5.1 ინდოქტრინაციის დაუშვებლობის პრინციპი

Living Democracy » Textbooks » 5.1 ინდოქტრინაციის დაუშვებლობის პრინციპი

მასწავლებლის მხრიდან დაუშვებელია მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლისათვის მისაღები მოსაზრება გაიზიარონ, მაგალითად, პოლიტიკური მართლზომიერების შესახებ. ამ მიზნით, დაუშვებელია მასწავლებლის მცდელობა, გააჩუმოს ან „ჩაახშოს“ ნებისმიერი მოსწავლე, საწინააღმდეგო მოსაზრების არგუმენტებით. პირიქით, მასწავლებელმა მოსწავლეებს საკითხზე თავისუფლად მსჯელობის საშუალება უნდა მისცეს, ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლებების გარეშე. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებასა და მის მიზნებს, რომელიც ემსახურება ისეთი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც ექნებათ სურვილი და მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ ღია და თავისუფალი, პლურალისტური, დემოკრატიული საზოგადოებების საქმიანობაში.

5.1.1 პრაქტიკული გამოსავალი

მასწავლებელი უნდა უძღვებოდეს დისკუსიებს, რომლებიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე იმართება, მაგრამ არ უნდა იღებდეს მონაწილეობას მათში. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეები დაინტერესდებიან მასწავლებლის მოსაზრებით ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მასწავლებელმა უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მოსწავლეებისათვის ნათელია, რომ მასწავლებელს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია და, ძალიან ხშირად, მოსწავლეები ინტერესდებიან მასწავლებლის შეხედულებებით. ამასთან, საჭიროა მასწავლებელმა ნათელყოს, რომ იგი საუბრობს არა პროფესიონალის, არამედ მოქალაქის პოზიციიდან. ცხადია, მოსწავლეები უცნაურად ჩათვლიან იმ ფაქტს, რომ მათ მასწავლებელს არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მათ, მოსწავლეებს, მუდმივად მოეთხოვებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

მასწავლებლისათვის, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები შეუცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, ძნელი იქნება მოსწავლის მიერ რასიზმის ან ფუნდამენტალიზმის ელფერის მატარებელი ნებისმიერი მოსაზრებების მოსმენა. მაგრამ მასწავლებელმა საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და არგუმენტაციით კი არ უნდა ჩაახშოს მოსწავლეების მხრიდან გამოთქმული მსგავსი ელფერის მატარებელი მოსაზრებები, არამედ უნდა ეცადოს, მიხვდეს, რა დგას ამ მოსაზრებების უკან, რატომ ჩამოყალიბდა მისი მოსწავლის აზროვნებაში მსგავსი შეხედულება და უნდა გამოიწვიოს მოსწავლეები, რათა სხვაგვარად და სხვა კუთხით წაიყვანოს მათი აზროვნება, მაგრამ არა დოგმატური გზებით.