გაკვეთილი 2: ჩემი საკუთარი სიმბოლოები (გერბი I)

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: ჩემი საკუთარი სიმბოლოები (გერბი I)

ეს მე ვარ

სწავლის მიზნები მოსწავლეები იმაღლებენ თვითშეფასებას, საკუთარი დადებითი მხარეების გაცნობიერებისა და დაფასების საშუალებით.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ქმნიან სიმბოლოებს, რომლებიც ჯგუფის გერბის ელემენტების სახით იქნება გამოყენებული. ისინი საკუთარ თავს უსვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორია მათ მიერ საკუთარი პიროვნების აღქმა და იყენებენ იმ დადებით მხარეებს, რომლებიც მათ პირველი გაკვეთილის მსვლელობისას აღმოაჩინეს. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს, რაც შემდგომი გაკვეთილისათვის მზადების ელემენტს წარმოადგენს.
რესურსები წინა გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ შევსებული ცხრილები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები მასზე დატანილი გერბით (თითო მოსწავლეზე ორი ასლი), ფერადი ფანქრები, მაკრატელი.
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო, ჯგუფების შექმნა.

ინფორმაცია

ევროპული ტრადიციის თანახმად, გერბი წარმოადგენს ემბლემას, რომელიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას (ან ადამიანთა ჯგუფს) ეკუთვნის და მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ არის შესაძლებელი. ისტორიულად, გერბს იყენებდნენ რაინდები, ამით მათ გამოარჩევდნენ მტრის ჯარისკაცებისაგან. კონტინენტურ ევროპაში, პირს, რომელსაც არ ჰქონდა წოდება, შეეძლო მიეღო უბრალო მოქალაქის გერბი. ბეჭდებისა და ემბლემებისაგან განსხვავებით, გერბი ჰერალდიკური ნიშნებით მორთულ სიმბოლოს წარმოადგენს. დღესაც, 21-ე საუკუნეში, გერბი გამოიყენება ზოგიერთი დაწესებულებისა და პირის მიერ (მაგალითად, ზოგიერთ უნივერსიტეტს სპეციალური წესები გააჩნია გერბის გამოყენებასთან და მის დაცვასთან დაკავშირებით).

გერბების შექმნის, გამოყენების, აღწერისა და აღრიცხვის ხელოვნებას ჰერალდიკა ეწოდება. ქვეყნების, შტატების, პროვინციების, ქალაქებისა და სოფლების მიერ გერბის გამოყენებას სამოქალაქო ჰერალდიკა ეწოდება.

გაკვეთილის აღწერა

1. მეორე გაკვეთილი იწყება მოსწავლეების მცირერიცხოვანი ჯგუფების შექმნით, რომელთაგანაც თითოეულში ოთხი მოსწავლეა გაერთიანებული. მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა რეკომენდებულია სპეციალური თამაშის გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად, ვისაც შეხვდება ერთმანეთთან დაკავშირებული ბარათები ან სურათები, რომელთაგანაც თითო კომპლექტი ოთხი ნაწილისაგან შედგება და ა.შ. მოსწავლეთა ამოცანას ამ თამაშში ერთნაირი ბარათების მფლობელების მოძიება და მათთან ერთად ჯგუფის შექმნა წარმოადგენს.

2. ამის შემდეგ, მოსწავლეები უნდა დასხდნენ ჯგუფებად. თითოეულ მოსწავლეს ურიგდება სამუშაო ფურცელი, რომელზეც გამოსახულია გერბის კონტურები. გარდა ამისა, ყოველ ჯგუფს აქვს ერთი სამუშაო ფურცელი, მასზე ასევე გამოსახული გერბით, რომელიც მათი სამუშაო მაგიდის შუაშია მოთავსებული. გერბი გაყოფილია ოთხ ნაწილად, რომელიც ჯგუფის წევრებმა უნდა გადაინაწილონ. მაგიდაზე მოთავსებული საერთო  გერბის შესაბამის ნაწილში მოსწავლეები ფანქრით თავიანთ სახელებს წერენ. ხოლო მათთვის ინდივიდუალურად დარიგებული გერბებიდან უნდა ამოჭრან ის ნაწილი, რომელიც მათ ერგოთ.

3. ამის შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სიმბოლოს აირჩევდნენ ისინი, რომელიც მათ პიროვნებას ესადაგება. „ეს არის ის, რასაც მე წარმოვადგენ“ – ეს უნდა იყოს ამ დავალების ამოსავალი დევიზი. შესაძლებელია, ამ დევიზს დაემატოს ისეთი გზავნილი, როგორიცაა, „ეს არის ის, რაც მე შემიძლია გუნდს შევმატო“. ამ მიზნით, მასწავლებელმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს, ისარგებლონ იმ ცხრილებით, რომლებიც მათ წინა, პირველ გაკვეთილზე შეავსეს. მათ შეუძლიათ, იდეები მოიძიონ იმ სვეტებში, სადაც მათი პასუხებია დაფიქსირებული კითხვებზე: „რისი კეთებაც მოგწონთ და აკეთებთ“ და „რას არ აკეთებთ, მაგრამ ისურვებდით, რომ აკეთებდეთ“. მოსწავლეების ამოცანა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ მათ უნდა შეარჩიონ სიმბოლო, რომელიც მათ ძლიერ მხარეს გამოხატავს და დაიტანონ ეს სიმბოლო გერბის მათ კუთვნილ ნაწილზე. ქვემოთ მოყვანილი კითხვები მოსწავლეებს დაეხმარება ამ ამოცანის შესრულებაში:

  • როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს?
  • რა გჭირდებათ?
  • რისი კეთება შეგიძლიათ?
  • რას ნანობთ, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადაავლებთ თვალს?