გაკვეთილი 2: კარგი ბიჭები, ცუდი ბიჭები?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: კარგი ბიჭები, ცუდი ბიჭები?

რა პოზიცია უკავიათ პოლიტიკოსებს დემოკრატიულ საზოგადოებაში?

სწავლის მიზნები მოსწავლეები ეცნობიან იმ იდეას, რომ ერთი პიროვნება შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანთა ჯგუფს. აგრეთვე, ეცნობიან უფლებამოსილების გადაცემის კონცეფციას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს ადარებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემას. გამოთქვამენ მოსაზრებებს პოლიტიკოსებზე და თავიანთ მოსაზრებებს სხვათა მოსაზრებებს ადარებენ. ამისათვის  მოკლე ინტერვიუებს იღებენ სხვებისაგან.
რესურსები პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემა, კალმები, ქაღალდის ფურცლები.
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო, წყვილებში მუშაობა, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომელზეც წარმოდგენილია პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემა. მასწავლებელი მათ აცნობს უფლებამოსილების გადაცემის ცნებას სახელმწიფოს დონეზე და უხსნის, რომ როგორც კლასს ჰყავს ხელმძღვანელი, სახელმწიფოებსაც ჰყავთ თავიანთი ხელმძღვანელები, რომელთაც გადაეცემათ საჭირო უფლებამოსილება.

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას სქემის შესახებ და უხსნის მათ წარმომადგენლობის სისტემას. სახელმწიფოთა განსხვავებულ სისტემებს წარმომადგენლების არჩევის განსხვავებული პროცესები გააჩნიათ (მაგალითად, პირდაპირი დემოკრატიისა და არაპირდაპირი დემოკრატიის სისტემები).

მოსწავლეები სამუშაო ფურცლებზე მუშაობენ დამოუკიდებლად. შემდეგ  წყვილებში საუბრობენ იმაზე, რაც პოლიტიკოსების შესახებ იციან და მათზე საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ. შემდეგი კითხვები დაეხმარება მათ მოცემულ თემაზე საუბრის წარმოებაში:

  • რას ფიქრობთ პოლიტიკოსებზე?
  • რომელ პოლიტიკოსებს იცნობთ?
  • რას უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები?
  • რას არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი?
  • რატომ აქვს ბევრ ადამიანს ცუდი წარმოდგენა პოლიტიკოსებზე?

ამის შემდეგ მოსწავლეები იღებენ დავალებას, რომელიც ინტერვიუს აღებას და პოლიტიკოსებსა და მათ კომპეტენციებზე სხვა ადამიანების შეხედულებების შესახებ გამოკითხვას გულისხმობს. მოსწავლეებმა თავად უნდა შეადგინონ და ჩაწერონ კითხვები, რომლებიც მათ სურთ რომ დაუსვან საკუთარი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, იმ საზოგადოების წევრებს, რომელსაც ეკუთვნიან. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მითითებას, რომ მათ მოპასუხეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჩაიწერონ. ქვემოთ გთავაზობთ ზოგიერთ კითხვას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ინტერვიუს დროს:

  • რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს პოლიტიკოსი?
  • თქვენი აზრით, რატომ აქვთ ადამიანებს ხშირად ცუდი წარმოდგენა პოლიტიკოსებზე?
  • რა მახასიათებელი არ უნდა გააჩნდეს პოლიტიკოსს?

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს მათ მიერ შერჩეული პირებისაგან. შედეგები უნდა წარმოადგინონ შემდეგ გაკვეთილზე.