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: ჩვენ ვართ ცენზორები!

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წავიკითხოთ

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება თავად ასრულებენ რა ცენზორთა ფუნქციას, მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ გარკვეულ მედიასა და გარკვეული სახის მედიაგზავნილს.
სწავლის მიზანი როგორც მედიის მესვეურები, ასევე მისი მომხმარებელი ასრულებს ცენზორის ფუნქციას. მედია განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მსოფლიოს. იგი ფლობს ძალაუფლებას, აკონტროლოს, რას შევიტყობთ და რას არა (ცენზორი, დღის წესრიგის დამდგენი). მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ, მედიამომხმარებელი, თავად ვასრულებთ ცენზორის ფუნქციას. ჩვენ ვირჩევთ ან უარვყოფთ გარკვეულ მედიას, და ჩვენ ვირჩევევთ, რომელ მედიაგზავნილზე შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, თუ რომელ გაზეთს ანიჭებენ უპირატესობას.
მასალა და რესურსები

ორი სხვადასხვა, ერთ დღეს გამოშვებული გაზეთის პირველი გვერდები. მრავალრიცხოვან კლასში უმჯობესია ამ გამოცემათა რამდენიმე ეგზემპლარი.

მასალა მოსწავლეებისთვის 9.1 –9.3, ფლიპჩარტები, მარკერები, მაკრატელი, წებო.

ბეჭდვითი მედიის გამოცემათა კრებული.

მეთოდი

პლენარული პრეზენტაციები და განხილვა.

ლექცია.

ჯგუფური მუშაობა.

დროის ბიუჯეტი ეტაპი 1: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ცენზორის ცნებას. 25 წთ.
ეტაპი 2. მოსწავლეები ადგენენ კედლის გაზეთის პროექტის გეგმას. 15 წთ.

 

ინფორმაცია

როგორც მედიამომხმარებლების, მოსწავლეების რეაქცია მედიაში არსებულ სხვაობებზე არის ის, რომ ისინი ირჩევენ ერთს და უგულებელყოფენ სხვას. თავიანთი არჩევანით ისინი ასრულებენ ცენზორის ფუნქციას, რის შესახებაც ამ გაკვეთილზე შეიტყობენ.

მოვლენაზე სხვა კუთხით დაკვირვებისას, მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ მედიის რედაქტორებსაც გააჩნიათ პრიორიტეტები და ისინიც აკეთებენ არჩევანს. რა არჩევანს და რა მიზნით? ამ კითხვების საფუძველზე მოსწავლეები შეუდგებიან საკუთარ პროექტზე მუშაობას. პასუხს ამ კითხვაზე მიიღებენ მაშინ, როცა თავად მოუწევთ იგივე არჩევანის გაკეთება – სწვდებიან მედიის არსს, ერთვებიან რა მედიაწარმოებაში. ეს წარმოადგენს მოცემული თავის ძირითად ამოცანას.

მასწავლებლის ლექცია უკავშირდება მოსწავლეების კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესს. მასწავლებელი მათ ცენზურის ცნებას განუმარტავს მას შემდეგ, რაც მოსწავლეები, პროექტზე მუშაობისას, ამის მაგალითს წააწყდებიან. მეორე მხრივ, მოსწავლეები ამ ახალ ცნებას იყენებენ მომდევნო პროექტში, რადგან მათი ამოცანა ამ პროექტში ამ ცნებას ეფუძნება.

გაკვეთილის აღწერა

მზადება გაკვეთილისთვის

ამ თავის პირველ გაკვეთილამდე სამი კვირით ადრე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაიწყონ ბეჭდვითი მედიის – ჟურნალ–გაზეთების, სარეკლამო ბუკლეტების და ა.შ. შეგროვება. ასევე, მნიშვნელოვანია  ფოტოების შეგროვება. მოსწავლეებმა ეს მასალა კლასში უნდა მოიტანონ პირველი გაკვეთილისთვის.

საკლასო ოთახში შესაფერისი სივრცის არსებობის შემთხვევაში, ხდება მასალის დახარისხება და მოთავსება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ მაგიდებაზე. მოსწავლეები ამ მასალის გამოყენებას შეძლებენ მე–2 და მე–3 გაკვეთილებზე, როდესაც მათ მოუწევთ საკუთარ კედლის გაზეთზე მუშაობა.

