გაკვეთილი 1: სურვილები, ძირითადი საჭიროებები, ადამიანური ღირსება და ადამიანის უფლებები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: სურვილები, ძირითადი საჭიროებები, ადამიანური ღირსება და ადამიანის უფლებები

მაქვს უფლება, მოვიქცე ისე, როგორც მსურს?

სწავლის მიზანი მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ადამიანის ღირსეული ცხოვრების წინაპირობაა.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები აკავშირებენ თავიანთ სურვილებს საკუთარ საჭიროებებთან და ადამიანის უფლებებთან.
საჭირო მასალა

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.1 (ჯგუფზე ერთი სამუშაო ფურცელი; ჯგუფი 4-5 მოსწავლისაგან შედგება)

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2 (ჯგუფზე ერთი სამუშაო ფურცელი; ჯგუფი 4-5 მოსწავლისაგან შედგება).

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

ჯგუფური მუშაობა. დისკუსია.

კრიტიკული აზროვნება.

ცნებები

აუცილებელია, მოსწავლეებმა კარგად განასხვაონ სურვილი საჭიროებისაგან. ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის, არის საჭიროება. ადამიანის უფლებების ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველს სწორედ ადამიანის საჭიროებები წარმოადგენს.

ეს გაკვეთილი შეგიძლიათ გამოიყენოთ პოსტერის აქტივობისთვის და დამატებითი კონცეპტუალური აზროვნების სამუშაოს შესასრულებლად.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, მაგრამ დეტალურად არ აღწერს გაკვეთილის თემას. მოსწავლეები იწყებენ ერთმანეთის გამოკითხვას მათი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ. მოგვიანებით ისინი აღმოაჩენენ, რომ ბევრი საჭიროება ადამიანის უფლებებს მჭირდოდ უკავშირდება. შემდეგ მოსწავლეები 4-5 კაციან ჯგუფებად იყოფიან და დავალებებს ორ წყებად იღებენ. მასწავლებელი მოსწავლეებს ჯერ პირველ დავალებას აცნობს და მხოლოდ პირველი დავალების დასრულების შემდეგ აცნობს მეორეს. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება მოსწავლეების ინდივიდუალური ტემპის გათვალისწინება.

  • დავალება 1: მოსწავლის სამუშაო ფურცელი  5.1 ,,სურვილები, საჭიროებები და უფლებები“.  სამუშაო ფურცელზე დატანილი ცხრილის მარცხენა სვეტში ჯგუფები აყალიბებენ  ,,მატერიალურ” სურვილებს (მაგალითად, ,,კარგი ვახშამი“). ყოველი ,,მატერიალური“’ სურვილის შემდეგ წერენ მინიმუმ სამ ,,არამატერიალურ“ სურვილს (მაგალითად, ,,ვიყო სიყვარულის ობიექტი“). შემდეგ მოსწავლეები ფიქრდებიან იმ საჭიროებებზე, რომელთაც ეს სურვილები უკავშირდება და საჭიროებებს მეორე სვეტში, სურვილების გასწვრივ წერენ.
  • დავალება 2: როცა ჯგუფი ასრულებს მუშაობას პირველ დავალებაზე, მასწავლებელი მას აძლევს სამუშაო ფურცელ 5.2-ს, რომელზეც ადამიანის უფლებებია ჩამოთვლილი. მოსწავლეებმა უნდა მიუწერონ სურვილებსა და საჭიროებებს შესაბამისი უფლებები (მაგალითად, ,,საკვების უფლება“, ,, დისკრიმინაციისაგან თავისუფლება“). ამ უკანასკნელთა ჩამონათვალი სამუშაო ფურცელ 5.1-ის ბოლო, მარჯვენა სვეტში კეთდება.
  • დავალება 3: ის ჯგუფები, რომლებიც წინა ორ დავალებას დროულად დაასრულებენ, შეიძლება შეუდგნენ ადამიანის უფლებათა პოსტერზე მუშაობას. ამ მიზნით ისინი ირჩევენ ერთ საჭიროებას და შესაბამის უფლებას. ჯგუფმა უნდა განიხილოს შერჩეული საჭიროება და უფლება, შემდეგ კი ორიგინალურად გამოსახოს ისინი პოსტერზე.

ჯგუფებში მუშაობის დასრულების შემდეგ, მასწავლებელი ჯგუფების იდეებს დაფაზე ან ფლიპჩარტზე წერს. ფლიპჩარტის გამოყენება უკეთესია, რადგან შემდეგ ის შეიძლება კედელზე განთავსდეს. მასწავლებელი სამუშაო ფურცელ 5.1-ზე გამოსახული ცხრილის მსგავს ცხრილს დაფაზე/ფლიპჩარტზე ხატავს და თითოეული ჯგუფის სურვილებით, საჭიროებებითა და უფლებებით ავსებს მანამ, სანამ დაფაზე/ფლიპჩარტზე არ იქნება, დაახლოებით, ათი სურვილი, საჭიროება და შესაბამისი უფლება.

შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას ქვემოთ მოყვანილი იდეების გარშემო:

  • ,,თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი სურვილები და საჭიროებები ადამიანის უფლებათა კონვენციას შეესაბამება. ამას ახსნა-განმარტება სჭირდება!”
  • ,,ჩვენ არ გვიფიქრია კონვენციაში დაცულ ზოგიერთ უფლებაზე. შესაძლოა, ისინი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ან რომელიმე სხვა უფლებაში იგულისხმება. რას ფიქრობთ?”
  • ,,შეხედეთ ადამიანის უფლებათა ნუსხას. როცა თქვენ აყალიბებთ, თუ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვროთ და როცა ფიქრობთ იმაზე, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს სხვა ქვეყნებში, რეგიონებში ან კონტინენტებზე, როგორ ფიქრობთ, რა აკლია ამ ნუსხას? ადამიანთა რომელ უფლებას დაამატებდით?”

დისკუსიის ბოლოს, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მსოფლიოში არ წყდება დებატები ადამიანის უფლებათა შესახებ. შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება: ,,ადამიანის უფლებები საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ“. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ამ დასკვნის ალტერნატივებზე იფიქრონ, რაც შეიძლება, საშინაო დავალებადაც მიეცეთ. შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დაამატონ იდეები კედელზე გაკრულ ფლიპჩარტზე ჩამოთვლილ სურვილებს, საჭიროებებსა და უფლებებს. ეს მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ფიქრი ამ საკითხზე.

დამატებითი დავალების სახით, მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ, მოამზადონ პოსტერები ადამიანის უფლებათა თემაზე. ამ მიზნით, მათ შეიძლება, გამოიყენონ გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამოჭრილი სტატიები, ნახატები და ა.შ. შესაძლებელია მოსწავლეთა პოსტერების გამოფენის მოწყობაც და/ან კლასის კედლებზე მათი განთავსება.

ბოლოს, მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის მიზნებსა და გაკვეთილზე გამოთქმულ მოსაზრებებს; მას შეუძლია, მოსწავლეებს აუხსნას, რომ ის ინდუქციურ მიდგომას იყენებს. ამ მიდგომის არსი კი მდგომარეობს, პიროვნული გამოცდილებისა და იდეების განხილვის საფუძველზე, კონკრეტულ თეორიულ დასკვნებამდე მისვლაში.