გაკვეთილი 4: ძალის გამოყნება

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ძალის გამოყნება

მისაღებია თუ არა ძალის გამოყენება ზოგ შემთხვევაში?

სწავლის მიზანი კრიტიკული ანალიზი იმისა, თუ რამდენად მისაღებია ძალადობის გამოყენება.
მოსწავლის დავალება გააანალიზეთ ძალის გამოყენების შემთხვევა.
საჭირო მასალა ბარათები, რომლებზეც დატანილია ამბები მოსწავლის სამუშაო ფურცელ 4.4-დან (აუცილებელია, მასწაველებელს ჰქონდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემაზე).
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

კრიტიკული აზროვნება.

ინფორმაცია

დედამიწაზე მშვიდობის დამყარება სანუკვარ მიზნად ითვლება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სამართლის ნორმები არ გულისხმობს ძალადობის სრულ აკრძალვას. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს იმის გააზრებაში დაეხმარება, თუ როდისაა ლეგიტიმური ძალის გამოყენება. მოსწალეებმა უნდა იმსჯელონ საკუთარი, ან მათი ნაცნობების მიერ ძალის გამოყენების შემთხვევებზე.

გაკვეთილი

მოსწავლეები 4-5 კაციან სამუშაო ჯგუფებად იყოფიან. მასწავლებელი, ან ერთ-ერთი მოსწავლე კლასს მოსწავლის სამუშაო ფურცელ 4.4-ში მოცემულ პირველ ამბავს წარმოუდგენს.

ერთ გაკვეთილზე ოთხივე ამბის განხილვა ალბათ შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, აირჩიოს ერთ-ერთი ვარიანტი:

  • მთელი კლასი ამუშაოს ორ ამბავზე;
  • სხვადასხვა ჯგუფს სამუშაოდ ოთხივე ამბავი დაურიგოს;
  • ამ საკითხს კიდევ ერთი გაკვეთილი დაუთმოს.

თითოეული ჯგუფის ამოცანაა, გაეცნონ ამბავს, გაიაზრონ შეკითხვები, იმსჯელონ და მსჯელობის შედეგები კლასის წინაშე წარმოადგინონ. მასწავლებელმა კარგად უნდა გაითავისოს ამ გაკვეთილის მთავარი შეკითხვა:  რამდენად დასაშვებია ძალის გამოყენება?

მას შემდეგ, რაც კლასი თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას მოისმენს, მასწავლებელს შეუძლია, გარკვეულწილად შეაჯამოს ამბავი, მიაწოდოს მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია ამბავთან დაკავშირებით და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს სხვა ამბავზე.

მასწავლებლისათვის: ამბები, შეკითხვები და დამატებითი ინფორმაცია

ამბავი 1

ანტიგლობალისტების მანიფესტაციის დროს ადამიანთა ჯგუფმა ქვები დაუშინა ტრანსნაციონალური კომპანიის შენობას. პოლიციამ, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო, დააკავა ადამიანები, რომლებმაც შენობას ქვები დაუშინეს. ხალხმა ერთ-ერთი პოლიციელი  შეიპყრო და სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეკითხვები:

  1. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ცეცხლი გაეხსნა მომიტინგეებისათვის, რომლებიც ქვებს ისროდნენ?
  2. დასაშვები იქნებოდა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის გახსნა (ეს უფრო სწრაფად აღმოფხვრიდა პრობლემას, მაგრამ დასრულდებოდა მეტი მსხვერპლით)?
  3. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას მეტი დრო დაეკარგა და წყლის ჭავლი გამოეყენებინა?
  4. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ძალის გამოყენებისაგან თავი შეეკავებინა და ამით სიტუაციის ესკალაცია აერიდებინა თავიდან?

ინფორმაცია

საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, გარკვეულ სიტუაციებში პოლიციას შეუძლია ძალის გამოყენება. ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში. ძალა აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი იღებს ზემდგომისაგან დავალებას, რომელიც ამ წესის უგულებელყოფას გულისხმობს, პოლიციელს შეუძლია, არ დაემორჩილოს ზემდგომს.

ამბავი 2

ქვეყანა ა ომს უცხადებს ქვეყანა ბ-ს, რადგან ქვეყანა ბ აფინანსებს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომელთაც იერიში მიაქვთ ქვეყანა ა-ზე ქვეყანა ბ-ს ტერიტორიიდან. ქვეყანა ა-ს დაზვერვა აღმოაჩენს, რომ ქვეყანა ბ-ს ერთ-ერთ სოფელში ხდება რაზმების ინტენსიური წვრთნა; ასევე, დაზვერვა დაადგენს, რომ მზადდება მსხვილმასშტაბიანი შეტევა ქვეყანა ა-ს მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტზე.