მასწავლებელი თავადაც ზრუნავს ჟურნალ–გაზეთების შეგროვებაზე. პირველი გაკვეთილისთვის მას მზად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა გაზეთის წინა გვერდები, რამდენიმე ეგზემპლარად. ამ მიზნით შერჩეული გაზეთები ერთი და იგივე დღის გამოცემისა უნდა იყოს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეთა ჯგუფებს, გამოიყენონ ამ გაზეთების პირველი გვერდები შესადარებლად და პლენარულ რაუნდზე, მათი რეზულტატების შედარებისთვის. ყოველ ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა გაზეთის წინა გვერდების წყვილი. თუ მოსწავლეების მიერ უცხო ენების ფლობა ამის საშუალებას იძლევა, სასურველია, მათ მივაწოდოთ უცხოური გაზეთის წინა გვერდებიც.

ვებგვერდზე www.newseum.org შეგვიძლია ვიხილოთ ბევრი ევროპული ქვეყნის ერთი დღის სხვადასხვა გაზეთის  პირველი გვერდები  (A4 ფორმატის PDF ვერსია). მისი გამოყენების შემთხვევაში, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მიაწოდოს მათი ამობეჭდილი ვერსია, პროექტორით ჩვენების ნაცვლად (იხ. საფეხური 1.1, ქვემოთ).

ეტაპი 1. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ცენზურის ცნებას

საფეხური 1.1: მოსწავლეები არჩევანს აკეთებენ მათთვის სასურველ გაზეთზე

მასწავლებელი დაფაზე გამოფენს ორი გაზეთის წინა გვერდებს. გაზეთები სხვადასხვა კატეგორიისაა, მაგალითად:

  • პოპულარული გაზეთი და გავლენიანი გაზეთი;
  • რეგიონალური და ეროვნული გაზეთი;
  • გაზეთები, რომელბიც სხვადასხვა პოლიტიკურ ხედვას იზიარებენ, მაგ. სოციალ- დემოკრატიულსა და ნეოლიბერალურს.

თუ კლასში ამ გაზეთების პირველი გვერდების რამდენიმე ეგზემპლარის მოტანის საშუალება არის, მაშინ ისინი უნდა გამოვაკრათ საკლასო ოთახის კედლებზე, რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისგან მოშორებით. მრავალრიცხოვან კლასებში ეს დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

მოსწავლეები მიდიან კედელზე გამოკრულ გაზეთების პირველ გვერდებთან და ჩუმად ეცნობიან მათ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაჯგუფდნენ იმ გაზეთის პირველი გვერდის წინ, რომელსაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ. ამრიგად იქმნება მოსწავლეების ორი ჯგუფი, შესაძლებელია შეიქმნას მესამეც, რომელშიც შევლენ მოსწავლეები, რომელთაც არც ერთ გაზეთს არ მიანიჭეს უპირატესობა. მოსწავლეები, ჯგუფებში, მოკლედ უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს და პლენარულ რაუნდზე ასაბუთებენ საკუთარ არჩევანს მიზეზების დასახელებით.

მასწავლებელი უსმენს მათ და ამხნევებს, რათა ერთმანეთს თამამად გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები, მაგრამ მოსწავლეების მოსაზრებებსა და არჩევანზე არ აკეთებს კომენტარს.

