სავარჯიშო 1.2. – უფლებები, პასუხისმგებლობები და წესები კლასში

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 1.2. – უფლებები, პასუხისმგებლობები და წესები კლასში
საგანმანათლებლო მიზანი

სავარჯიშოში გამოყენებულია ეტაპობრივი მიდგომა, მოსწავლეები დემოკრატიული გზით თანხმდებიან წესებზე, რომელიც შემოღებული იქნება მათ კლასში.

მოსწავლეები აანალიზებენ, რომ მათ წვლილს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ აქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა იქონიონ წესების შემუშავებაზე. მათ უჩნდებათ „საკუთრების“ შეგრძნება და კლასში, როგორც მიკროსაზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობის გამოცდილებას იძენენ.

მოსწავლეები აცნობიერებენ კავშირს უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და წესებს შორის (იცავენ კანონებს კლასში).

რესურსები სამ თანაბარ ნაწილად დაყოფილი დიდი ფორმატის ფურცლები.

მსვლელობა

  1. კლასის დაჯგუფების „თამაშის“ გამოყენებით (ბარათების დარიგება, ჟონგლიორთა, მევიოლინეთა და ა.შ. ჯგუფების შექმნის მიზნით), კლასი იყოფა სამ, ექვს ან ცხრა ჯგუფად, კლასის მოცულობის გათვალისწინებით. თითო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს ხუთი მოსწავლისგან. ჯგუფებს ენიჭებათ შესაბამისი ნომრები ა, ბ, გ.
  2. თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, მოკლედ გააცნონ კლასს, თუ რა პრინციპით აირჩიეს მომხსენებლები.
  3. ყოველ ჯგუფს ურიგდება სამ ნაწილად დაყოფილი თითო ფურცელი. ფურცლის ზედა მესამედში მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ საკუთარი ჯგუფის მოსაზრებების შესახებ იმის თაობაზე, თუ რა უფლებებით სარგებლობს კლასის ყოველი ინდივიდუალური წევრი (მათ შორის, მასწავლებელიც). მათ ყველა თავიანთი მოსაზრება პუნქტების სახით უნდა დაიტანონ ფურცელზე, ამ მიზნით გამოყოფილ ნაწილში.
  4. მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს: რამდენად წარმატებით გავართვით თავი მოცემულ ამოცანას? რას აკეთებდა თითოეული ჩვენგანი, რამაც დახმარება გაგვიწია? რა გვიშლიდა ხელს?
  5. მოსწავლეთა ჯგუფები ცვლიან თავიანთ ნამუშევრებს (ა  ჯგუფი გადასცემს ბ  ჯგუფს, ბ  ჯგუფი – გ  ჯგუფს, გ  ჯგუფი – ა  ჯგუფს).
  6. შემდეგ ყოველი ჯგუფი, კითხვებზე პასუხის მეშვეობით,  განიხილავს სხვა ჯგუფის მიერ შედგენილ უფლებათა ჩამონათვალს: რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ უფლებების დასაცავად? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? როგორ უნდა მოვიქცეთ? მაგალითად, „ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი“,  „ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ერთმანეთს“.მოსწავლეები ფურცლის შუა მესამედ ნაწილში ჩამოწერენ პირველ მესამედში მოცემული უფლებების შესაბამის პასუხისმგებლობებს (იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლიათ, მოუნახონ უფლებას შესაბამისი პასუხისმგებლობა), იმავე ნუმერაციის დაცვით.2
  7. მასწავლებლის ჩართვა: წესები წესებისთვის.
    • მოიფიქრეთ რამდენიმე წესი, რომელიც კლასში გაკრული იქნება გაკვეთილის დაწყებამდე.
    • წესები ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული – გააკეთე რამე, ნაცლად იმისა, რომ არ გააკეთო არაფერი.
    • წესები შესაბამისი უნდა იყოს და განსაზღვრავდეს კლასში ქცევის მოთხოვნებს. მაგალითად, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი; ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ერთმანეთს; წესი: არ იხმაურო, როცა სხვა საუბრობს.
  8. ჯგუფები ამჯერადაც ცვლიან თავიანთ ნამუშევრებს. თითოეული ჯგუფი ეცნობა წინა ორი ჯგუფის ნამუშევარს და თანხმდება მაქსიმუმ ხუთ წესზე, რომელიც მსხვილი ასოებით უნდა იყოს დატანილი ფურცლის ქვედა მესამედ ნაწილში. მოსწავლეებმა ფურცლის ეს მესამედი ნაწილი უნდა ჩამოაჭრან დანარჩენს და გამოაკრან კედელზე. ჯგუფების მომხსენებლები სიტყვით გამოდიან და მთელ კლასს აცნობენ მათი ჯგუფის მიერ შემუშავებულ წესებს.მასწავლებელი უძღვება მოსწავლეების მიერ გამართულ განხილვას. მოსწავლეები გამოყოფენ არასაჭირო, უსარგებლო წესებს, აერთიანებენ წესებს, რომლებიც ერთმანეთის ანალოგიურია, ან ტოვებენ მათგან ერთ–ერთს. ზოგიერთმა ჯგუფმა შეიძლება პროტესტი გამოთქვას მის მიერ შემუშავებული წესის ამოღებაზე, ზოგი კი – თავისუფლად დათანხმდეს. მოსწავლეები უნდა შეეცადონ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ეთანხმება. ნაცვლად იმისა, რომ ამოღებულ იქნას ჯგუფის მიერ შემოთავაზებული წესი, შესაძლებელია, მოსწავლეებმა გადადონ ეს წესი შემდეგი განხილვისთვის.
  9. მოსწავლეები კენჭს უყრიან წესებს. თითოეულ მათგანს აქვს ოთხი არჩევანის გაკეთების უფლება – აქვს ოთხი ჟეტონი, რომლის გამოყენებითაც მათ ხმა უნდა მისცენ იმ წესებს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, კლასში უნდა მოქმედებდეს. მოსწავლეებს შეუძლიათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოიყენონ საკუთარი ხმები, მაგალითად, ოთხივე ხმა ერთ წესს მიანიჭონ, ან გადაანაწილონ სხვადასხვა წესზე. ოთხი წესი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, შეტანილი იქნება კლასის წესდებაში. მოსწავლეები გადაიტანენ მათ ფურცელზე; თითოეული მოსწავლე თავის ხელმოწერას დაურთავს ფურცელს და იგი გამოიკვრება კედელზე. ეს წესები კლასში მუდმივად უნდა მოქმედებდეს.
  10. შეჯამება: რა დაგვეხმარა? რა იყო ხელის შემშლელი? რაში მდგომარეობს თითოეული ჩვენგანის მიერ წესების შემუშავებაში შეტანილი წვლილი? შეგიძლიათ, დაასახელოთ მოსწავლე ან მოსწავლეები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს წესების შემუშავებაში? რაში გამოიხატება მათ მიერ შეტანილი წვლილი?მოსწავლეებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მათ მიერ შემუშავებული წესები. მასწავლებელს შეუძლია, შეაქოს ის მოსწავლეები, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ წესებს. მასწავლებელი შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს, არ გაამახვილოს ყურადღება იმ მოსწავლეებზე, რომლებიც წესებს არღვევენ, ეს მათთვის სამარცხვინო დაფაზე გაკვრის ტოლფასი იქნება.

2. მოსწავლეებს ხანდახან უჭირთ, ყველა უფლებას მოუნახონ შესაბამისი პასუხისმგებლობა.