2 – სამუშაო ფურცელი 11: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასება სკოლებში

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 11: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასება სკოლებში

დემოკრატია არ წარმოადგენს ავტომატურ მექანიზმს. დემოკრატია, ერთი მხრივ, ისტორიული მონაპოვარია, ძველი დროის დემოკრატიული ქვეყნების მეშვეობით და, მეორე მხრივ, ხანგრძლივი პროცესის შედეგი, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. დემოკრატიული მიდგომები და დამოკიდებულებები ბუნებრივად არ გვეძლევა, არამედ იქმნება ცალკეული პიროვნების მიერ, სოციალურ კონტექსტში, ოჯახსა თუ სკოლაში მიღებული გამოცდილებების საშუალებით. შეუძლებელია დემოკრატიის სწავლა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე. დემოკრატია თავს უნდა იჩენდეს სკოლის სხვადასხვა, ფორმალურ თუ არაფორმალურ სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, სკოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მყარი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. უფრო მეტიც, „დემოკრატიული სტრუქტურის მქონე და დემოკრატიული პრინციპებით ფუნქციონირებადი სკოლა არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას უწყობს ხელს და ამზადებს მოსწავლეებს, რათა მათ სათანადო ადგილი დაიკაონ საზოგადოებაში და ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად, არამედ ამ პრინციპების ერთგული სკოლა წარმოადგენს უფრო ეფექტურ ინსტიტუციას, სადაც მაღალია ენთუზიაზმი და ასპარეზი ეძლევა შემოქმედებით მოღვაწეობას.42

სკოლების შეფასება შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია როგორც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარისხის შემოწმება, ასევე სკოლაში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ღირებულებების დაცვის ხარისხის კონტროლი. ეს კი  მიიღწევა თვითშეფასების პრაქტიკის გამოყენებით.

სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარისხის შეფასებისათვის საჭიროა მაჩვენებლები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს შემოწმებას ემსახურება. ძირითად სამ სფეროს წარმოადგენს:43

  • სასწავლო პროგრამა, სწავლება და სწავლა;
  • სკოლის გარემო და ეთოსი;
  • მართვა და განვითარება.

გარდა ამისა, მოცემული მაჩვენებლების მიხედვით დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება წარმოადგენს როგორც სკოლის პოლიტიკისა და სკოლის ორგანიზების, ასევე, პედაგოგიური პროცესების წამყვან პრინციპს.

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესულია ინსტრუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც არა მარტო  გარე დამკვირვებლების მიერ შეფასებას, არამედ სკოლის თვითშეფასებას ემსახურება, სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართული ყველა პირის მონაწილეობით. თვითშეფასება, ამ თვალსაზრისით,  აღიქმება არა როგორც პროცესის დასასრული, არამედ, როგორც თვითგანვითარებისა და პროგრესისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი.

დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით სკოლის შეფასების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ წინამდებარე თავში მოცემული სამუშაო ფურცლები 12-დან 18-ის ჩათვლით.

42. ევროპის საბჭო (2007 წელი), სკოლების დემოკრატიული მმართველობა, სტრასბურგი, გვ. 6.
43. ევროპის საბჭო (2005 წელი), სკოლების დემოკრატიული მმართველობა, სტრასბურგი.