გაკვეთილი 4: სოციალური სამართლიანობა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: სოციალური სამართლიანობა

როგორ უნდა გავართვათ თავი უთანასწორობას?

სწავლის მიზანი მოსწავლეები იაზრებენ, რომ საზოგადოებაში გვხვდება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის შემთხვევები.
მოსწავლის დავალება

მოსწავლეები განიხილავენ დისტრიბუციული სამართლიანობის საკითხებს.

მოსწავლეები იმეორებენ ბოლო გაკვეთილებზე განხილულ მასალას.

საჭირო მასალა მოსწავლის სამუშაო ფურცელ  2.3-ის ასლები, რომელიც ნაწილებად იქნება დაყოფილი მოსწავლეთა თითოეული წყვილისათვის (აუცილებელი არ არის).
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  მუშაობა ტექსტზე, წყვილებში მუშაობა, კრიტიკული აზროვნება.

 

ინფორმაცია:

ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმაზე, თუ რა არის სოციალური სამართლიანობა. ამ გაკვეთილში წარმოდგენილი ამბავი დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რამდენად რთული და მრავალმხრივია ეს საკითხი და რა უნდა იყოს სოციალური სამართლიანობის ძირითადი პრინციპები.

გაკვეთილი

მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის გეგმას აცნობს: მოსწავლეებისათვის მოთხრობის დარიგების შემდეგ, ისინი მის კითხვას იწყებენ. თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები დისკუსიას გამართავენ. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ტექსტი თავად წაუკითხოს.

მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებად ჰყოფს და თითოეულ წყვილს ურიგებს მოსწავლის სამუშაო ფურცელ 2.3-ის პირველ ნაწილს. მასწავლებელს შეუძლია, წაუკითხოს ის მოსწავლეებს, რომელიმე მოსწავლეს სთხოვოს წაკითხვა, ან მოსწავლეებს მისცეს რამდენიმე წუთი, რათა ისინი თავად გაეცნონ ტექსტს.

მოთხრობა: I ნაწილი

,,დაახლოებით ერთი საათი გავიდა განგაშის პირველ ზარსა და გემ ,,დედოფალ მედის” ჩაძირვას შორის. შესაბამისად, მგზავრებს ჰქონდათ გარკვეული დრო, რათა ორგანიზებულად ჩამსხდარიყვნენ სამაშველო ნავებში. ძლიერი ქარის გამო, გემი შეეჯახა ნავთობტანკერს, რამაც გემის ჩაძირვა გამოიწვია.

დაახლოებით 12 საათის შემდეგ სამაშველო ნავები პატარა კუნძულს მიუახლოვდნენ. ამ კუნძულს ოვალური ფორმა ჰქონდა – 1.5 კმ სიგრძის და 700 მეტრამდე სიგანის; ნაწილობრივ დაფარული იყო ტყით. ახლომახლოს  სხვა კუნძული არ ჩანდა. ამ მზიან კუნძულზე არავინ ცხოვრობდა, რიშალონების ოჯახის გარდა, რომლებიც შემაღლებულ ადგილას, ძვირფას ვილაში სახლობდნენ და მთელ კუნძულს ფლობდნენ.

ეს ოჯახი კუნძულზე რამდენიმე წლის წინ დასახლდა და თითქმის არ ეკონტაქტებოდა დანარჩენ სამყაროს; მათ ისე ჰქონდათ აწყობილი ცხოვრება, რომ ყოველთვიურად იღებდენ საჭირო საკვებს, საწვავს და სხვა ნივთებს ეს ყველაფერი  მათთან, კუნძულზე  შეკვეთით  მოჰქონდათ. რიშალონებს ძალიან კარგად ჰქონდათ ორგანიზებული ყველაფერი: ისინი თავად აწარმობდნენ ელექტროენერგიას, შეეძლოთ საკმარისი საკვები და სასმელი შეეკვეთათ და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდათ შექმნილი. ამ კუნძულის მეპატრონე წარსულში ძალიან წარმატებული ბიზნესმენი იყო; საგადასახადო პრობლემების გამო, მას იმედი გაუცრუვდა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და გადაწყვიტა, გარიდებოდა ყოველდღიურობას.

