გაკვეთილი 3: ერთი პიროვნება აკეთებს ყველაფერს, სხვები არაფერს აკეთებენ?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ერთი პიროვნება აკეთებს ყველაფერს, სხვები არაფერს აკეთებენ?

როგორ ნაწილდება როლები წარმომადგენლობით სისტემაში?

სწავლის მიზნები მოსწავლეები მსჯელობენ სხვადასხვა პოზიციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და კომპეტენციებზე და ეცნობიან არჩევნების პროცესსა და მის შედეგებს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები კლასს აცნობენ მათ მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგებს. ისინი განსაზღვრავენ სხვადასხვა პოზიციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და კომპეტენციებს და ერთ-ერთ მოსწავლეს ირჩევენ კლასის ხელმძღვანელად.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები, ხმის მისაცემი ბარათები,  იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც დაინტერესებულები არიან კლასის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებით, მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეებმა გაკვეთილზე უნდა წარმოადგინონ მათ მიერ აღებული ინტერვიუების შედეგები. შედეგებს წარმოადგენენ სწრაფი გამოკითხვის, ეგრეთ წოდებული ბლიცგამოკითხვის მეთოდით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი წინადადების წარმოთქმა. მასწავლებელს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პასუხებიდან ამოკრებილი კომპეტენციები, რომლებსაც ეხება იმას, თუ რა მახასიათებლებსა თუ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს პოლიტიკოსი, გადააქვს დაფაზე ან ფლიპჩარტზე, რაც მოსწავლეებს ეხმარება პასუხებში გამოკვეთილი ტენდენციის აღქმაში.

მეორე ეტაპზე, მასწავლებელი კვლავ უბრუნდება კლასის ხელმძღვანელის პოლიტიკური ფუნქციის თემას. დაფაზე გამოკრულია იმ მოსწავლეების სია, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს ამ პოზიციის დაკავების მიმართ. მასწავლებელი აკეთებს განაცხადს, რომ იმისათვის, რათა გადაწყვიტონ, რომელ კანდიდატზე სურთ არჩევანის გაკეთება, მოსწავლეები თავდაპირველად კარგად უნდა გაეცნონ კანდიდატებს, უფრო მეტი უნდა შეიტყონ მათ შესახებ, მათი კომპეტენციებისა და მოსაზრებების შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი კანდიდატებს სთხოვს, საკუთარი პიროვნებების შესახებ მოკლე პრეზენტაციით წარსდგნენ კლასის წინაშე, რომელიც მაქსიმუმ ორი წუთი უნდა გაგრძელდეს, თითოეული კანდიდატის შემთხვევაში. კანდიდატების მიერ გაკეთებული პრეზენტაციების ძირითადი თემა უნდა იყოს „რას ვუჭერ მხარს“.

მას შემდეგ, რაც ბოლო კანდიდატი საკუთარ გამოსვლას დაასრულებს, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს არჩევნების პროცედურათა ორ ტიპს: ღია კენჭისყრა და დახურული კენჭისყრა. მოსწავლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი ტიპის კენჭისყრით სურთ კლასის მომავალი ხელმძღვანელის არჩევა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები საკუთარ არჩევანს დახურულ კენჭისყრაზე შეაჩერებენ, მათ დასჭირდებათ საარჩევნო ბიულეტენების გამოყენება, რომლებზეც  ანონიმურად უნდა დაწერონ იმ კანდიდატის სახელი და გვარი, რომელიც სურთ იხილონ კლასის ხელმძღვანელად. საარჩევნო ბიულეტენებს მოსწავლეები ათავსებენ ყუთში. ორმა მოსწავლემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  ხმების დათვლაზე და შედეგები უნდა დაიტანონ ფლიპჩარტზე ან დაფაზე.

მოსწავლეები, რომლებიც ხმების დათვლაზე არიან პასუხისმგებლები, აცხადებენ იმ მოსწავლის ვინაობას, რომელიც ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა კლასის ხელმძღვანელად; მათ აგრეთვე უნდა დაასახელონ იმ კანდიდატის ვინაობა, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობა უნდა შეასრულოს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შემდეგ საშინაო დავალებას: „სახლში რომ დაბრუნდებით, ჰკითხეთ თქვენს მშობლებს, ბოლოს როდის მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, რა ტიპის არჩევნები იყო ეს, სად გაიმართა და როგორ იყო იგი ორგანიზებული“ (მასწავლებელმა არ უნდა მიუთითოს მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ჰკითხონ საკუთარ მშობლებს, თუ ვის მისცეს მათ ხმა ამ არჩევნებში). ეს დავალება მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ სამუშაო ფურცლებზე, როლებსაც მათ მასწავლებელი ურიგებს.