1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება განათლების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდების მომზადება საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილე აქტიურ მოქალაქეებად და, აქედან გამომდინარე, სწავლის განსხვავებულ ფორმებს მოითხოვს. მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ სწავლის ამ ფორმას და სრულყოფილად ფლობდნენ სწავლების მეთოდებს, განსხვავებულ გარემოში მათი ჯეროვნად გამოყენებისათვის. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლის ფორმებია:

  • ინდუქციური – მოსწავლეებს სთავაზობს კონკრეტულ პრობლემებს, რომლებიც მათ უნდა გადაჭრან ან მიიღონ გადაწყვეტილება მათი მოგვარების შესახებ, ეხმარება მათ ამ პრობლემების განზოგადებაში – სხვა სიტუაციებისადმი მისადაგებაში – ნაცვლად აბსტრაქტული კონცეფციების მიწოდებისა;
  • აქტიური – წაახალისებს მოსწავლეებს, ისწავლონ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებით, ნაცვლად იმისა რომ მიუთითოს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ;
  • რელევანტური – მასალას იღებს რეალური ცხოვრებიდან, სკოლის ან კოლეჯის, საზოგადოების ან მსოფლიოს ცხოვრებაში არსებული სიტუაციებიდან;
  • თანამშრომლობაზე დაფუძნებული – მოიცავს ჯგუფურ სამუშაოს და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სწავლის პროცესებს;
  • ინტერაქტიული – სწავლება განხილვებისა და დებატების საშუალებით;
  • კრიტიკული – სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, იაზროვნონ დამოუკიდებლად, აძლევს მათ საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვის გამოთქმის შესაძლებლობას და ეხმარება არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებაში;
  • მონაწილეობითი – საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ სწავლის პროცესში, მაგალითად იმით, რომ შემოიტანონ მათთვის სასურველი და საინტერესო განსახილველი თემა, ან ჩაატარონ კვლევა მათთვის საინტერესო სფეროში, ასევე, საკუთარი სწავლის პროცესისა და შედეგების და მათი თანაკლასელების სწავლის პროცესებისა და შედეგების შეფასებით.

მოცემული გეგმების შესასრულებლად, მასწავლებლებს სჭირდებათ ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ დაეხმარონ თავიანთ მოსწავლეებს. ზოგიერთი ამ ინსტრუმენტთაგან ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის. სწორედ ამ მიზნით, ეს ინსტრუმენტები პრაქტიკული თვალსაზრისით არის განხილული წინამდებარე თავში.