კუნძულის მეპატრონემ შენიშნა, რომ ხალხით სავსე სამაშველო ნავები მის კუნძულს მიუახლოვდნენ და გამოვიდა ხალხთან”.

მასწავლებელი მოსწავლეებს პირველ შეკითხვას უსვამს: აქვს თუ არა ამ კუნძლის პატრონს მორალური ვალდებულება, რომ გადარჩენილი ხალხი თავის კუნძულზე დაუშვას? დასახმარებლად მასწავლებელი მათ უკითხავს სხვადასხვა ვარიანტს და თითოეულ წყვილს სთხოვს, დაეთანხმონ, ან უარყონ ეს ვარიანტები. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და, თითოეულ ვარინატთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებას ინიშნავენ. ეს ვარიანტებია:

ა. კუნძულის მეპატრონეს შეუძლია, არ დაუშვას ეს ადამიანები თავის კუნძულზე;

ბ. კუნძულის მეპატრონეს შეუძლია, არ დაუშვას ეს ადამიანები თავის კუნძულზე, რადგან მას მოუწევს ამ ხალხის გამოკვება;

გ. კუნძულის მეპატრონეს შეუძლია, არ დაუშვას თავის კუნძულზე ისინი, ვინც ვერაფერს გადაუხდის მას (ფულით, ძვირფასეულობით, ან საკუთარი შრომით);

დ. კუნძულის მეპატრონემ უნდა მისცეს ამ ხალხს საშუალება, რომ კუნძულზე დარჩნენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. გადარჩენილი ხალხი კი მორალურად ვალდებულია, პატივი სცეს კუნძულის მეპატრონის საკუთრებასა და პირად ცხოვრებას;

ე. კუნძულის მეპატრონემ გადარჩენილი ხალხი კუნძულზე უპირობოდ უნდა დაუშვას და კუნძულის თანამესაკუთრეებად ჩათვალოს.

მასწავლებელს შეუძლია, დასვას შემდეგი ტიპის შეკითხვები, რათა მოსწავლეების დამოკიდებულება განსაზღვროს: ,,რამდენმა თქვენგანმა ჩათვალა, რომ არჩევანი ა არის ყველაზე მისაღები?~ ,,რამდენმა აირჩია ვარიანტი ბ~? ,,რატომ~?

შემდეგ მასწავლებლი მოსწავლეებს მოთხრობის მეორე ნაწილს ურიგებს.

მოთხრობა: II ნაწილი

,,კუნძულის მეპატრონემ ნება დართო დაზარალებულებს, ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ კუნძულზე; ის მოელოდა, რომ გადარჩენილი ხალხი საკუთარი საჭმლისა და მათი მომსახურების ფულს გადაიხდიდა. მანამ, სანამ ხალხს  გემიდან წამოღებული საჭმელი ჰქონდა, კუნძულის მეპატრონე საკუთარ საჭმელს არ ჰყიდდა.

სულ 13 ადამიანი გადარჩა; მათ შორის იყვნენ: ვიქტორი და მისი ორსული მეუღლე ორი ბავშვით (7 და 3 წლის); ჯონი, ქეითი, ლეო და ალფრედი – 4 ახალგაზრდა მეგობარი – ძლიერნი, ჯანმრთელნი და მოხერხებულნი, რომლებიც მანამდე მათ მიერვე მოწყობილ სახლში ერთად ცხოვრობდნენ; 64 წლის აბრამოვიჩი, მდიდარი ძვირფასეულობით მოვაჭრე; ეს უკანასკნელი გახლდათ ჯგუფის ყველაზე მხცოვანი წევრი, მას არ ჰყავდა ნათესავები და მეგობრები. აბრამოვიჩს თან ჰქონდა ოქროს ბეჭდების, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი თვლების მთელი კოლექცია; მარიას, იურისტს, რომელიც უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, აწუხებდა მარცხენა ფეხი და წვივი და ძლივს დადიოდა; მარიას თან ახლდა მაქსი, მისი ასისტენტი უნივერსიტეტში. მარია და მაქსი, პენიტენციალური სამართლის სპეციალისტები, ერთად მიემგზავრებოდნენ აშშ-ში, რათა კონფერენციაზე ერთობლივი პრეზენტაცია გაეკეთებინათ; მარკო და მისი მეგობარი გოგონა ვიკი კი გემის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები იყვნენ, რომლებმაც გემიდან წამოიღეს სხვადასხვა საკვები, ცხიმი და ჭურჭელი.

