თავი 2 ( დაწყებითი სკოლა, 2 კლასი) – სახელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ასოები!

Living Democracy » Textbooks » თავი 2 ( დაწყებითი სკოლა, 2 კლასი) – სახელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ასოები!

ა)   გაკვეთილის გეგმა

 

ძირითადი კითხვა/ გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

ყველა ჩვენგანის სახელი!

მოსწავლეები ერთმანეთის სახელებზე ბევრ რამეს იგებენ (ინტერაქტიული მიდგომა).

A4 ფორმატის ფურცელი.

გაკვეთილი 2

როგორ დამერქვა ჩემი სახელი!

მოსწავლეები ფიქრობენ ბავშვისათვის სახელის დარქმევის მიზეზებზე.

წვრილად დაჭრილი ქაღალდის ფურცლები, მათზე დაწერილი წინადადებებით; მოსწავლეთა სამუშაო მასალის სახით.

გაკვეთილები 3 და 4

ყველას რაღაც აქვს მოსაყოლი!

მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას თავიანთი ცხოვრების შესახებ.

მოსწავლეები ქმნიან სურათს განვლილი ცხოვრების შესახებ.

ინფორმაცია ბავშვების ოჯახებზე (საშინაო დავალება); დიდი ფორმატის თითო ფურცელი თითოეული მოსწავლისათვის; მარკერები და ფერადი საღებავები.

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-7 მუხლი იცავს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი სახელი. ბავშვის გვარი მიანიშნებს მის კავშირებზე გარშემო მყოფ ადამიანებთან. თუმცა მისი სახელი ბავშვს ინდივიდუალურ პიროვნებად აქცევს, მსოფლიოში უნიკალურ არსებად.

V5_P10

მოსწავლეები უნდა ამაყობდნენ თავიანთი სახელებით, მათ უნდა იცოდნენ, რას აღნიშნავს მათი სახელები, რა იმედი და მოლოდინია ჩადებული მათ სახელებში და რატომ შეურჩიეს მშობლებმა მათ ეს სახელები.

ამ თემაზე საუბრისას, მასწავლებელმა საჭიროა გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინოს, მთელი რიგი მიზეზების გამო: შესაძლებელია, კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მშობლებთან არ იზრდებიან, ან რომლებსაც დაკარგული აქვთ თავიანთი სახელები ემიგრაციაში ან დევნაში ყოფნის დროს. მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილისა და გულისხმიერების  გამოჩენა სჭირდება ამგვარ ბავშვებთან მსგავს თემებზე საუბრისას.

წინამდებარე თავში შესული  გაკვეთილების მსვლელობისას, ბავშვები თავიანთ თავზე ფიქრდებიან, თანაკლასელებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მოცემული თავი ერთგვარი გაგრძელებაა წინა თავისა, მაგრამ შესაძლებელია მისი ცალკე  სწავლებაც.

გ)   ძირითადი კითხვები ბავშვთა უფლებების შესახებ შეძენილი ცოდნისა და უნარების შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული  ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოში და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

სკოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია; კლასი, თვისთავად, მიკროსაზოგადოებას წარმოადგენს. ბავშვები თავიანთ ინდივიდუალობას აცნობიერებენ იმით, რომ სხვა ბავშვების სახელებს იგებენ და იმით, რომ კლასში მათ ყველა სახელით მიმართავს.

მოცემული თავის გავლისას, მოსწავლეები ერკვევიან ბავშვის იმ უფლებებში, რომლებიც აქ მოყვანილ მუხლებშია მოცემული.

მუხლები 7, 8, 12, 13 (იხ. დანართი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ)

მოსწავლეები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ სად გამოფინონ მათ მიერ შექმნილი პოსტერი. ამისათვის, სავარაუდოდ, გარკვეული სივრცის გამოყოფა იქნება საჭირო, ამგვარად, ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკება და შეთანხმება საჭიროა სხვა მასწავლებლებთან, სკოლის დამხმარე პერსონალთან და სკოლის ხელმძღვანელთან.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

მე შევამჩნიე, რომ მასწავლებელიც და კლასის ყველა სხვა მოსწავლეც ყურადღებას მაქცევდა. მათ მომისმინეს და ახლა ყველამ იცის ჩემი სახელი. ჩემი სახელით მე ყველასაგან გამორჩეული ვარ, ყველასაგან განსხვავებული.

