შესავალი

Living Democracy » Textbooks » შესავალი

რას გვთავაზობს ეს წიგნი?

წინამდებარე წიგნი ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების მასწავლებლების, მასწავლებელთა ტრენერების, სასწავლო გეგმების სპეციალისტების, სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტორებისა და მთარგმნელებისათვისაა მომზადებული. ნებადართულია ამ წიგნის თარგმნა და ქვეყნის განათლების სისტემის საჭიროებებზე მორგება.

წიგნი ცხრა თავისაგან შედგება და ეხება სწავლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ . თითოეული თავი ოთხ გაკვეთილს მოიცავს. ეს გაკვეთილები განკუთვნილია საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასებისათვის (ძირითადად, მე-8 და მე-9 კლასები, დამოკიდებულია ქვეყნის განათლების სისტემაზე). წიგნის თითოეული თავი ეხება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ისეთ ცნებათაგან ერთ-ერთს, როგორებიცაა: პიროვნულობა – თავისუფლება – პასუხისმგებლობა – კონფლიქტი – კომუნიკაცია – პლურალიზმი – წესები და კანონები – თანასწორობა – ქვეყნის მართვა.

თითოეული გაკვეთილის აღწერა სწავლების ეტაპების თანმიმდევრობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ყველა თავი დანართის ფორმით მოიცავს მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის დასარიგებელ სამუშაო ფურცლებს.  შესაბამისად, სახელმძღვანელო მასწავლებლებზეა გათვლილი, და არა მოსწავლეებზე. მასწავლებელთა ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამწყები მასწავლებლები ყოველთვის გამოხატავენ სურვილს, მიიღონ გაკვეთილის დეტალური გეგმები. იმედი გვაქვს, რომ გამოცდილი მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნება ამ წიგნში წარმოდგენილი იდეები და მასალები. მასწავლებელთა ტრენერებმა წინამდებარე წიგნი  შეიძლება გამოიყენონ სახელმძღვანელოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ტრენინგების მომზადებისას.

ეს  წიგნი პირველად ბოსნია- ჰერცოგოვინაში გამოიცა (2002 წ.) ახალი სასკოლო საგნის – დემოკრატია და ადამიანის უფლებები – დამხმარე სახელმძღვანელოდ. 1992 წლიდან მოყოლებული,  ევროსაბჭო ჩართულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროებში მასწავლებელთა და ტრენერთა გადამზადების პროექტებში. ეს პროექტები ომის შემდგომ სამშვიდობო პროცესს უწყობს ხელს. ამ წიგნის ავტორები და პირველი გამოცემის რედაქტორები პროექტში მონაწილე საერთაშორისო ტრენერების გუნდის წევრები იყვნენ. პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ მასწავლებელთა და ტრენერთა გადამზადება, შევიმუშავეთ სასწავლო მასალები; ამ უკანასკნელთა რიცხვში იყო წინამდებარე წიგნის პირველი რედაქციაც, რომელიც მომზადდა როგორც მასწავლებელთა გადამზადების, ასევე კლასში გამოყენების მიზნით.1

რა მიდგომებით გამოირჩევა  სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ?

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.2 მოსწავლეებს იმის გააზრებაში უნდა დავეხმაროთ, თუ რას გულისხმობს თავისუფალი აზრის გამოხატვა. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ იცავს  მათი კონსტიტუცია მათ უფლებას, რომ გამოხატონ თავისუფალი აზრი (ეს არის ცოდნის მიღება და გააზრება). გამომდინარე იქიდან, რომ ამ უფლების გამოყენებაზეა დამოკიდებული პიროვნებათა მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსწავლეებმა, ასევე, უნდა ისწავლონ საზოგადოებაში კამათის წესები (ეს არის უნარების განვითარება და კომპეტენციის ჩამოყალიბება). და ბოლოს, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება საფუძველს უყრის ღია, პლურალისტურ საზოგადოებას. ასეთ საზოგადოებაში ინტერესთა/აზრთა სხვადასხვაობა და კონკურენცია საყოველთაო ნორმაა, და არა გამონაკლისი. არსებობს კონფლიქტებიც, რომელიც არაძალადობრივი გზით უნდა გადაიჭრას. კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისათვის გამოიყენება კამათი, მოლაპარაკება, გარიგება, როგორც საჯაროდ, ისე დახურულ კარს მიღმა. ღია, პლურალისტური საზოგადოება ემყარება მკაცრად განსაზღვრულ წესებსა და ძლიერ ინსტიტუციებს, რომლებიც ამ წესების დაცვის გარანტად გვევლინებიან. ასეთი საზოგადოება, პირველ ყოვლისა, მოქალაქეთა ისეთ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორებიცაა: შემწყნარებლობა; ურთიერთპატივისცემა; არაძალადობრიობა; უნარი, თვალი გაუსწორო პრობლემურ, საკამათო  სიტუაციებს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება დემოკრატიულ ღირებულებს ეფუძნება, საზოგადოება ყოველთვის გადალახავს მწვავე უთანხმოებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მიაღწევს შეთანხმებას. შესაბამისად, აზრის გამოხატვის თავისუფლება მთავრობისათვის საფრთხეს სულაც არ წარმოადგენს. პირიქით, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის გამოხატვის თავისუფლების კულტურა მთავრობას სამართლიანი და ეფექტური გამოსავლის მოძებნაში ეხმარება.