საფეხური 1.2: მოსწავლეები ეცნობიან ცენზურის ცნებას

მასწავლებელი კითხულობს მოკლე ლექციას, სადაც მოსწავლეებს აცნობს ცენზურის ცნებას და მის ორმაგ მნიშვნელობას. იგი ამ ცნებას არგებს იმ კონტექსტს, რომელიც მოსწავლეებმა თავად შექმნეს, გაკვეთილის ამ ეტაპის პირველ საფეხურზე (საფეხური 1.1). როგორც მოსწავლეებმა საკუთარი არჩევანის გაკეთებით უჩვენეს, ჩვენ ხშირად უპირატესობას ვანიჭებთ ერთ გარკვეულ გაზეთს, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ გაზეთები ერთმანეთისგან მნიშვნელოვანწილად განსხვავდება. ჩვენ მოგვწონს ერთი გაზეთი და არ მოგვწონს სხვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ მედიასაშუალებებს შორისაც, მაგალითად, გაზეთის ნაცვლად, არჩევანს ვაჩერებთ ტელევიზიასა ან ინტერნეტზე. ამ ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, ჩვენ ცენზორების ფუნქციას ვასრულებთ. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია და რომელი მედიასაშუალებით მივიღოთ. მედია ჩვენზეა დამოკიდებული – თუ იგი ჩვენი ყურადღების დაპყრობას ვერ შეძლებს, მისი ძალისხმევა ფუჭი და ამაო იქნება.

ამის შემდეგ მასწავლებელი იგივე საკითხს სხვა კუთხით უდგება: არა მარტო მკითხველები ასრულებენ ცენზორის ფუნქციას, არამედ გაზეთის რედაქტორებიც. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა არჩევანი შემოგვთავაზონ. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხდებით მედიაზე დამოკიდებული – შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი შეარჩევენ.

ცენზურის ცნება, აქედან გამომდინარე, ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია: როგორც მედია მესვეურები, ასევე მისი მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი. პოლიტიკაში სწორედ ცენზურის საშუალებით ხორციელდება დღის წესრიგის დადგენა.

ნათელია, რომ მედიის რედაქტორებიც აკეთებენ თავიანთ არჩევანს, როგორც ამას ერთი დღის გამოცემული, ორი სხვადასხვა გაზეთის პირველ გვერდებს შორის განსხვავება ადასტურებს. მაგრამ რა არის ამის მიზეზი და მიზანი? მოსწავლეები ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას პროექტზე მუშაობის პროცესში შეეცდებიან.

ეტაპი 2. მოსწავლეები მუშაობენ კედლის გაზეთის გამოცემის პროექტის გეგმაზე

მასალა მოსწავლეებისთვის 9.1 – 9.3.

საფეხური 2.1: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინსტრუქციებს მოცემული ამოცანის შესასრულებლად

მოსწავლეები ქმნიან რედაქტორთა ოთხ–ექვსკაციან ჯგუფებს. მათი ამოცანა, მომდევნო ორი გაკვეთილის განმავლობაში, კედლის გაზეთის გამოცემაში მდგომარეობს.

ისინი, როგორც რედაქტორები, ცენზურაზე პასუხისმგებლობის ფუნქციას იღებან საკუთარ თავზე და ცდილობენ, თავი გაართვან შემდეგ საკითხებს:

  • რა თემებს შევეხოთ?
  • რომელი თემა ავირჩიოთ მოწინავე სტატიისთვის?
  • რა თემა უნდა ამოვაგდოთ არასაკმარისი სივრცის გამო?

მოსწავლეები კარგად უნდა ერკვეოდნენ იმაში, რომ ეს საკითხები უკავშირდება  პრესის თავისუფლების მნიშვნელობას პრაქტიკაში – თავისუფლებით სარგებლობა, რიგი პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებლობის აღებით.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. მოსწავლეებს შეუძლიათ მაქსიმუმ ორი ფლიპჩარტის გამოყენება. მათი სტატიები ხელით უნდა იყოს დაწერილი. ფოტოების, დიაგრამების და ინფორმაციის მოსაპოვებლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ ბეჭდვითი მედიის საშუალებათა გამოცემები. ისინი შეზღუდული არიან დროში. მათი გაზეთები მზად უნდა იყოს კედელზე გასაკრავად შემდეგი გაკვეთილის ბოლოსთვის.

მოსწავლეები ატყუპებენ მერხებს, რათა საშუალება ჰქონდეთ, ზედ მოათავსონ ფლიპჩარტი, რომელზეც მოუწევთ მუშაობა.

საფეხური 2.2: მოსწავლეები იწყებენ პროექტზე მუშაობას

მოსწავლეები, მასწავლებლის მითითების შესაბამისად, ეცნობიან მათთვის დარიგებულ მასალას. თუ გაკვეთილის დასრულებამდე საამისო დრო რჩება, მოსწავლეები შეუდგებიან შემდეგ ეტაპზე მუშაობას.