სავარჯიშო 4.7. – ტურისტები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 4.7. – ტურისტები
საგანმანათლებლო მიზანი

მოცემული სავარჯიშო წარმოადგენს კულტურათა შეჯახების სიმულაციას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დააკვირდნენ და შეისწავლონ ის სტერეოტიპები, რომელიც მათ შემოაქვთ სავარჯიშოს შესრულების დროს. მოსწავლეები ეცნობიან შესაძლო კონფლიქტს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მსგავს სიტუაციაში. მოსწავლეები „სხვის ადგილზე თავის წარმოდგენით“, ცვლიან საკუთარ ხედვას.

მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციის უნარი.

რესურსები ფურცელი ან მუყაოს ფურცელი, ფერადი მარკერები; თუ შესაძლებელია, ტურისტის აღჭურვილობა, მაგ. კამერა.

 

მსვლელობა

შენიშვნა მეთოდის შესახებ:

საუკეთესო ვარიანტია ორი სხვადასხვა კლასის გაერთიანება ამ სავარჯიშოს შესასრულებლად, რომელთაგანაც თითოეულს ხელმძღვანელობას გაუწევს თავისი მასწავლებელი. მასწავლებელთა მოვალეობაში შედის, შეახსენონ ჯგუფებს თავიანთი ამოცანა. ერთი კლასი არის „ტურისტების ჯგუფი“, მეორე – „მკვიდრი მოსახლეობა“.

  1. ორი ჯგუფი იკრიბება მათთვის განკუთვნილ საკლასო ოთახებში. მათ 15 წუთი ეძლევათ იმისთვის, რომ შექმნან გარემო, სადაც განვითარდება მოვლენები და ასევე მოემზადონ თავიანთი როლებისთვის.ტურისტები ჩანაწერის სახით ქმნიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყანაზე, ასევე, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას ელიან თავიანთი მოგზაურობიდან და ამზადებენ აღჭურვილობას, მაგალითად, კამერას, მობილურ ტელეფონს, უცხოურ ვალუტას. თუ მოსწავლეებს არ მოეპოვებათ ეს საგნები კლასში, მათ შეუძლიათ, სიმბოლოები დაიტანონ ფურცლებზე, რომელიც ნივთების მაგივრობას გაწევს.

    „მკვიდრი მოსახლეობა“ ადგენს ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაზე და კულტურაზე: ოჯახის სტრუქტურა, ეკონომიკა, ხელობის დარგი, ტანისამოსი და საცხოვრებელი პირობები. „მკვიდრი მოსახლეობა“ რაც შეიძლება „პრიმიტიული“ უნდა იყოს. ისინი თავიანთ ქვეყანას თავისივე გამოგონილ სახელს უწოდებენ.

    კულტურის ელემენტები ჰომოგენური უნდა იყოს. ისინიც შესაძლოა ფურცელზე იქნას დატანილი სიმბოლოების სახით.

  2. ვითარდება შემდეგი მოქმედება:ორი ტურისტი სუვენირების შეძენისა და ფოტოების გადაღების პროცესში ხვდება ორ „მკვიდრ მოსახლეს“.

    ტურისტები ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფში და თავის თავგადასავალს უყვებიან სხვა ტურისტებს, აღწერენ „მკვიდრი მოსახლეობის“ კულტურას, რაც მათ უცნაურად მოეჩვენათ.

    ორი „მკვიდრი მოსახლე“ უბრუნდება თავიანთ ჯგუფს, უყვება მათ ტურისტებთან შეხვედრის ამბავს და ტურისტთა მათდამი დამოკიდებულებაზე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ.

  3. ტურისტები იჭრებიან „მკვიდრი მოსახლეობის“ ტერიტორიაზე, „მკვიდრ მოსახლეობას“ არ სურს თავისი ცხოვრების წესის შეცვლა.
  4. ტურისტთა და „მკვიდრ მოსახლეთა“ ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან და აჯამებენ შედეგებს:
    • რას გრძნობენ ტურისტები?
    • რას გრძნობს „მკვიდრი მოსახლეობა“?
    • რას ფიქრობენ ტურისტები „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ?
    • რას ფიქრობს „მკვიდრი მოსახლეობა“ ტურისტების შესახებ?
    • ტურისტები აცნობენ „მკვიდრ მოსახლეობას“, რა იყო მათთვის უცნაური მათ ქცევაში.
    • „მკვიდრი მოსახლეობა“ უხსნის ტურისტებს, რა იყო მათთვის გაუგებარი ტურისტების ქცევაში.
    • ტურისტების თვალსაზრისით, რა უნდა გაეკეთებინა მკვიდრ მოსახლეობას იმისთვის, რომ მათ შორის კონტაქტი ადვილად დამყარებულიყო?
    • „მკვიდრი მოსახლეობის“ თვალსაზრისით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ტურისტები, რომ არეულობა არ შეეტანათ „მკვიდრი მოსახლეობის“ საზოგადოებაში?
    • შეკითხვა ტურისტებს: კვლავ რომ მოგიწიოთ წასვლა იმავე ქვეყანაში, რა გეცოდინებათ ამ ქვეყნის შესახებ და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ არ დაარღვიოთ მათი იდილია?

გაგრძელება

მოსწავლეები კითხვებს უსვამენ თავიანთი საზოგადოების იმ წევრებს, რომელთაც აქვთ უცხო კულტურის ქვეყნებში მოგზაურობის გამოცდილება, ან კლასში მოიწვევენ პიროვნებას, რომელიც მათ განსხვავებულ კულტურასთან შეხების საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

ვარიანტი

მოსწავლეები წარმოიდგენენ იდეალურ საზოგადოებას და პარალელს ავლებენ საკუთარ კულტურასა და მათ მიერვე შექმნილი საზოგადოების კულტურას შორის.