დემოკრატიას კულტურული განზომილება აქვს; პოლიტიკური მეცნიერების თეორიაში ამ კულტურულ განზომილებას იმ დაუწერელ სოციალურ კონტრაქტად აღიქვამენ, რომელსაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე აწერს ხელს. ყოველი ახალი თაობა გააზრებულად უნდა დაეთანხმოს ამ დაუწერელი სოციალური კონტრაქტის პირობებს, რითაც საზოგადოების ღირებულებებს გაიზიარებს (ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარება).

ასე რომ, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

სწავლის პროცესის ინტეგრაციას სამ განზომილებაში ახდენს:

  • ცოდნა და გააზრება (შემეცნებითი განზომილება);
  • უნარების განვითარება და კომპეტენციის ჩამოყალიბება;
  • ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარება.

ეს მოდელი, ზოგადად, განათლებას მიესადაგება და, შესაბამისად, მკითხველისათვის შეიძლება ნაცნობი აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, რომ მაღალ კლასებში შემეცნებით განზომილებაზე მეტისმეტად ძლიერი აქცენტი კეთდება ხოლმე. საინტერესოა, როგორ პასუხობს ამ გამოწვევას სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოსწავლე ზემოთ წარმოდგენილ სამ განზომილებას უნდა დაეუფლოს, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის როლი ამ პროცესში?

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ: ძირითადი პრინციპები

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ აერთიანებს სამ განზომილებას ისე, რომ კლასში სწავლის პროცესს მჭიდროდ აკავშირებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.  სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მოიცავს სამ დიდაქტიკურ მიდგომას:

  • სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ;
  • სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით;
  • სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.

ეს სამი დიდაქტიკური მიდგომა ერთიან მთელს ქმნის. სწავლების პროცესი ამ სამივე მიდგომას მოიცავს; ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ თითოეულს.

სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ გულისხმობს სასკოლო საგანს სამოქალაქო განათლებაში. სიტყვას შესახებ სწავლის შემეცნებითი განზომილება შემოჰყავს. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სასწავლო გეგმის სტანდარტები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს დემოკრატიის ძირითადი პრინციპები და ახსნას, რით განსხვავდება დემოკრატია დიქტატორული, ან ოლიგარქიული წყობებისაგან; მოსწავლემ იცის ადამიანის უფლებათა ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ; მას შეუძლია ახსნას, თუ როგორ აისახება ადამიანის უფლებები ქვეყნის კონსტიტუციაში, რაც ამ უფლებებს სამოქალაქო უფლებებად აქცევს და მათ უფრო მკაცრ დაცვას უზრუნველყოფს. ასე რომ, სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს კურსებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  ისევე, როგორც მონათესავე საგნებს: ისტორიას, სოციალურ მეცნიერებებსა და ეკონომიკას.

სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით

მოსწავლეებმა არა მხოლოდ უნდა იცოდნენ საკუთარ უფლებათა შესახებ, არამედ უნდა შეეძლოთ მათი გამოყენება. ამისათვის აუცილებელია, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ. მაგალითად, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება, გამოხატონ თავიანთი აზრები არა მხოლოდ კლასში განხილული მასალის შესახებ, არამედ, ზოგადად, სწავლების პროცესისა და სკოლის მართვის საკითხებთან დაკავშირებითაც. თუ  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ამ კუთხით შევხედავთ, ისინი იქცევიან  სახელმძღვანელო პედაგოგიურ პრინციპებად, რაც უკვე მთელ სკოლას მოიცავს, და არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის სპეციალურად გადამზადებულ მასწავლებლებს. ისეთი ადამიანური ღირებულებების გააზრება, როგორებიცაა თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა, მხოლოდ პრაქტიკული გზით მიიღწევა. ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყველა საგნის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებისათვის სანიმუშო უნდა იყოს და სხვადასხვა ადამიანური ღირებულება უნდა განასახიეროს. სკოლაში მიღებული გამოცდილება ადამიანის უფლებათა შესახებ მიღებულ სისტემატიზირებულ ცოდნაზე (სწავლა ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ) უნდა აისახებოდეს და მას უნდა უკავშირდებოდეს. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ამ ორივე განზომილებას მოიცავს. შესაბამისად, მსჯელობა იმის შესახებ, რომ სასწავლო გეგმაში  სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი, უნდა ჩაანაცვლოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულმა განზოგადებულმა პედაგოგიურმა პრინციპმა, მცდარია.

სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის

ეს დიდაქტიკური მიდგომა ეხება სკოლის პერიოდში მიღებული გამოცდილების კავშირს ადამიანის შემდგომ ცხოვრებასთან. ჩვენ გვესმის, რომ პიროვნების სასკოლო ცხოვრება მნიშვნელოვანია ზოგადი და პოლიტიკური სოციალიზაციის თვალსაზრისით. სკოლის პერიოდი არის ადამიანის ცხოვრების ნაწილი. გამოცდილება, რომელსაც ადამიანი სკოლაში იღებს, ხშირად ზრდასრულ ცხოვრებაშიც მეორდება: გენდერული უთანასწორობა, თემის წევრების გაერთიანება სხვადასხვა ეთნიკური თუ სოციალური ნიშნის მიხედვით, ძალადობასთან გამკლავება, პასუხისმგებლობის აღება, ძალაუფლების არათანაბარი განაწილება, რესურსების სიმწირე (ფულის, დროის), წესებისა და კანონების მორჩილება, დათმობაზე წასვლა. როცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის სწავლაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ განათლების მნიშვნელობას ზრდასრული ადამიანის ცხოვრებისათვის. ყველა საგნის მასწავლებლის ვალია, დაეხმარს მოსწავლეებს, რათა ამ უკანასკნელთ განუვითარდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უნარები, მაგალითად, უნარი იმისა, რომ საკუთარი აზრი მოკლედ და ნათლად ჩამოაყალიბონ.

სკოლაში მოსწავლეებს შეუძლიათ, გაეცნონ რეალურ ცხოვრებას. სკოლა ცხოვრებაა, და არა იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ აკადემიურ ცოდნას ეუფლებიან. სკოლა ის მიკროთემია, რომელიც მთლიანი საზოგადოების მოდელს წარმოადგენს.3 სკოლა შეიძლება უკეთესი, უფრო დემოკრატიული საზოგადოების მოდელადაც კი აღვიქვათ, რადგან სკოლის საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაცილებით აქტიურად ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სკოლის დონეზე, ვიდრე სკოლის გარეთ შეძლებდა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის სწავლა ნიშნავს იმის გააზრებას, თუ როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა თემის ცხოვრებაში. ყოველდღიური სასკოლო გამოცდილება კი, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა გააზრების საშუალება, გულისხმობს, რომ თემს დემოკრატიული პრინციპები მართავს, სადაც ადამიანის უფლებები პედაგოგიური სახელმძღვანელო პრინციპებია. დემოკრატია პოლიტიკურ კულტურას ემყარება; ეს უკანასკნელი მოსწავლეებმა სასკოლო გამოცდილებისა და ამ გამოცდილების ანალიზის საშუალებით უნდა გაითავისონ (სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ).

ზოგადად, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მთელი სკოლის რეფორმირებას გულისხმობს, რაშიც ჩართულნი არიან როგორც მასწავლებლები, ისე სკოლის დირექცია.  წინამდებარე სახელმძღვანელო კი ეხება სწავლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  კონკრეტულ სასწავლო საგნად.  განათლების რეფორმა მრავალი ელემენტისაგან შედგება და შედეგები, როგორც წესი, განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. რეფორმის პირველი ეტაპი სწორედ საკლასო ოთახში უნდა დაიწყოს, სადაც მასწავლებლები იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა სურთ. ამ თვალსაზრისით, მეთოდური და შინაარსობრივი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ: მეთოდიკის კავშირი შინაარსობრივ მხარესთან

