გაკვეთილი 3: როგორ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: როგორ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?

მოსწავლეები დგამენ პირველ ნაბიჯებს სკოლის ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად

სწავლის მიზნები მოსწავლეები ადგენენ გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტულ გეგმას. ამ ეტაპზე მოსწავლეების მიზანს უნდა წარმოადგენდეს დროის გონივრულად დაგეგმვა, ჯგუფში კომპრომისზე წასვლის უნარის დემონსტრირება და ზოგადი მოქნილობა.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ცდილობენ, მათთვის განსაზღვრულ დროში განახორციელონ დაგეგმილი საქმიანობები.
რესურსები ინდივიდუალური სამუშაო, რომელიც დამოკიდებულია სამოქმედო გეგმაზე.
მეთოდები პრაქტიკული საქმიანობა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეებმა კლასის წინაშე უნდა წარადგინონ მათ მიერ შედგენილი საანგარიშო კითხვარები, რა მიზნითაც ისინი მოკლე პრეზენტაციებით გამოდიან. ამ გაკვეთილზე მასწავლებელს პირველად უწევს მოსწავლეებთან დიალოგის გამართვა იმ პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებაზე, რომელსაც ისინი ფლობენ:

  • რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ?
  • რა საჭიროებს შეცვლას?
  • რა სახის წინააღმდეგობა შეიძლება ხვდეს ჩვენს ძალისხმევას?

საერთო საკლასო ფორმატში, მოცემული საკითხების განხილვის შემდეგ, საჭიროა მიღებული იქნეს კონკრეტული გადაწყვეტილებები:

  • რის გაკეთებას ვისურვებდით პირველ რიგში?
  • რა დრო გვინდა დავუთმოთ ამ საქმიანობას?
  • შეგვიძლია ამ მიზნით ჩამოვაყალიბოთ ეგრეთ წოდებული „ბუნების დამცველთა ჯგუფი“?
  • გვსურს მხოლოდ ერთ ასპექტზე მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა (მაგალითად, წყალი, ნარჩენები ან ელექტროენერგია), თუ გვსურს ზოგადი ღონისძიებები გავატაროთ ბუნების დაცვის ყველა სფეროში?

აუცილებელია ისეთი ამოცანების შერჩევა, რომელსაც მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს. ამისათვის საჭიროა ინფორმაციის მოპოვება ან, სკოლის მასშტაბით, კამპანიის წამოწყება ამ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევისა და მის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით.

მოსწავლეთა ჯგუფის („ბუნების დამცველთა ჯგუფი“) ხელმძღვანელობით შემუშავებულ უნდა იქნას მოკლე სამუშაო გეგმა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მოვალეობების გადანაწილება. სამუშაო გეგმა დატანილ უნდა იქნეს ფლიპჩარტზე ან დიდი ფორმატის ქაღალდზე, რომელიც დაფაზე უნდა გაიკრას.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მასწავლებლის ჩართულობა დამოკიდებულია კლასის დონეზე. მნიშვნელოვანია, მოსწავლეების დამოკიდებულება ამ პროექტისადმი, არ გასცდეს რეალობის ფარგლებს და მათ არ დასახონ არარეალური და განუხორციელებელი მიზნები, რომლისთვისაც არ ფლობენ საჭირო მასალასა და რესურსებს. შესაძლებელია, მოსწავლეებს დამატებითი ფინანსური სახსრები დასჭირდეთ ან კონსულტაციების გავლა მოუწიოთ სკოლის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებთან. ამგვარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კლასმა.

მოსწავლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაძლებელია, შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ სფეროში მცირედი გამუჯობესებისათვის საჭირო პროცედურებზე, მაგალითად, ნათურების გამორთვა, როდესაც არ არის მათი გამოყენების აუცილებლობა, სკოლის ნარჩენების დახარისხება ორგანულ და არაორგანულ ნარჩენებად და ა. შ.

ამგვარი ამოცანების შესრულება უნდა განხორციელდეს შემდეგ გაკვეთილამდე, ინდივიდუალურად ან მოსწავლეების მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ პროცესების დოკუმენტური ასახვა, ფოტოებსა ან ნახატებში და ა. შ. მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.