სავარჯიშო 3.1. – ადამიანის უფლებების პოსტერი

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 3.1. – ადამიანის უფლებების პოსტერი
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის უფლებების შემდეგ ასპექტებს: მათი ძირითადი სტრუქტურა (ვინ სარგებლობს ადამიანის უფლებებით – შინაარსი – უზრუნველყოფის საშუალებები); ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა; ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებები.

მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის უნარი.

მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.

რესურსები დიდი ფორმატის ფურცლები, A4 ფორმატის სხვადასხვა ფერის ფურცლები, კალმები, მაკრატლები, წებო, ძველი ჟურნალ–გაზეთები, სურათები და ფოტოები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტექსტი.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ქმნიან ოთხკაციან ჯგუფებს.
  2. მასწავლებელი მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფს ადამიანის უფლებათა დოკუმენტიდან ამონარიდ თითო მუხლს ურიგებს. ზედა საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ მუხლი და ახსნან თავიანთი არჩევანის მიზეზი (იხ. საფეხური 4).
  3. თითოეული ჯგუფი ამზადებს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ პოსტერს. პოსტერი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
    ა) სათაური, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ერთ–ერთ უფლებას;
    ბ) ამონარიდი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან ან ადამიანის უფლებათა  საყოველთაო დეკლარაციიდან.
    გ) სურათი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ადამიანის ამ უფლებას (მაგ. მანქანა – თავისუფალი გადაადგილების უფლება, ან დახურული კარი – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება).
    დ) ადამიანის მოცემული უფლების სტრუქტურის ანალიზი (მაღალ კლასებში, მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეებთან), იმის მიხედვით, თუ:

    • ვინ სარგებლობს ამ უფლებით;
    • რაში მდგომარეობს მისი არსი (რას იცავს ან პრივილეგიას რას ანიჭებს);
    • უზრუნველყოფისა და აღსრულების საშუალებები;3

    ე) სიმბოლო (მაგ. ბორბალი ან საჭე – თავისუფალი გადაადგილება, ან ტუჩები – გამოხატვის თავისუფლება).

  4. მოსწავლეები წარადგენენ და განიხილავენ თავიანთ პოსტერებს კლასში.

გაგრძელება

პოსტერზე შეიძლება აისახოს ადამიანის მოცემული უფლების დარღვევის მაგალითები და მათზე რეაგირების საშუალებები.

ვარიანტი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოსტერის სტრუქტურა შესაძლებელია შევცვალოთ იმისდა მიხედვით, თუ რა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებია კლასში წარმოდგენილი და რამდენად იცნობენ მოსწავლეები ადამიანის უფლებებს. მოცემული სავარჯიშო შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ადამიანის უფლებათა შესწავლის დასაწყის ეტაპზე, მოსწავლეთათვის თემის გასაცნობად, ასევე, შესწავლილი მასალის გასამეორებლად.

უფროსი ასაკის მოსწავლეებთან, სავარჯიშოზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ასპექტები, როგორიცაა იმის განსაზღვრა, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ადამიანის მოცემული უფლება (ადამიანის თავისუფლების მინიჭება, თანასწორობის დაცვა, სოციალური უფლების მინიჭება). ასპექტების განსაზღვრა შესაძლებელია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ამ სავარჯიშოს შესრულებით, მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის ერთ რომელიმე უფლებას. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია სავარჯიშოს კომბინირება სხვა სავარჯიშოებთან, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება, მაგალითად, მოსწავლეების პირად გამოცდილებას, ადამიანის უფლებათა დარღვევასა და  მათ აღდგენას და ადამიანის უფლებათა საყოველთაობის შესახებ მსჯელობას.

3. იხ. ივს ლადორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სახელმძღვანელო, ჟენევა/სტრასბურგი, 1997 წელი, გვ.53 (როგორ იქმნება ადამიანის უფლება?)