ყველა გადარჩენილს ცოტაოდენი ფული ჰქონდა თან. განსაკუთრებით ბევრი ფული ჰქონდა მარკოს, რომელმაც ეს ფული ერთ-ერთი ბინიდან მოიპარა იმ ბოლო პორტში, სადაც გემი ჩაძირვამდე შეჩერდა.

კუნძულზე, ზღვისპირას, პატარა ზომის ნაგებობაში, ერთადერთი ოთახი იყო, რომელშიც 2-3 ადამიანი თუ დაეტეოდა.”

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა გამოიყენოს ეს თავშესაფარი. დასახმარებლად მასწავლებელი უკითხავს სხვადასხვა ვარიანტს და სთხოვს თითოეულ წყვილს, დაეთანხმონ, ან უარყონ ეს ვარიანტები. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და, თითოეულ ვარინატთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებას ინიშნავენ. ეს ვარიანტებია:

ა. ორსული ქალი და მისი ბავშვები;

ბ. ოთხი ახალგაზრდა მეგობარი, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ თავშესაფრის საცხოვრებლად მოწყობა;

გ. ძვირფასეულობის გამყიდველი, რომელსაც შეუძლია საფასურის გადახდა;

დ. მარკო და მისი მეგობარი გოგონა, იმ პირობით, რომ საკვებს სხვებსაც გაუზიარებენ;

ე. იურისტი, რომელსაც ამ ხალხს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავიანთ პასუხებს ჩამოაყალიბებენ, მასწავლებელი მოთხრობის შემდეგ ნაწილზე გადადის.

,,გადარჩენილ ხალხს უნდა მოეფიქრებინა, რა შეიძლება მოემოქმედათ, რათა მარკო საკვების გაზიარებაზე დათანხმებოდა. გასათვალისწინებელია, რომ საკვების გაზიარებით მარკო საკუთარი და მისი მეგობარი გოგონის გადარჩენის შესაძლებლობას შეამცირებდა“.

მოთხრობა: III ნაწილი

,,გადარჩენილ ხალხს უნდა მოეფიქრებინა, რა შეიძლება მოემოქმედათ, რათა მარკო საკვების გაზიარებაზე დათანხმებოდა. გასათვალისწინებელია, რომ საკვების გაზიარებით მარკო საკუთარი და მისი მეგობარი გოგონის გადარჩენის შესაძლებლობას შეამცირებდა“.

ახლა კი წყვილებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა მიიღოს საკვები მარკოს მიერ გემიდან წამოღებული მარაგიდან. მოსწავლეთა დასახმარებლად მასწავლებელი კითხულობს სხვადასხვა ვარიანტს და თითოეულ წყვილს სთხოვს, დაეთანხმონ, ან უარყონ ეს ვარიანტები. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და, თითოეულ ვარინატთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებას ინიშნავენ. ეს ვარიანტებია:

ა. მარკოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ საკვები თავისთვის და ვიკისთვის შეინახოს;

ბ. გემიდან წამოღებული საკვები თანაბრად უნდა განაწილდეს გადარჩენილ ადამიანებზე;

გ. საკვები უნდა დარჩეს მას, ვინც ყველაზე დიდ ფულს გადაიხდის (გადახდის საშუალება, ასევე, შეიძლება იყოს საქონელი, ან მომსახურება).

