გაკვეთილი 3: ვმონაწილეობთ დებატებში – ვიღებთ გადაწყვეტილებას – ვაკეთებთ მოხსენებას

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ვმონაწილეობთ დებატებში – ვიღებთ გადაწყვეტილებას – ვაკეთებთ მოხსენებას

საჯარო დებატები და გადაწყვეტილების მიღება

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

თავისუფალი საუბარი; ოპონენტთან კამათი; გუნდში თანამშრომლობა.

არგუმენტების გაცვლა–გამოცვლაზე დაკვირვება და მათი შეფასება.

სწავლის მიზანი უკავშირდება განსახილველ თემას.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ დებატებში ან აკვირდებიან და ისმენენ დებატებს.

ჯგუფებს ევალებათ მოემზადონ შემაჯამებელი გაკვეთილისთვის.

მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 8.2 – 8.5, 9.1.
მეთოდი

დებატები.

ჯგუფური მუშაობა (კენჭისყრა).

დეტალური მოხსენებები.

დროის ბიუჯეტი 1. დებატები. 25 წთ.
2. აუდიტორია მართავს კენჭისყრას. 10 წთ.
3. საშინაო დავალება: მასალის მომზადება შემაჯამებელი ეტაპისთვის. 5 წთ.

 

ინფორმაცია

მოცემული გაკვეთილი მთლიანი თავის ქვაკუთხედს წარმოადგენს – დებატები. მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც წინა გაკვეთილზე ჩატარდა, მოსწავლეებში თვითრწმენის ამაღლებას ემსახურებოდა, რათა მათ დებატებში საკუთარი როლი წარმატებით შეასრულონ.

თავმჯდომარეები დებატებისა და კენჭისყრის ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებელი.

მასწავლებელი, გაკვეთილის დასაწყისში და მის ბოლოს, სიტყვით გამოდის მოსწავლეების წინაშე, დანარჩენი დროის განმავლობაში, იგი დამკვირვებლის როლშია.

ჯგუფებისთვის განკუთვნილ მასალაში მოსწავლეებისთვის დეტალურად არის მოწოდებული მითითებები და წესები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა დაიცვან საკუთარი როლის შესრულების დროს. შექმნილია ტიპური პრაქტიკული სწავლის გარემო: გაკვეთილის ფორმატი მოიცავს სხვადასხვა ამოცანას და მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული წესები და განრიგი, მასწავლებელი პროცესებში პრაქტიკულად არ მონაწილეობს. მაგრამ სწავლის მიზანი, რომელიც მასწავლებლის მიერ არის დასახული, მთელი გაკვეთილის განმავლობაში სახეზეა – უფრო მეტადაც, ვიდრე ფრონტალური სწავლების დროს, რადგან მოცემულ სიტუაციაში სწავლის პროცესს მოსწავლეები მართავენ.

გაკვეთილის აღწერა

მასალაში მოსწავლეებისთვის 8.4 (თავმჯდომარეების როლი), დეტალურად არის მოწოდებული მითითებები და წესები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს დებატები და კენჭისყრა, რომელშიც აუდიტორია მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მიერ ამ ეტაპის აღწერა ძალიან ლაკონურად უნდა მოხდეს.

1. დებატები

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის განრიგს: დებატები, რომელსაც მოჰყვება კენჭისყრა აუდიტორიის მონაწილეობით და დეტალური მოხსენებები. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მერხები და სკამები განალაგონ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია მასალაში მოსწავლეებისთვის 8.2.

ამის შემდეგ, პროცესებზე კონტროლს თავის თავზე იღებს პირველი თავმჯდომარე. მოსწავლეები სხდებიან. თავმჯდომარეები, დებატებში მონაწილე გუნდები, აუდიტორია, რეპორტიორთა გუნდები, ყველა მათთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს. მასწავლებელი უერთდება აუდიტორიას, საუკეთესო შემთხვევაში ბოლო რიგში. მოსწავლეებმა უნდა ეცადონ მიმართონ არა მასწავლებელს, როცა მათ სიტყვით გამოსვლა უწევთ, არამედ ერთმანეთს. მოსწავლეები თავიანთ როლს თამაშობენ, მასწავლებელი მსმენელის როლშია.

2. კენჭისყრა

მეორე თავმჯდომარე პასუხისმგებელია აუდიტორიის მიერ გამართულ დისკუსიასა და შემდგომ კენჭისყრაზე. ამ ეტაპზე, მასწავლებელი ტოვებს აუდიტორიას და მოსწავლეთა საქმიანობას შორიდან ადევნებს თვალყურს. აუდიტორიის მიერ გამართული დისკუსიის დროს, დებატებში მონაწილე გუნდები და რეპორტიორები უსმენენ მათ.

ხუთი წუთის შემდეგ, თავმჯდომარე დისკუსიას დასრულებულად აცხადებს და უძღვება კენჭისყრას. მას შემდეგ რაც თავმჯდომარე კენჭისყრას დახურულად გამოაცხადებს, სიტყვით გამოდის მასწავლებელი.

3. საშინაო დავალება: მზადება შემდეგი გაკვეთილისთვის (გაკვეთილი 4)

მასწავლებელი მადლობას უხდის თავმჯდომარეებს, გაკვეთილის წარმართვაში მათ მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის გამო. ასევე მადლობას უხდის დებატებში მონაწილე გუნდებსა და აუდიტორიას და, საკუთარი შეხედულებისამებრ, აქებს მათ. ამ ეტაპზე არ კეთდება არანაირი კრიტიკული შენიშვნა. მეოთხე გაკვეთილზე, მათ ექნებათ საშუალება შეაჯამონ და შეაფასონ დებატებსა და კენჭისყრის დროს მათ მიერ მიღებული გამოცდილება და სწორედ ამას აუწყებს მასწავლებელი მოსწავლეებს.

რეპორტიორების გარდა, იგი უკლებლივ ყვალა მოსწავლეს სთხოვს დაფიქრდნენ იმ შთაბეჭდილებებზე, რაც მათ ამ გაკვეთილის განმავლობაში მიიღეს და იმ მოსაზრებების შესახებ, რომელიც მათ გამართულ დებატებსა და ჩატარებულ დისკუსიასა და კენჭისყრაზე გააჩნიათ; მოამზადონ მოკლე განცხადებები, რომელიც განიხილება მომდევნო გაკვეთილზე და რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:

  1. თქვენი მოსაზრება დებატებში განხილულ საკითხთან დაკავშირებით. ახსენით, რომელი არგუმენტი ჟღერდა თქვენთვის დამაჯერებლად, რომელმაც განაპირობა თქვენი არჩევანი.
  2. ჩამოაყალიბეთ თქვენი თვალსაზრისი, აღწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წესები, განსაკუთრებით ერთ წუთიანი რეგლამენტი, დებატების დროს.

რეპორტიორთა გუნდებს ეს დავალება არ ეძლევათ, რადგან მათი სამუშაო სტატიის დაწერაა. მასწავლებელი მოკლე მოლაპარაკებას აწარმოებს რეპორტიორებთან, რათა გადაწყვიტონ, როგორ გაავრცელონ მათ მიერ დაწერილი სტატიები – კედელზე რამდენიმე ასლის გამოფენით, თუ მოსწავლეებზე დარიგების საშუალებით.