სწავლა აქტიური პროცესია და ამ პროცესს ყველა მოსწავლე განსხვავებულად უდგება (სწავლის კონსტრუქტივისტული ცნება). გამოხატვის თავისუფლებას მოსწავლე მხოლოდ ხშირი პრაქტიკით ეუფლება. მოქმედებს შემდეგი პრინციპი: ,,გამოიყენე, ან დაკარგე“ ეს უფლება.  ეს პრინციპი იმას გულისხმობს, რომ მოსწავლე, რომელიც ხშირად არ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას, ამ უნარს კარგავს. ყველა მასწავლებლის მოვალეობაა, შეუქმნას მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო და მისცეს ისეთი დავალებები, რომელიც მათ სწავლის პროცესში დაეხმარება. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია პრეზენტაციების, დისკუსიების, დებატების, პოსტერების, ხელოვნების ნიმუშებისა და ვიდეოკლიპების გამოყენება.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ მეთოდებზე, რომლებიც პროექტის შესრულებაზე ორიენტირებულ, ინტერაქტიულ და თანამშრომლობით სწავლას უწყობენ ხელს. როცა მოსწავლეები დავალების შესრულების გზებს იკვლევენ და პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებენ, ისინი გაცილებით მეტს სწავლობენ, ვიდრე მასწავლებლის მიერ სწავლების ტრადიციული მეთოდის4 გამოყენების შემთხვევაში. ინტერაქტიული და თანამშრომლობითი სწავლება თითოეული მოსწავლის სწავლის საჭიროებების უფრო უკეთ გათვალისწინების საშუალებასაც იძლევა. ამ წიგნში წარმოდგენილი მასალა ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება პროექტის შესრულებაზე ორიენტირებული სწავლება კონკრეტული თემებისა თუ საგნების სწავლისას გამოვიყენოთ. საგულისხმოა, რომ სწავლების ტრადიციული მეთოდი არ წარმოადგენს ინტერქატიული სწავლების ალტერნატივას. ხარისხიანი სწავლება ორივეს მეთოდის ელემენტებს უნდა მოიცავდეს და ამას წიგნში წარმოდგენილი გაკვეთილების აღწერებიც ადასტურებს.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მთავარი ამოცანა: მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოებაში
სწავლა სწავლება მეთოდები სკოლა

ცოდნა და გააზრება

უნარები

დამოკიდებუ-ლებები და ღირებულე-ბები

სწავლება

–დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

– სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით

–დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის

დემოკრატია და ადამიანის უფლებები

– პროექტის შესრულებაზე ორიენტირებული–ინტერაქტიული

–თანამშრომლობითი სწავლა

 

ეს მეთოდები კომბინირებულია მასწავლებლის მხრიდან:

– სწავლებასთან

– დაკვალიანებასთან

– ვარჯიშთან

– დემონსტრირებასთან

,,სკოლა, როგორც მიკროსაზოგადოება“

რეალური ცხოვრების გამოცდილება სკოლაში

პროექტის შესრულებაზე ორიენტირებული მეთოდი დროის სათანადო დაგეგმვას საჭიროებს. თუ მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეთათვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მან ნაკლები უნდა ილაპარაკოს და მეტი მოქნილობით უნდა მოეკიდოს მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებებს. ინტერაქტიული სწავლებაც კარგ მომზადებასა და დაგეგმვას საჭიროებს. შესაბამისად, ეს ორი მეთოდი უფრო მეტ დროს მოითხოვს მასწავლებლისაგან, ვიდრე სწავლების ტრადიციული მეთოდი. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია მასწავლებლებში. კვლევების შედეგები კი აჩვენებს, რომ ინტერაქტიულ სწავლებაზე გადასვლა აუცილებელია სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლებისაგან ინტერაქტიული სწავლება სხვადასხვა როლის შესრულებასა და მეტ მოქნილობას მოითხოვს, ეს წიგნი სწორედ მათ დასახმარებლადაა შექმნილი. მასწავლებელი არის მთავარი მონაწილე, რადგან პასუხისმგებელია მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობით, დავალებითა და საინფორმაციო საშუალებით უზრუნველყოფაზე.

რა არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მთავარი მიზანი?

დემოკრატიული სისტემა დემოკრატიული ღირებულებების მქონე აქტიური მოქალაქეების არსებობაზეა დამოკიდებული. დემოკრატიული ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეისწავლოს საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები; ის უნდა ერკვეოდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ რთულ ინსტიტუციურ სისტემაში.  საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად ადამიანებს საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები სჭირდებათ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების  მიზანია, ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს და ამით დემოკრატიას სიცოცხლე შეუნარჩუნოს. დემოკრატია ვერ იარსებებს კონსტიტუციით დაცული ინსტიტუციური სისტემის არსებობის გარეშე. უფრო მეტიც, ამ სისტემას საზოგადოებრივ კულტურაში უნდა ჰქონდეს ფესვი გადგმული. ჩვენ სწორედ ამ კულტურული განზომილების გაძლიერებისთვის ვმუშაობთ. ამიტომაც ევროსაბჭომ, ბოსნია-ჰერცოგოვინას სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, განახორციელა მასწავლებელთა გადამზდების პროგრამა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში.

