სავარჯიშო 3.4. – გასეირნება საჰაერო ბუშტით

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 3.4. – გასეირნება საჰაერო ბუშტით
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის უფლებების საყოველთაო ღირებულებებს. ისინი ხვდებიან, რომ ადამიანის ზოგიერთი უფლება მეორეში იგულისხმება, მაგრამ ადამიანის უფლებათა სისტემაში მნიშვნელოვანია, დაცულია თუ არა სათითაოდ ყოველი უფლება.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებები ხელშეუვალია და ამ უფლებების თვითნებური გაუქმება დიქტატურას უკავშირდება.

შენიშვნა სავარჯიშო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის უფლებათა შესახებ გაკვეთილების ციკლის დასაწყისში ან მის ბოლოს.
რესურსები ფურცლები და კალმები, სასურველია დიდი ზომის ფურცლები კედელზე გასაკრავად; უფლებათა ჩამონათვალი, რომლებს შორისაც მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი უძღვება თამაშს. მოსწავლეები ქმნიან ხუთ–ექვსკაციან ჯგუფებს. თითოეულ ჯგუფს გადაეცემა თითო პოსტერი და ფლომასტერები. მოსწავლეები ხატავენ  საჰაერო ბუშტს ოკეანის თავზე. პოსტერზე მაგრდება ათი ბალასტის (სამძიმი) ტომარა, რომლებიდანაც თითოეული სიმბოლურად გამოხატავს ადამიანის თითო უფლებას (ჩამონათვალი იხილეთ ქვევით).
  2. თამაში იწყება. მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ამ „ადამიანის უფლებათა საჰაერო ბუშტით“ მგზავრობენ. ბუშტი დაშვებას იწყებს და მგზავრებმა ბალასტის რამდენიმე ტომარა უნდა გადააგდონ საჰაერო ბუშტიდან, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული კატასტროფა.

    მოსწავლეთა ამოცანას წარმოადგენს არჩევანის გაკეთება ადამიანის იმ უფლებებს შორის, რომლებიც თამაშში ბალასტის ტომრების სახით არის წარმოდგენილი. მათ, არჩევანის გაკეთებისას, მოუწევთ შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება: არის რომელიმე უფლება ისეთი, რომელიც მეორეში იგულისხმება? რომელი უფლებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის? ჩვენი პირადი საჭიროებისთვის?

  3. ასეა თუ ისე, საჰაერო ბუშტი ძირს მიექანება და მეტი ბალასტის თავიდან მოშორებაა საჭირო, რეგულარული ინტერვალებით. მას შემდეგ, რაც ოთხ ან ხუთ ტომარას გადააგდებენ, საჰაერო ბუშტი მშვიდობით დაეშვება მიწაზე.
  4. საბოლოოდ მთელი კლასის მიერ ხორციელდება შედეგების შეჯამება. ყოველი ჯგუფი წარადგენს საკუთარ სიას და ხსნის, რითი ხელმძღვანელობდნენ არჩევანის გაკეთებისას. მოსწავლეთა ჯგუფები ერთმანეთს ადარებენ საკუთარ შედეგებს. არის განსხვავება მათ არჩევანში? დეტალური მოხსენებები ჯგუფური სამუშაოს შესახებ ურიგო არ იქნება. რთული იყო შეთანხმების მიღწევა? გაგიჭირდათ პრიორიტეტი მიგენიჭებინათ რომელიმე უფლებისადმი, სხვა უფლების დათმობით? სასურველია, მოსწავლეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ადამიანის ყველა ჩამოთვლილი უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა უფლებას ანიჭებს პრიორიტეტს, როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება.

    მოქმედ კონსტიტუციაში, რომელიმე ამ უფლების გაუქმება სერიოზულ ზიანს აყენებს დემოკრატიას. ადამიანის უფლებები თანდაყოლილი უფლებებია და, აქედან გამომდინარე, ხელშეუვალი. საჰაერო ბუშტით გასეირნება იყო იმ სიტუაციის სიმულაცია, რომელიც, იმედი გვაქვს, არასოდეს განხორციელდება – დიქტატურა.

    თუ მოსწავლეები ეჭვის ქვეშ დააყენებენ თამაშის წესებს და ჩათვლიან რომ ეს წესები უსამართლო იყო ზემოთ ხსენებული თვალსაზრისით, სწავლის მიზანი მიღწეულია.

    შესაძლებელია ამ შემაჯამებელი ეტაპის გავრცობა: ამ უფლებათაგან რომელია შესული ქვეყნის კონსტიტუციაში და როგორ არის იგი დაცული/უზრუნველყოფილი.

გაგრძელება

თუ სავარჯიშო სრულდება მცირეწლოვან მოსწავლეებთან, ბალასტის შინაარსი – უფლებები – უნდა შეიცვალოს ისეთი საგნებით, რომლებიც ბავშვებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგალითად, „თავისუფალი არჩევნები“ უნდა შეიცვალოს „სათამაშოებით“. შემაჯამებელ ეტაპზე ეს საგნები უნდა დავაკავშიროთ ბავშვთა უფლებებთან.

მასალა

ინფორმაცია

ბალასტის (სამძიმ) ტომრებში  მოთავსებულია შემდეგი უფლებები:

  • თავისუფალი არჩევნები
  • საკუთრების (განკარგვის) თავისუფლება
  • ქალისა და მამაკაცის თანასწორობა
  • სუფთა და ჯანსაღი გარემო
  • ჯანსაღი საკვებისა და სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა
  • განათლების უფლება
  • აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
  • ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა სამოსითა და საცხოვრებლით
  • პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა
  • გადაადგილების თავისუფლება