გაკვეთილი 1: პასუხისმგებლობა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: პასუხისმგებლობა

მოსწავლეები განიხილავენ ძირითად პასუხისმგებლობებს

სწავლის მიზნები მოსწავლეები მსჯელობენ პასუხისმგებლობაზე, როგორც ტერმინზე, რომელიც მოიცავს და უკავშირდება პიროვნებებს, საგნებსა და ამოცანებს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები აგროვებენ და აანალიზებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებსაც იმ საზოგადოების წევრები ეცნობიან, რომელსაც მოსწავლეები მიეკუთვნებიან. ისინი ქმნიან პოსტერს, რომელზეც გადააქვთ შედეგები.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო.

ინფორმაცია

პასუხისმგებლობას, როგორც ცნებას, საფუძველი მე-18 და 19 საუკუნის პოლიტიკურ კონტექსტში ჩაეყარა, როდესაც დღის წესრიგში დადგა ქმედებებზე პასუხისმგებლობისა და წარმომადგენლობითი მთავრობის პრინციპების საკითხები. მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში ყურადღება გამახვილებული იყო თავისუფალი ნების საკითხზე: აგებდა თუ არა პიროვნება პასუხს საკუთარ ქცევებზე ან საკუთარ მახასიათებლებზე? ამ საკითხის განხილვის  ქვაკუთხედს პიროვნება წარმოადგენდა.

შედეგად, დღესდღეობით, შედარებით რთული აღსაქმელია კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნება, რომელიც ესოდენ აქტუალურია თანამედროვე პოლიტიკაში. აღქმის სირთულეს ნაწილობრივ განაპირობებს ის, რომ გასათვალისწინებელია პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ყოველდღიური ყოფითი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულება, პიროვნების პასუხისმგებლობის სფეროს განსაზღვრა, ან პიროვნების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად პასუხისმგებლობით შეუძლია მას ამა თუ იმ ფუნქციის შესრულება.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხდებიან წრეზე თავიანთ სკამებზე. მასწავლებელი წრის ცენტრში ათავსებს დიდი ფორმატის ქაღალდის ფურცელს, რომელზეც არის დატანილი სათაური: „პასუხისმგებლობას ვიღებ“; მასწავლებელი ფურცლის ირგვლივ ალაგებს ჟურნალებიდან ამოჭრილ სურათებს, რომლებზეც გამოსახულია, მაგალითად:

  • შინაური ცხოველი 1;
  • შინაური ცხოველი 2;
  • შინაური ცხოველი 3;
  • ადამიანთა ჯგუფი;
  • მარტოხელა ადამიანი;
  • ერთი ბავშვი;
  • ტბა ან მდინარე;
  • საკვები;
  • ავეჯის ელემენტი;
  • გული;
  • ნარჩენები.

ამის შემდეგ მასწავლებელი იატაკზე არეულად დებს ბარათებს, რომლებზეც სურათებზე გამოსახული ადამიანებისა და საგნების შესაბამისი სიტყვებია დაწერილი.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს საკმარისი დრო ექნებათ მიცემული იმისათვის, რომ სურათები დაათვალიერონ, მასწავლებელი სთხოვს მათ, სურათები მიუსადაგონ ბარათებზე დაწერილ სიტყვებს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ მოცემულ სამუშაოს, მასწავლებელი სთხოვს, დაფიქრდნენ შემდეგ პრობლემაზე:

  • რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება ვინმეზე ან რაიმეზე?
  • საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენეთ ვინმეზე ან რაიმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული სირთულე. რაში მდგომარეობდა სირთულე? რა იყო თქვენთვის მოსაწონი მასში?

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა, პირველ რიგში, მოსწავლეებს გააცნოს პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ დააწყვილოს მოსწავლეები, რათა მათ ამ პრობლემის გადაჭრაზე წყვილებში იმუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეების ყურადღება გადატანილი იქნება წყვილების მოძიებაზე, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულნი იყვნენ პრობლემის გააზრებაზე.

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, რამდენიმე წუთის განმავლობაში მსჯელობენ პრობლემაზე, რის შემდეგაც თავიანთ მოსაზრებებს მთელ კლასს აცნობენ. ყველა მოსწავლე ვერ შეძლებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, მაგრამ მათ უმრავლესობას მაინც უნდა მიეცეს ამის საშუალება, იმ პირობით, რომ კლასის წინაშე საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად მუდმივად ერთი და იგივე მოსწავლეები არ იქნებიან წარმოდგენილი.

მცირე დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დაფიქრდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე და გაიაზრონ, თუ როგორ არის ორგანიზებული კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე  ან თანამდებობრივი მოვალეობის გახორციელებაზე აღებული პასუხისმგებლობა:

  • საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება;
  • სხვებზე პასუხისმგებლობის აღება;
  • საგნებზე პასუხისმგებლობის აღება.

მასწავლებელი ერთ მოსწავლეს ავალებს, წერილობითი ფორმით შეადგინოს პროფესიებისა და სამსახურების ჩამონათვალი, ფლიპჩარტზე ან დაფაზე.

გაკვეთილისათვის გამოყოფილი დროის ბოლო მეოთხედის განმავლობაში მოსწავლეებს შესასრულებლად ეძლევათ შემდეგი დავალება: მათ უნდა იმუშაონ ისევ იმ წყვილებში, როგორც გადანაწილებულნი იყვნენ გაკვეთილის დასაწყისში, და შეადგინონ მცირე მოცულობის ტექსტი, რომელიც მათ შემდგომ უნდა გააგრძელონ სახლებში, საშინაო დავალების ფორმით.

დავალება:

„ჩამონათვალიდან შეარჩიეთ ერთი პროფესია ან სამსახური. შესაძლებელია, თქვენ იცნობთ ვინმეს, ვინც ამ პროფესიის არის, ან ვინც ამ სამუშაოს ასრულებს. შეგიძლიათ აირჩიოთ ის პროფესია ან სამსახურიც, რომელიც ჩამონათვალში არ არის შესული. დაწერეთ მცირე მოცულობის ტექსტი ამ პროფესიის ან სამსახურის შესახებ და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ამ სამუშაოს შემსრულებელ პირს აკისრია:

  • აღწერეთ სამუშაო, რომლის შესრულებაც უწევს ადამიანს, რომელიც ამ პროფესიის არის, ან ამ სამსახურში იმყოფება.
  • ვისზე ან რაზე უწევს მას პასუხისმგებლობის აღება?
  • იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ვერ ან არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას და როგორ შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაზე, ოჯახზე, სკოლაზე ან საზოგადოებაზე?
  • რა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს პირი, რომელიც ამ სამუშაოს ასრულებს?

ტექსტები ისე უნდა იქნას შედგენილი მოსწავლეთა წყვილების მიერ, რომ მათი გამოფენა შესაძლებელი იყოს საკლასო ოთახში. შესაძლებელია, მოსწავლეებს დაავალოთ, თითოეულ ტექსტს დაურთონ ნახატი ან ილუსტრაცია, კოლაჟი ან ფოტო და ამგვარად პოსტერის ფორმა მისცენ თავიანთ ნამუშევრებს.