ეს წიგნი მე-8 და მე-9 კლასელი მოსწავლეების მასწავლებლებისთვისაა დაწერილი. ადამიანის მიერ ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ ცოდნასა და უნარებზე, რომელიც ადამიანს სწავლის დაწყებისას გააჩნია, ასევე იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რომელიც მან წლების მანძილზე შეიძინა. ამ წიგნში წარმოდგენილი მასალა დემოკრატიის კულტურულ განზომილებას ეხება, ხოლო შემდეგი წიგნი (IV) კი – დემოკრატიის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ განზომილებებს.5

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ: „ევროპული მიდგომა“

ეს წიგნი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი ზოგადევროპული დამოკიდებულების გამომხატველია. წიგნის მომზადების იდეა და მისი პირველი ვერსია ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაჩნდა; ამ პროცესში არაერთი მასწავლებელი და განათლების სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. წიგნის ავტორებს სწავლების მეთოდოლოგიები და ტრადიციები ისეთი ქვეყნებიდან მოჰყავთ, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ბელგია, შვეიცარია და გერმანია. ამ გამოცემის მომზადებისას მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს ქ-ნმა ოლოფ ოლაფსდოტირმა და ქ-ნმა სარა კითინგ-ჩეთვინდმა ევროსაბჭოდან, ასევე ქ-ნმა საბრინა მარუნჩედუმ და დოქტორმა ვილტრუდ ვედინგერმა ცურიხში მდებარე განათლების საერთაშორისო პროექტების ცენტრიდან. ქ-ნმა ანჯელა დოულმა (ევროსაბჭო) წაიკითხა წიგნის საბოლოო ვარიანტი. ბ-ნმა პეტი ვისკერმანმა კი ილუსტრაციები მოამზადა; ეს ილუსტრაციები მეტ მნიშვნელობას სძენს წიგნში წარმოდგენილ მასალას. მადლობას ვუხდით ავტორებს, ილუსტრაციების შემქმნელსა და რეცენზენტებს მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ სარაევოში ევროსაბჭოს პროექტების კოორდინატორის ბ-ნი ემირ ადზოვიცის წვლილი, რომელმაც დიდი დახმარება აღმოგვიჩინა მუშაობის პროცესში; მისი ჩართულობის გარეშე ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ ნახავდა. ასევე, მადლობას ვუხდით ქ-ნ ჰეთერ კორანტს ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში თანადგომისათვის. მადლობა ყველა პარტნიორს, რომ მათ ამ ჭეშმარიტად ევროპული პროექტის განხორციელებაში შეიტანეს წვლილი.

სტრასბურგი, 2008 წლის აპრილი

როლფ გოლობი (ციურიხი, შვეიცარია)

პიტერ კრაფი (ვაინგართენი, გერმანია)

1. ამ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ხუთი წიგნისაგან შემდგარი სერიის პირველ ნაწილს.
2. იხილეთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 10 დეკემბერი, 1948 წელი, მუხლი 19; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, 4 ნოემბერი, 1950, მუხლი 10.
3. ამ მოსაზრებას საფუძველს უყრიან დიუი (სკოლა, როგორც “საზოგადოება ემბრიონულ სტადიაში”) და ფონ ჰენთინგი (“სკოლა, როგორც ქალაქი-სახელმწიფო”).
4. სწავლების ტრადიციულ მეთოდად მოვიხსენიებთ სალექციო ფორმატით სწავლებას, როცა დროის ძირითადი ნაწილი მასწავლებლის საუბარს ეთმობა; ნებისმიერ დისკუსიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად წარმართავს და აკონტროლებს მასწავლებელი (მთარგმნელის შენიშვნა).
5. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ყველა ასაკის მოსწავლეს შეიძლება ვასწავლოთ. მაგრამ აუცილებელია მოსწავლეთა გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინება. “ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების სახელმძღვანელო” (სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი V) წარმოადგენს იმ დიდაქტიკურ მიდგომებს, რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილია სკოლამდელი აღზრდის ასაკიდან მე-8 კლასამდე.