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავიანთ პასუხებს ჩამოაყალიბებენ, მასწავლებელი მოთხრობის ბოლო ნაწილზე გადადის.

მოთხრობა: IV ნაწილი

მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ, თუ ვინ შეიძლება მოსთხოვოს საკვები კუნძულის მეპატრონეს და როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს.

,,გადარჩენილებმა გადაწყვიტეს, რომ საკვები უნდა გაიზიარონ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე; მათ მორალურ ვალდებულებაზე მითითებით აიძულეს მარკო, დაეთმო მთელი საკვები. დაახლოებით, ერთ კვირაში აღარ დარჩა არანაირი საკვები. ვილის მეპატრონისაგან საკვების მოთხოვნა გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა.”

მოსწავლეთა დასახმარებლად მასწავლებელი კითხულობს სხვადასხვა ვარიანტს და თითოეულ წყვილს სთხოვს, დაეთანხმონ, ან უარყონ ეს ვარიანტები. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და, თითოეულ ვარინატთან დაკავშირებით, საკუთარ დამოკიდებულებას ინიშნავენ. ეს ვარიანტებია:

ა. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მიდის კუნძულის მეპატრონესთან (საკვების კომპენსაციას გადაიხდიან ფულით, საქონლით ან მომსახურებით). ასეთ შემთხვევაში ქალბატონი, ორი ბავშვით და იურისტი, ასისტენტით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან;

ბ. ყველა არსებული რესურსი (ფული და ძვირფასეულობა) თანაბრად უნდა გადანაწილდეს გადარჩენილებზე, თავდაპირველი მესაკუთრის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ყველა მოიპოვებს თანაბარი რაოდენობის საკვებს. დამატებითი საკვების მოსაპოვებლად კი ადამიანს კუნძულის მეპატრონისათვის გარკვეული სამუშაოების შესრულება დასჭირდება;

გ. ვარიატი ბ შემდეგი დამატებით: ყველა მუშაობს შესაძლებლობების მიხედვით და სხვებს უნაწილებს საკუთარი შრომით მოპოვებულ საკვებს;

დ. ძვირფასეულობით მოვაჭრეს შეუძლია, იყიდოს ყველაფერი, რასაც კუნძულის მეპატრონე მიჰყიდის მას და დანარჩენებს საკვებით ,,დაეხმაროს~.

პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ამ მოთხრობის რეალურ ცხოვრებასთან მისადაგებაში ეხმარება.

მსგავსი სიტუაციები რეალობაში თუ შეგხვედრიათ/გაგიგონიათ მათ შესახებ?

ა. …. თქვენს სამეზობლოში ან ოჯახში?

ბ. …. თქვენს ქვეყანაში?

გ. …. მსოფლიოში?

იმ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც საჭმლის, წყლის, საცხოვრებლის და ა. შ. განაწილებაზე გსმენიათ, რას თვლით უსამართლობად?

ა. …. თქვენს სამეზობლოში ან ოჯახში?

ბ. …. თქვენს ქვეყანაში?

გ. …. მსოფლიოში?

რატომ?

გაკვეთილის ბოლოს განხილულ უნდა იქნეს ამ თავის მთავარი ცნება. მასწავლებელმა ამ თემას შეიძლება კიდევ ერთი გაკვეთილი დაუთმოს. მასწავლებლი იწყებს მოკლე ლექციით და მოსწავლეებს თანასწორობასთან და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას; მას შეუძლია, მოამზადოს მოსწავლის სამუშაო ფურცელი, რომელიც სხვადასხვა განმარტებას მოიცავს. შემდეგ მოსწავლეები მცირე ზომის ჯგუფებში მიმოიხილავენ განვლილ ოთხ გაკვეთილს: რა განიხილეს? რა ისწავლეს? რომელ ახალ შეკითხვებზე ჩაფიქრდნენ? ამ დროისათვის, მოსწავლეებს, სასურველია, ჰქონდეთ წინადადებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღმოფხვრან უთანასწორობის შემთხვევები თავიანთ რეალურ ცხოვრებაში.