მე კლასში ყველა დანარჩენი მოსწავლის სახელი ვიცი. ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას მათი ცხოვრების შესახებ.

ჩვენ, ბავშვებს, განსაკუთრებული უფლებები გვაქვს:

ჩვენ გვაქვს სახელი, რომლის ჩამორთმევის უფლებაც არავის აქვს (მუხლი 7).

მე, როგორც ბავშვს, უკვე ჩემი ცხოვრების ისტორია მაქვს, რომელიც განსხვავდება სხვა ბავშვების ცხოვრებისეული გამოცდილებისაგან.  ეს ყოველთვის ჩემი პიროვნების ნაწილად დარჩება (მუხლი 8).

მე შემიძლია მქონდეს საკუთარი შეხედულება და მოსაზრება და თავისუფლად გამოვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და ამის უფლება ყველა ბავშვს აქვს (მუხლები 12 და 13).

როდესაც ვინმეს ვხვდები, სკოლის სათამაშო მოედანზე ან სადმე სხვაგან, სახელს ვკითხავ და მეც სახელით გავეცნობი.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1: ყველა ჩვენგანის სახელი!

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ზის წრეზე. მოსწავლეები სხედან თავ-თავიანთ სკამებზე. მოსწავლეებს ხელში უჭირავთ წვრილად დაჭრილი ქაღალდის ფურცლები, რომლებზეც მათი სახელები მსხვილი შრიფტით არის დაწერილი. მასწავლებელსაც უჭირავს ამგვარივე ფურცელი, რომელზეც მისი სახელი და გვარია დაწერილი მსხვილი შრიფტით. ყველა რიგრიგობით წარმოთქვამს საკუთარ სახელს. ახლა მოსწავლეებმა იციან ერთმანეთის სახელები. შესაძლებელია, მოცემული აქტივობა სხვადასხვა თამაშის სახით განხორციელდეს:

  • თითოეული მოსწავლე წარმოთქვამს საკუთარ სახელს და, აგრეთვე, მის მარჯვნივ და მარცხნივ მჯდომი მოსწავლეების სახელებს, „მე მქვია …, ჩემ მარჯვნივ მჯდომი მოსწავლის სახელია …, ხოლო ჩემ მარცხნივ მჯდომი მოსწავლის სახელია … “.
  • მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა რამდენიმე საერთო მახასიათებელზე, მაგალითად, ჯინსისა ან ქვედაბოლოს ფერზე, ერთნაირ ინიციალებზე, სათვალეზე, თმის ფერზე და ა.შ. და მოსწავლეებს გამოსაცნობად უსვამს კითხვებს, მაგალითად: …-ს, …-ს და …-ს საერთო მახასიათებელი აქვთ. ვინ გამოიცნობს, რა აქვთ მათ საერთო?“ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს რამდენიმე ამგვარ კითხვას.
  • მასწავლებელი მოსწავლეებისაგან აგროვებს ბარათებს, მათზე დატანილი მოსწავლეების სახელებით. თითოეული მოსწავლე ამ შეგროვილი ბარათებიდან იღებს ერთ ბარათს ისე, რომ არ კითხულობს, ზედ ვისი სახელი წერია. ამის შემდეგ ყველა მოსწავლე წარმოადგენს მის მიერ აღებულ ბარათს. ვის შეუძლია მოაწესრიგოს ბარათების არევით შექმნილი უწესრიგობა, კერძოდ, ყველა ბავშვს საკუთარი ბარათი დაუბრუნოს?
  • თამაში, რომელიც ავტობუსში ასვლის ინსცენირებას გულისხმობს და რომელიც შემდეგნაირად წარიმართება: ერთ-ერთი მოსწავლე იწყებს განცხადებით: „მე ვარ ანა და მე ავდივარ ავტობუსში“. ანას გვერდით მჯდომი მოსწავლე აგრძელებს, „მე ვარ სანდრა და მე ავდივარ ავტობუსში, ანასთან ერთად“. სანდრას გვერდით მჯდომი მოსწავლე აგრძელებს : „მე ვარ ტომი და მე ავდივარ ავტობუსში ანასთან და სანდრასთან ერთად“ და ასე შემდეგ, ყოველი მოსწავლე იმეორებს ყველა იმ მოსწავლის სახელს, რომელიც მასზე ადრე „ავიდა ავტობუსში“. მოსწავლეებმა, ამავდროულად, უნდა დაიცვან ის თანამიმდევრობა, რა თანამიმდევრობითაც სხედან წრეზე, ეს მათ გაუადვილებთ სახელების დამახსოვრების პროცესს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ „ჩაჯდება ავტობუსში“. საჭიროა, მასწავლებელმა აკონტროლოს, რომ მოსწავლე, რომელიც ვერ გაიხსენებს „ავტობუსში ყველა მასზე ადრე ასული“ მოსწავლის სახელს, არ გაღიზიანდეს. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება, დაეხმარონ ერთმანეთს სახელების გახსენებაში.

