სავარჯიშო 5.4. – კანონის დანიშნულება

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 5.4. – კანონის დანიშნულება
საგანმანათლებლო მიზანი

ანტიკური ხანის ფილოსოფოსები კანონის დანიშნულების განსაზღვრისთვის  სხვადასხვა ღირებულებებს იყენებდნენ.

ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას განაპირობებს განსხვავებული სოციალური და პოლიტიკური სისტემები.

თეორია გვაწვდის ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აისახება ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება, სადაც ჩვენი ღირებულებების არჩევანს განაპირობებს ჩვენი ინტერესები.

მოსწავლეები არჩევანს აკეთებენ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებათა ფარგლებში; ერთმანეთს ადარებენ საკუთარ არჩევანს, მსჯელობენ მათზე და ცდილობენ, გამოიჩინონ მათდამი ერთგულება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რესურსები დიდი ფორმატის ფურცელზე დაწერილი და კედელზე გაკრული სხვადასხვა კონცეფცია კანონის როლის შესახებ (იხ. მასალა 1).

მსვლელობა

  1. მოსწავლეები იყოფიან სამ–ოთხკაციანი ჯგუფებად. მათ ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, სადაც მოცემულია ქცევის წესების ჩამონათვალი (იხ. მასალა 2).
  2. ყოველ ჯგუფს ეძლევა 10 წუთი, რათა ქცევის წესები დააკავშიროს კანონის კონცეფციებთან.
  3. ჯგუფები ამოწმებენ თავიანთ შედეგებს.
  4. მოსწავლეები ირჩევენ მათთვის ყველაზე მისაღებ კონცეფციას.
  5. მოსწავლეები ირჩევენ მათთვის ყველაზე ნაკლებად მისაღებ კონცეფციას.

გაგრძელება

ზეპირი შეჯამება:

  • წესები, რომელსაც შენ ემორჩილები ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეესაბამება შენს არჩევანს?
  • იცით ისეთი წესების შესახებ, რომელიც თქვენ მიერ ყველაზე ნაკლებად მისაღებ ცნებას შეესაბამება? არ დამორჩილებიხართ ან დაპირისპირებიხართ მათ? რატომ? რა მოიმოქმედეთ ამისთვის?

შეჯამება წერილობითი ფორმით:

  • კანონის რომელ კონცეფციას ემხრობით ყველაზე მეტად და რატომ?
  • დაასახელეთ ხუთი წესი, რომელსაც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ემორჩილებით.

მასალა

მასალა 1: კანონის ძირითადი კონცეფციები

  1. კანონის დანიშნულებაა, აღკვეთოს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევა (არისტოტელე).
  2. კანონის დანიშნულებაა, ყოველ ადამიანს მისცეს ის, რასაც იგი იმსახურებს (არისტოტელე).
  3. კანონის დანიშნულებაა სრულყოფილი საზოგადოების შექმნა (პლატონი).
  4. კანონი ემსახურება ადამიანისთვის უსამართლოდ მიყენებული ზარალის აღკვეთას (გლაუკონი).
  5. კანონი უნდა ემსახურებოდეს მათი ინტერესების დაცვას, ვინც ხელისუფლებაშია (ტრასიმაკუსი).
  6. კანონის დანიშნულებაა, შეინარჩუნოს სოციალური მშვიდობა, საზოგადო კეთილდღეობის  უზრუნველყოფისა  და საზოგადოებისთვის სასარგებლო პრაქტიკის დანერგვის საშუალებით (პროტაგორა).
  7. კანონის დანიშნულებაა სუსტების დაცვა.

მასალა 2: წესები

  1. საკუთარი შვილებისადმი გამოჩენილი სასტიკი მოპყრობისთვის მშობლები დაპატიმრებულნი უნდა იყვნენ.
  2. სახელმწიფომ უმუშევარი მოქალაქეები უნდა უზრუნველყოს დახმარებით, რომელიც მათ თავის გატანისა და გადარჩენის საშუალებას მისცემს.
  3. სამსახურით პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ ის სტუდენტები, რომლებიც წარჩინებით გამოირჩევიან.
  4. ყველა დასაქმებულმა მოქალაქემ უნდა გაიღოს საკუთარი წვლილი უმუშევართა დახმარებისთვის.
  5. ნებისმიერი პირის მიერ განხორციელებულ, სხვა პირის მიმართ ზარალის მომტან ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს პირველმა ამ ზარალის ანაზღაურებით.
  6. მასწავლებლის მოვალეობაა მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ მათ საზოგადოებაში მოქმედი კანონები, წარმოადგენენ რა საუკეთესო კანონებს, ურღვევია,
  7. პირი, რომელიც საზოგადოებაში მოქმედი წესების მიმართ წინააღმდეგობას/დაუმორჩილებლობას გამოავლენს, მივლენილ უნდა იქნეს გადამზადების ცენტრში.
  8. მისაღებია ქმედებები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფოს მიერ არის ლიცენზირებული და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
  9. არჩევნებში, კენჭისყრაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვინც იხდის გადასახადებს.
  10. ახალგაზრდები სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა იყვნენ გაწევრიანებული, რათა მათ სასარგებლო საქმე აკეთონ.
  11. საწარმოებს მოეთხოვებათ გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭირო ფილტრებისა და კვამლსადენების დამონტაჟება.
  12. არავის აქვს უფლება, გაავრცელოს იდეები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ იქნება მიჩნეული მართებულად.
  13. სახელმწიფოს აქვს უფლება, განახორციელოს ექსპროპრიაცია/კონფისკაცია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
  14. კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ უფლება, პირადი უსაფრთხოების მომსახურებით ისარგებლონ.
  15. აკრძალულია სხვა პიროვნების სახლში მისი ნებართვის გარეშე შესვლა.