შეკითხვები:

  1. დასაშვები იქნება, რომ ქვეყანა ა-მ დაბომბოს ქვეყანა ბ-ს მითითებული სოფელი და გაანადგუროს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა?
  2. დასაშვები იქნება დაბომბვა მას შემდეგ, რაც: 1. გააფრთხილებენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომ უბრძოლველად ჩაბარდეს ქვეყანა ა-ს წარმომადგენლებს; 2. გააფრთხილებენ ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ; 3. ტერიტორიიდან გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობას გაჩხრეკენ და იარაღის ჩამორთმევის შემდეგ უსაფრთხო თავშესაფარს მიუჩენენ?
  3. დასაშვები იქნება, რომ ქვეყანა ა-მ საერთოდ არ გამოიყენოს ძალა? რა ალტერნატიულ ქმედებას შეიძლება მიმართოს ქვეყანა ა-მ?

ინფორმაცია

საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმები (,,ჟენევის კონვენცია”) არ კრძალავს გარკვეულ საომარ ქმედებებსა და იარაღის გამოყენებას. ერთ-ერთი ნორმის მიხედვით, არ შეიძლება სამხედრო მოქმედება არასამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ასევე, სამხედრო ჩარევა არ უნდა იყოს არაპროპორციული და ერთგვაროვანი. მაგალითად, როცა შედარებით მსუბუქი იარაღით შეიძლება მიზნის მიღწევა, არ შეიძლება ძლიერი ბომბების გამოყენება სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად, რადგან ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,ჟენევის კონვენცია“ არ კრძალავს სამხედრო ჩარევას  და მოუწოდებს მხარეებს, გაითვალისწინონ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები.

ამბავი 3

ბატონი ბრაუნი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში ტექნიკოსად მუშაობს,  როცა სახლში ნასვამი ბრუნდება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს თავის მეუღლეს. ცოლმა პოლიცია ერთხელ უკვე გააფრთხილა ქმრის დანაშაულებრივი ქცევის შესახებ. მეზობლის ცოლი ერთხელ შემთხვევით შეესწრო ძალადობის სცენას და ახლა კარგად ხვდება, თუ რითი სრულდება ხოლმე ხმამაღალი კამათი მეზობელ ოჯახში.

შეკითხვები:

  1. მეზობლის ცოლი ვალდებულია, დარეკოს პოლიციაში, როცა ხმაური ესმის მეზობელი ოჯახიდან? თუ ეს მათ პირად ცხოვრებაში არასწორი ჩარევა იქნება?
  2. პოლიცია ვალდებულია, ჩაერიოს ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაში, თუ ისინი ასეთ ინფორმაციას მიიღებენ?

ინფორმაცია

,,მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, შეთანხმდნენ ყველა საჭირო საშუალებით განუხრელად განახორციელონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა და ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებას, რომ:

მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში, ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. კანონის და სხვა შესაბამისი საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას;

იქ, სადაც ეს საჭიროა, მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის სანქციებს,  რომლებიც აკრძალავენ ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას;

თავს შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტის ან მოქმედების ჩადენისაგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად;

მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ადათ–წესების და პრაქტიკის შესაცვლელად, ან გასაუქმებლად, რომლებითაც დაშვებულია ქალთა დისკრიმინაცია“.

გაეროს დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თაობაზე (1993).

ამბავი 4

ლეო 13 წლის გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშო მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან, როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები. პასუხად, დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ლეოს მეგობარი, რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე. პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ მოზრდილებიც, რომლებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შეკითხვები:

  1. საჭიროა, რომ ლეოს მეგობარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ?
  2. საჭიროა, რომ მოზრდილები ჩაერიონ ჩხუბში? როგორ?
  3. სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?

დამატებითი დავალების სახით, მოსწავლეებმა შეიძლება მოამზადონ წერილი დიდი ბიჭებისადმი, სადაც გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ბიჭების საქციელის მიმართ. ეს შეიძლება იყოს საშინაო დავალება. მოსწავლეებს წერილის დაწერას გაკვეთილზევე ვთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწრაფ ჯგუფურ მუშაობას არიან მიჩვეულნი.