მასწავლებელი ასრულებს გაკვეთილს მოსწავლეებს შორის გამართული დიალოგით, რომელიც მოსწავლეებმა შემდეგ კითხვებზე პასუხების საშუალებით უნდა წარმართონ:

  • მომწონს მე ჩემი სახელი? და თუ ასეა, რატომ?
  • ზოგჯერ სახელებს შერქმეული სახელებით ანაცვლებენ ან სულაც იცვლიან. მომწონს თუ არა ჩემი ახალი სახელი და რატომ?
  • შერქმეული სახელები, ჩვენს ოჯახში ან მეგობრებს შორის, მათი მნიშვნელობა და წარმომავლობა.
  • საკუთარი სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. რა სიტუაცია იქნებოდა სკოლაში,  ჩვენ ყველას რომ ერთი და იგივე სახელი რომ გვრქმეოდა ან საერთოდ არ გვქონოდა სახელები?

თუ გაკვეთილზე დრო დარგრჩებათ:

  • “მე მქვია … „ წარმოვთქვათ სხვადასხვა ენაზე და ვასწავლოთ ბავშვებს ორ ენაზე ( ბავშვები ასევე სწავლობენ შკითხვას: რა გქვია შენ ?)
  • ბავშვებს შეუძლიათ შექმნან დეკორატიული სახელობითი სამკერდე ნიშანი.

გაკვეთილი 2: როგორ დამერქვა ჩემი სახელი!

მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული წვრილად დაჭრილი ქაღალდის ფურცლები, რომლებზეც დაწერილია შემდეგი წინადადებები (რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მასწავლებელმა საკუთარი შეხედულების მიხედვით შეცვალოს წინადადებები, გამოტოვოს რაიმე ელემენტი ან დაამატოს, ან მოსწავლეებისათვის უფრო მეტი წინადადება მოამზადოს და ა.შ.):

მნიშვნელოვანია, გვქონდეს სახელი.
ჩემი სახელი – ეს მე ვარ.
ჩვენ საკუთარ თავს და ერთმანეთს სახელებით ვცნობთ და განვასხვავებთ.
სახელი ადამიანზე წარმოდგენას გვიქმნის (სქესი, ენა, წარმომავლობა და ა. შ.)
როდესაც ბავშვი სახელს იღებს, იგი სახელმწიფოს წევრი, ე.ი. მოქალაქე ხდება.
მშობლები, თავიანთი შვილებისათვის კონკრეტული სახელის შერჩევით, ხშირად  გამოხატავენ თავიანთ სურვილებს, იმედებსა და გრძნობებს.

