გაკვეთილი 2: ვესნას ამბავი

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: ვესნას ამბავი

ჩვენ რომ ეს მოგვსვლოდა, როგორ მოვიქცეოდით?

სწავლის მიზანი

მოსწავლეები იაზრებენ, რომ საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენები და დისკრიმინაცია.

მოსწავლეებს ესმით დისკრიმინაციის მსხვერპლთა მდგომარეობა და მათი შეხედულებები.

მოსწავლეებს შეუძლიათ დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირება.

მოსწავლის დავალება მოსწავლეები განიხილავენ დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევას და ადარებენ მას საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
საჭირო მასალა მოსწავლის სამუშაო ფურცელი  2.1 (შეკითხვებით) თითოეული მოსწავლისათვის.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  ჯგუფური მუშაობა ტექსტზე.

 

ძირითადი ცნებები

დისკრიმინაცია საზოგადოებრივი ქცევის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. დისკრიმინაციას მხოლოდ მმართველი ორგანოები არ ახორციელებენ; ბევრი სხვა სტრუქტურა და ადამიანია ჩართული დისკრიმინაციაში. გაკვეთილის რეალობაში მომხდარი ამბით დაწყება საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გააანალიზონ თავიანთი ქცევა.

გაკვეთილი

მასწავლებელს შეუძლია, ხმამაღლა წაუკითხოს მოსწავლეებს სამუშაო ფურცელ  2.1-ში მოცემული ამბავი, ან დაურიგოს მათ სამუშაო ფურცლები და სთხოვოს, თავად წაიკითხონ.

ვესნას ამბავი

ვესნა ბოშა ქალია, რომელიც თავის ამბავს ჰყვება:

,, ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაში შევნიშნე განცხადება იმის თაობაზე, რომ მაღაზიაში გამყიდველი სჭირდებოდათ. ისინი 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას ეძებდნენ. მე შევედი მაღაზიაში და მენეჯერს გამყიდველის პოზიციასთან დაკავშირებით დაველაპარაკე; მან მთხოვა, ორ დღეში მივსულიყავი, რადგან განაცხადებების შემოსვლას კიდევ ელოდებოდნენ.

მე ორჯერ მივბრუნდი და ორივეჯერ ანალოგიური პასუხით გამომისტუმრეს. ერთი კვირა გავიდა. კვლავ მივედი მაღაზიაში. ფანჯარაზე კვლავ გამოკრული იყო განცხადება. მენეჯერი ძალიან დაკავებული იყო და ვერ დამელაპარაკა. მაღაზიაში მითხრეს, რომ გამყიდველი უკვე აეყვანათ.

ძალიან გულდაწყვეტილი გამოვედი მაღაზიიდან. ჩემს მეგობარს, რომელიც არ არის ბოშა, ვთხოვე, შესულიყო მაღაზიაში და ვაკანსიის შესახებ ეკითხა. მან ჩემი თხოვნა შეასრულა. ჩემი მეგობარი ორშაბათს გასაუბრებაზე დაიბარეს.”

მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე მოისმენს/წაიკითხავს ვესნას ამბავს, მასწავლებელი სთხოვს მათ, 4-5 კაციან ჯგუფებად დაიყონ და განიხილონ შემდეგი შეკითხვები (სამუშაო ფურცელ  2.1-ზე ეს შეკითხვები მოცემულია. თუ მასწავლებელმა მოსწავლეებს ვესნას ამბავი წაუკითხა, მაშინ ამ შეკითხვების ჩამოწერა მოუწევს დაფაზე ან ფლიპჩარტზე).

  1. როგორ იგრძნობდით თავს ვესნას ამბავი თქვენ რომ გადაგხდენოდათ? რა რეაქცია გექნებოდათ, როცა თქვენი მეგობარი გეტყოდათ, რომ ის ინტერვიუზე მიიწვიეს?
  2. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა მაღაზიის მენეჯერი ასე? თვლით, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
  3. რა შეეძლო მოემოქმედა ვესნას? ხელეწიფებოდა სიტუაციის შეცვლა? სხვებს როგორ უნდა აღმოეჩინათ დახმარება ვესნასთვის?
  4. თვლით, რომ კანონის მოშველიება სიტუაციას მოაგვარებდა? რა უნდა ეწეროს კანონში, რომელიც ასეთ სიტუაციას შეიძლება მიესადაგოს?
  5. ასეთი შემთხვევა თქვენს ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს? რომელი საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება საფრთხეში?

მასწავლებელი მოსწავლეებისაგან პირველად პასუხებს ითხოვს. მასწავლებელს შეუძლია, თითო ან რამდენიმე შეკითხვა დაუსვას ყველა ჯგუფს ცალ-ცალკე.

შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ ვესნას ამბავი სიმართლეა და ეს შემთხვევა, დაახლოებით, ათი წლის წინ მოხდა. როდესაც მაღაზიის მენეჯერს ახსნა- განმარტება მოსთხოვეს, მისი პასუხი შემდეგში მდგომარეობდა:

მენეჯერის პასუხი:

,,მე ჩავთვალე, რომ ვესნას ამ მაღაზიაში მუშაობა გაუჭირდებოდა, რადგან მაღაზიისაგან შორს ცხოვრობს და ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა დასჭირდებოდა.. ყოველ დღე 8 მილის გამოვლა და ორი ავტობუსის შეცვლა მოუწევდა. რთულია მაღაზიის გაძღოლა, როცა თანამშრომლები იგვიანებენ. შესაბამისად, უპირატესობას მივანიჭებდი აპლიკანტს, რომელიც ახლოს ცხოვრობს. პიროვნება, ვინც გამყიდველის თანამდებობაზე ავიყვანე, ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.”

მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს: ,,ამ კონვენციაში მოცემულ უფლებათა და თავისუფლებათა გამოყენება უზრუნველყოფილი იქნება ყველასათვის, ნებისმიერ საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე, ისეთზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკა თუ რწმენა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, კავშირი ეროვნულ უმცირესობასთან, ქონება, დაბადების ადგილი თუ სხვა სტატუსი“. შემდეგ კი უკითხავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლს: ,,ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.”

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ეს ამონარიდები ვესნას ამბავთან დააკავშირონ. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს ვესნას ამბის რეალურ დასასრულს უმხელს:

ვესნას ამბის დასასრული

,,ვესნამ იჩივლა სპეციალურ ევროპულ სასამართლოში, რომელიც დისკრიმინაციის შემთხვევებს განიხილავს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო დისკრიმინაციის შემთხვევა, რადგან აპლიკანტები, რომლებიც მაღაზიიდან მოშორებით ცხოვრობდნენ, ინტერვიუზე დაიბარეს, ვესნა კი – არა. გოგონა, რომელიც გამყიდველად აიყვანეს, იყო 16 წლის, თეთრკანიანი და მაღაზიიდან იმავე მანძილით იყო დაშორებული მისი საცხოვრებელი, როგორც ვესნასი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მაღაზიას  ვესნასთვის მატერიალური კომპენსაციის გადახდა მოუწია.”

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოამზადონ წერილი მაღაზიის მენეჯერის, ან ქალაქის მერის სახელზე. ეს წერილი მოსწავლეების პიროვნულ დამოკიდებულებასაც უნდა ასახავდეს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციასაც. წერილების განხილვა შეიძლება მოეწყოს საკლასო მეცადინეობების შემდეგ.