მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.2: მამაკაცები და ქალები: მოთხრობა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.2: მამაკაცები და ქალები: მოთხრობა

ამბავი 1

,,ეს არაერთხელ მომსვლია. დედაჩემი თვლის, რომ სადილის შემდეგ ბავშვებმა უნდა აალაგონ მაგიდა, ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანონ, ყველაფერი დარეცხონ, გაამშრალონ და კარადაში დააბინაონ. ჩემმა ძმებმა, რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ, მითხრეს, რომ ეს მათი საქმე არ იყო და მაგიდა მე უნდა ამელაგებინა ხოლმე, რადგან მე გოგონა ვიყავი. მე იძულებული ვიყავი, მათ დავმორჩილებოდი. საღამოს მამას შევჩივლე ეს ამბავი. მამამ მითხრა, რომ კარგია, თუ საოჯახო საქმის კეთებას მივეჩვევი, რადგან ეს დიასახლისობისათვის მომამზადებს.”

შეკითხვები

  1. თქვენს ოჯახში ასეთი რამ მოხდებოდა?
  2. წარმოიდგინეთ, რომ ეს გოგონა თქვენ ხართ. რას ეტყოდით თქვენს ძმებს? რას ეტყოდით მამას?
  3. ეთანხმებით თუ არა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს? როგორ შეიძლება მივუსადაგოთ დეკლარაციის ეს მუხლი ზემოთ მოყვანილ ამბავს?

,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.

ამბავი 2

,,სკოლის სათამაშო მოედანზე ჩემ გარშემო ექვსი ბიჭი იდგა. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ,,ბიჭებო, ეს მართლა გოგოა? ხომ არ შეგვემოწმებინა?” ერთ-ერთი მათგანი ამ სიტყვების შემდეგ მომიახლოვდა და ჩემი შეხება სცადა. სწორედ ამ დროს სათამაშო მოედანზე დირექტორი შემოვიდა. ბიჭები მაშინვე გაიქცნენ.”

შეკითხვები

  1. შეიძლება თუ არა, რომ ანალოგიური შემთხვევა თქვენი სკოლის სათამაშო მოედანზე მოხდეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  2. წარმოიდგინეთ, რომ ეს გოგონა თქვენ ხართ. რას ეტყოდით ამ ბიჭებს?
  3. წარმოიდგინეთ, რომ ამ სცენას შორიდან სხვა ბიჭი ხედავს. უნდა ჩაერიოს ის? განმარტეთ თქვენი მოსაზრება. თუ ჩარევის მომხრე ხართ, როგორ შეძლებდა ეს ბიჭი ჩარევას?
  4. შემდეგი განმარტების მიხედვით, ეს შემთხვევა ,,სექსუალურ შეურაცხყოფად“  შეიძლება ჩაითვალოს?

,,სექსუალური შეურაცხყოფა არის სექსუალური ხასიათის სიტყვიერი, მოქმედებით გამოხატული, ან ფსიქოლოგიური ქმედება, რომელიც ადამიანის თავმოყვარეობას ლახავს, იწვევს შიშს, მტრულ დამოკიდებულებას. სექსუალური შეურაცხყოფა  უკავშირდება საწინაარმდეგო სქესს, ან სხვა სექსუალურ ორიენტაციას და მსხვერპლისათვის მიუღებელ ფიზიკურ თუ სიტყვიერ მინიშნებებს ან საქციელს მოიცავს“.

ამბავი 3

,,მე, როგორც ინჟინერმა, სამშენებლო კომპანიაში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე შევიტანე განაცხადი. მიმიწვიეს ტესტირებაზე, 24 სხვა კანდიდატთან ერთად. ყველა მამაკაცი იყო, ჩემ გარდა. ტესტირების შემდეგ შეირჩა 5 ადამიანი, რომელსაც გენერალურ მენეჯერთან ინტერვიუ უნდა ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების შედეგებით მე-3 ადგილზე მოვხვდი, ინტერვიუზე არ მიმიწვიეს (ჩემი ტესტირების ქულები კონფიდენციალურად გავიგე მეგობრისაგან, რომელიც ამ კომპანიის ადმინისტრაციაში მუშაობდა). შევეცადე, გენერალურ მენეჯერს ტელეფონით დავკავშირებოდი. საუბრის დროს ვკითხე, ინტერვიუს კანდიდატების შერჩევისას თუ გაითვალისწინეს სქესი. მან მითხრა, რომ სქესი არ გაუთვალისწინებიათ, თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთ თანამდებობაზე ქალების აყვანა არასასურველია, რადგან, ორსულობის შემთხვევაში, მათ სამსახურის დროებით დატოვება უწევთ, ეს კი პრობლემებს ქმნის ხოლმე. გენერალურმა მენეჯერმა ისიც მითხრა, რომ ქალს ამ თანამდებობაზე მუშაობა გაუჭირდებოდა, რადგან გუნდში მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. შესაბამისად, მისი თქმით, ბედმა გამიღიმა, რომ არ შემარჩიეს.”

შეკითხვები

  1. შეიძლება ასეთი რაღაც თქვენს რეგიონში არსებულ კომპანიაშიც მოხდეს?
  2. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეს ქალი ხართ. რას ეტყოდით გენერალურ მენეჯერს?
  3. გენერალური მენეჯერის ასეთი საქციელი შეესაბამება თქვენი ქვეყნის კანონმდებლობას? თუ არ შეესაბამება, როგორ დაადასტურებდით ამას?

,,სამსახურში აყვანისას ადამიანის ნებისმიერი გენდერული დისკრიმინაცია – ვაკანსიის განაცხადში, შერჩევის პროცესში, დაქირავებისა და გათავისუფლების დროს – ეწინააღმდეგება ამ კანონს“.