მასწავლებელი ერთ-ერთ ფურცელზე დაწერილ წინადადებას ხმამაღლა, კლასის გასაგონად კითხულობს; დებს ფურცელს ადგილზე და სთხოვს მოსწავლეებს, კლასის წინაშე ხმამაღლა გამოთქვან მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რაც მოისმინეს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომლებიც მათ სახლში, საშინაო დავალების სახით უნდა შეავსონ (იხილეთ ქვემოთ მოცემული რესურსები). მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სამუშაო ფურცლებზე მოცემულ კითხვებს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა მათგანს ესმის ყველა კითხვისა და დავალების შინაარსი.

  • როდის დავიბადე?
  • რა დროს დავიბადე?
  • კვირის რა დღეს დავიბადე?
  • როგორი ამინდი იყო, როცა მე დავიბადე?
  • სად დავიბადე?
  • ვინ ესწრებოდა ჩემს დაბადებას?
  • რა სიგრძისა და რა წონის დავიბადე?
  • რატომ დამარქვეს ის, რაც მქვია?
  • რას ნიშნავს ჩემი სახელი ?
  • სად შეიძლება ჩემი სახელის ნახვა? როგორ წარმოითქმება ჩემი სახელი სხვადასხვა ენაზე?

გაკვეთილები 3 და 4: ყველას რაღაც აქვს მოსაყოლი!

მოსწავლეები სხედან წრეზე და ერთმანეთს უყვებიან, რა შეიტყვეს თავიანთი მშობლებისაგან. მასწავლებელი ამხნევებს მათ, რათა მოსწავლეებმა ზოგიერთი საკითხი უფრო დაწვრილებით განიხილონ.

მაგალითად, მოსწავლეების პასუხების მიხედვით, მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს, დღის რა მონაკვეთშია თითოეული მოსწავლე დაბადებული. ამით შესაძლებელია საინტერესო აღმოჩენის გაკეთება.

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება, თუ ზოგიერთი მოსწავლე მაინც შეძლებს ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემას, ანუ დაასახელებს იმ მიზეზს, რის გამოც შეარჩიეს მშობლებმა ის სახელი, რომელიც მას ჰქვია.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დამოუკიდებლად იმუშაონ პოსტერების შექმნაზე, რომლებზეც დატანილი იქნება ინფორმაცია მათ შესახებ, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მათ საშინაო დავალების სახით მოამზადეს თავ-თავიანთ სამუშაო ფურცლებზე. იმის მიხედვით, თუ წერის უნარის განვითარების რა ეტაპზე იმყოფებიან ბავშვები, მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მათ პოსტერზე ინფორმაციის გადატანაში.

შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეებმა უნდა შექმნან რეალური ზომის ავტოპორტრეტები. შეიძლება ეს შემდეგნაირად გაკეთდეს: ბავშვი წვება ძალიან დიდი ფორმატის ფურცელზე, რომელიც იატაკზეა გაშლილი, რა პოზაშიც მას სურს, მაგალითად ისე, თითქოს გარბის ან დგას, ან ხელებგაშლილია.

მე-4 გაკვეთილზე მოსწავლეები ასრულებენ პოსტერებზე მუშაობას.

ბოლოს ისინი განიხილავენ, როგორ და სად მოათავსონ მათ მიერ შექმნილი პოსტერები. მასწავლებელი ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში.

რესურსები: სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის

ჩემს სახელს თავისი ისტორია აქვს – რა ინფორმაციის მოპოვებას შევეცდები

როდის დავიბადე?

რა დროს დავიბადე?

კვირის რა დღეს დავიბადე?

როგორი ამინდი იყო, როცა მე დავიბადე?

სად დავიბადე?

ვინ ესწრებოდა ჩემს დაბადებას?

რა სიგრძისა და რა წონის დავიბადე?

რატომ დამარქვეს ის, რაც მქვია?

რას ნიშნავს ჩემი სახელი?

სად შეიძლება ჩემი სახელის ნახვა? როგორ წარმოითქმება ჩემი სახელი სხვადასხვა ენაზე?