სავარჯიშო 7.5. – ჩვენ და მსოფლიო

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 7.5. – ჩვენ და მსოფლიო
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები იკვლევენ, როგორ ზემოქმედებს მათ საზოგადოებაზე სხვა ქვეყნებსა და შორეულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები.

მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ მსოფლიო მასშტაბით არსებულ ურთიერთდამოკიდებულების სისტემას.

ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება, ისევე, როგორც არათანაბარი განვითარება, მოითხოვს მსოფლიოს ძალისხმევასა და თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

რესურსები ადგილობრივი უახლესი გაზეთები, მსოფლიო რუკა, წებოვანი ლენტი, ფერადი მარკერები, ძაფი და ნემსები.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ქმნიან ოთხკაციან ჯგუფებს. გაზეთებიდან ჭრიან სტატიებს, რომელშიც საუბარია სხვა ქვეყნებთან მათი საზოგადოების ურთიერთკავშირის შესახებ.
  2. საკითხები:
    • ეკონომიკური პრობლემები
    • პოლიტიკური პრობლემები
    • მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები
    • გარემოს დაბინძურება
    • ურთიერთობები კულტურის სფეროში
    • ტურიზმი
    • სამხედრო მოქმედებები და ა.შ.
  3. მოსწავლეები, მათ მიერ ამორჩეული სფეროს მიხედვით, ახარისხებენ სტატიებს მოცემული კატეგორიებიდან და შერჩეული ფერის მარკერით აღნიშნავენ სტატიაში მოცემულ ძირითად სიტყვებსა და ფრაზებს, რომელიც მიუთითებს  მათ საზოგადოებასა და სხვა ქვეყანას შორის არსებულ კავშირზე.
  4. მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე მნიშვნელოვან სტატიებს და წებოვანი ლენტით, სტატიაში მოცემული ქვეყნის ადგილმდებარეობის შესაბამისად, მსოფლიო რუკაზე ამაგრებენ მათ. მუშაობენ რა ნემსითა და ძაფით, მოსწავლეები რუკაზე მიმაგრებულ სტატიებს აკავშირებენ თავიანთ ქვეყანასთან.
  5. პლენარული სესია.
    • რომელ ქვეყანასთან აღმოჩნდა შენი ქვეყანა ყველაზე მეტად დაკავშირებული
    • რა ტიპის კავშირებია ყველაზე გავრცელებული და რატომ?
    • არის მსოფლიოს რომელიმე ნაწილი, რომელთანაც შენს ქვეყანას არაფერი აკავშირებს? რა არის ამის მიზეზი?

გაგრძელება

მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შესახებ, რომელთაც კავშირი აქვთ მათ ქვეყანასთან.

მოსწავლეები შეიტყობენ, ჰქონდა თუ არა მათ ქვეყანას კავშირები მოცემულ ქვეყნებთან წარსულში.

თუ მოსწავლეები სწავლობენ უცხო ენას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მასალები უცხოური გაზეთებიდან და ინტერნეტიდან.

მოცემული სავარჯიშო შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შესავალი მოსწავლეებისათვის ისეთი პრობლემების შესახებ სწავლების პროცესში, როგორიცაა, მსოფლიოში ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება და არათანაბარი განვითარება.

ის, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მსოფლიოს, რომელშიც ვცხოვრობთ, განპირობებულია ინფორმაციით, რომელსაც ჩვენ მედიის საშუალებით ვღებულობთ. მხოლოდ დაფიქრდით, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მხოლოდ იმ ადგილების შესახებ გეცოდინებოდათ, რომელშიც თავად ხართ ნამყოფი. ამრიგად, რას გვაწვდის და რას არა მედია? შეუძლია ვინმეს მედიის გაკონტროლება? ცენზურა? თუ გაზეთებს შორის არსებული კონკურენციაა საკმარისი? რა ძალაუფლებას ფლობს მედია? შევძლებთ ვიცხოვროთ მის გარეშე? შესაძლოა წამოიჭრას ეს და მსგავსი კითხვები, მაგრამ ეს კითხვები უნდა წამოაყენონ მოსწავლეებმა და არა მასწავლებელმა. თუ მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ  მსოფლიოს აღქმის მათეული პირდაპირი საშუალებები შეზღუდულია, ისინი თავად წამოჭრიან კითხვებს მედიის როლის შესახებ.