6. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება: თანმდევი სწავლა

Living Democracy » Textbooks » 6. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება: თანმდევი სწავლა

წინამდებარე თავები მოიცავს მცირე ზომის პროექტებს, სადაც მოსწავლეები აწყდებიან პროექტებისათვის დამახასიათებელ პრობლემებს – საკითხის გამოკვლევა, სამუშაოს ორგანიზება, კომუნიკაცია, დროის დაგეგმვა და სხვა. აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიებისას,  მოსწავლეებს უნვითარდებათ კომპეტენციების ფართო სპექტრი (ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა).

პირველ თავში მოსწავლეებს ეძლევათ დავალება გააკეთონ ყვავილი, რომელსაც დაარქმევენ თავიანთ სახელს და მიამაგრებენ საკუთარ ფოტოსურათს. ბავშვებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ ყვავილს გააკეთებენ, სად იშოვიან მასალას, როგორ მოიძიებენ ფოტოს, და როგორ დაგეგმავენ დავალებისთვის დროის რესურსს. შესაბამისად, ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ “სამუშაოს” შესრულების დროს, ხოლო პედაგოგმა ყურადღებით უნდა მოიფიქროს დავალების ჩარჩო, და გადაწყვიტოს შემდეგი: რამდენი  დრო გამოუყოს მოსწავლეებს? რა მასალები უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა? მიაწოდოს თუ არა ყვავილების უკვე მზა ნაწილები? (იხ. პროექტის ვარიანტები პირველ თავში)

ზემოთ აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ძალიან ადრეულ ასაკში ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება თავად აიღონ პასუხისმგებლობა კლასში შესასრულებელ სამუშაოზე, და ამავე დროს გაიზიარონ ამგვარი პასუხისმგებლობა მასწავლებელთან ერთად. აღნიშნული სასწავლო გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს დასჭირდებათ საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვა უფრო მაღალ საფეხურზე.

ბავშვის უფლებათა სწავლებაში, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების სფეროს წარმოადგენს, მასწავლებელი ასრულებს მთელს რიგ აქტივობებსა და როლებს. სწავლება ბავშვთა უფლებების “შესახებ” ესატყვისება საწვლებისა და ინფორმაციის მიწოდების კლასიკურ ფუნქციებს – ლექცია, საკითხავი დავალება, ვიდეოჩანაწერები და სხვა. სწავლება ბავშვთა უფლებების “საშუალებით” და ბავშვთა „უფლებებისათვის“ მეორეს მხრივ, მოითხოვს, რომ მასწავლებელმა მოახდინოს რეფლექსია საკუთარი ქცევისა და პიროვნული თვისებების, როგორც როლური მოდელის შესახებ. ბავშვი აღიქვამს ზრდასრულის გზავნილს სანდოდ, თუკი ზრდასრულის ქცევა შეესაბამება გზავნილს, მაგალითად, გამოყენებულია სათანადო ინტონაციის და ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, სამართლიანობის ან მხარდაჭერის დონე. სახელმძღვანელოში მოცემული ყველა თავი გვიჩვენებს, რომ სწავლებისა და სწავლის მეთოდები მჭიდროდ უკავშირდება სასწავლო საგანს. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი მასწავლებლისგან მოითხოვს ყურადღებიან დაგეგმვასა და მომზადებას, თუმცა გაკვეთილზე მასწავლებელი რეალურად უმოქმედო პოზიციას იკავებს. ამასთან, სანამ მოსწავლეები მუშაობენ, მასწავლებელი ანხორციელებს მონიტორინგს და აკვირდება, რათა მოახდინოს ცოდნისა და შემეცნების, უნარ-ჩვევების და ღირებულებების თვალსაზრისით მოსწავლეების კომპეტენციებისა და სასწავლო საჭიროებების დროული გამოვლენა და შემდგომი რეაგირება.