1.1 ახალი ტიპის მოქალაქეობა ახალი ტიპის განათლებას მოითხოვს

Living Democracy » Textbooks » 1.1 ახალი ტიპის მოქალაქეობა ახალი ტიპის განათლებას მოითხოვს

გაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლის მოდელები, რომლებიც მხოლოდ ინსტრუქციებით შემოიფარგლება, არ არის საკმარისი აქტიური, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობით  გამორჩეული მოქალაქეების აღსაზრდელად, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებს სჭირდება.

საჭიროა განათლების ისეთი ფორმები, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს საზოგადოებაში რეალურად ჩართვისათვის – განათლების ისეთი ფორმები, რომლებიც იმავე დოზით გულისხმობს პრაქტიკას, რა დოზითაც ხდება თეორიის მიწოდება, რომელიც ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც უწევთ მოსწავლეებსა და იმ საზოგადოებას, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, რომელიც ისწავლება როგორც ტრადიციული სასწავლო პროგრამების სახით, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობით.

აქტიური მოქალაქის როლი შეესაბამება აქტიური მოსწავლის როლს. კონსტრუქტივისტული სწავლის ცნება დახმარებას უწევს მოსწავლეს, რომელიც მისთვის უცნობი პრობლემის წინაშე დგას. შესაძლებელია სასკოლო გარემოში მასწავლებელს უკვე თავად ჰქონდეს აღმოჩენილი ოპტიმალური გამოსავალი რთული სიტუაციიდან. შემდგომში, როდესაც გამოწვევები, რომლებზეც ზევით გვქონდა საუბარი, კვლავ იჩენს თავს, მომავალი თაობა პიონერის როლში გამოვა.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უზრუნველყოფის საჭიროება სერიოზული გამოწვევაა მასწავლებელთა პროფესიისათვის. იგი გულისხმობს ცოდნის ახალი ფორმების შეძენას, სწავლების ახალი მეთოდების გამომუშავებას, მუშაობის ახალი გზების გამონახვასა და პროფესიული ურთიერთობების ახალი ფორმების ჩამოყალიბებას – როგორც კოლეგებთან, ასევე მოსწავლეებთან. მასში ყურადღება გამახვილებულია სწავლებაზე, სადაც ისტორიული სისტემების გაგება-გაცნობიერება წარმოებს მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით, ასევე, კრიტიკულ აზროვნებასა და უნარების სწავლებაზე, ისევე როგორც ცოდნის გადაცემაზე, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მუშაობაზე, და არა დამოუკიდებელ მომზადებაზე, პროფესიულ ავტონომიასა და განკარგულებების შესრულებაზე. იგი საჭიროებს სწავლის ჩვენეული აღქმის შეცვლას, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლის იდეიდან გამოცდილების, მონაწილეობის, კვლევისა და გაზიარების საშუალებით სწავლის იდეაზე გადასვლას.

დიდაქტიკური, მასწავლებლის მიერ წარმართული, სახელმძღვანელოზე ორიენტირებული და ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომა ჩანაცვლებულ უნდა იქნას   მიდგომით, სადაც უპირატესობა ენიჭება მოსწავლის ჩართულობას, სადაც გამოიყენება სწავლების მეთოდთა გაცილებით ფართო სპექტრი და რომელიც უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამას ემსახურება  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წინამდებარე სახელმძღვანელო.