გაკვეთილი 2: ადამიანის უფლებები: რას გვამცნობს ისინი?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: ადამიანის უფლებები: რას გვამცნობს ისინი?

მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებს განიხილავენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლების მიხედვით

სწავლის მიზნები მოსწავლეები მათივე მიერ გაკეთებულ ჩამონათვალში შეტანილ თითოეულ საჭიროებას უსადაგებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლებს. ამგვარად, მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მოცემული დეკლარაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ადამიანების საჭიროებებს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები წინა გაკვეთილზე გაკეთებულ დასკვნებს უკავშირებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან შერჩეულ მუხლებს.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამარტივებული ვერსია), მე-8 თავის 1-ლ გაკვეთილზე შედგენილი საჭიროებების ჩამონათვალი.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო, კვლევა.

გაკვეთილის აღწერა

გაკვეთილის დასაწყისში, მასწავლებელმა უნდა შეაჯამოს 1-ლი გაკვეთილის შედეგები. მან პარალელი უნდა გაავლოს საჭიროებებსა და ადამიანის უფლებებს შორის და მცირე პრეზენტაციით წარსდგეს მოსწავლეების წინაშე, ადამიანის უფლებების ისტორიის შესახებ (იხილეთ სამუშაო ფურცელი: „ადამიანის უფლებები: უფლებებისა და შესაბამისი საჭიროებების ჩამონათვალი). მასწავლებლის პრეზენტაცია არ უნდა გაგრძელდეს 10 წუთზე მეტხანს განმავლობაში.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომლის შესასრულებლად, მათ, მათივე მიერ წინა გაკვეთილზე განსაზღვრული საჭიროებები უნდა დაუკავშირონ ადამიანის უფლებებს, რომელთა გამარტივებული ჩამონათვალიც მოცემულია მათთვის დარიგებულ  სამუშაო ფურცლებზე. მოსწავლეები მუშაობენ იმავე ჯგუფებში, რომლებშიც ისინი წინა გაკვეთილის მსვლელობისას იყვნენ გადანაწილებული. ჯგუფებში მუშაობისას, მათ უნდა განიხილონ შემდეგი კითხვები: ადამიანის რომელი უფლებები არის მათთვის მნიშვნელოვანი, თუნდაც გაუცნობიერებლად? შეუძლიათ მათ უფლებებსა და საჭიროებებს შორის არსებული კავშირის აღქმა? შეუძლიათ რეალური ცხოვრებიდან მოიყვანონ მაგალითი, რომელიც კონკრეტულ უფლებას უკავშირდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემასა და მათზე მსჯელობაში მათ სამუშაო ფურცლებზე მოცემული მასალა დაეხმარება. მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამარტივებული ვერსიით უნდა ისარგებლონ თუ ორიგინალით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამარტივებული ვერსიის გამოყენებისას, მოსწავლეები ძალიან მარტივად აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებები ყოველდღიური საჭიროებების საფუძველზე იქნა შემუშავებული.

ამონარიდი მოსწავლეთათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლიდან:

ძირითად უფლებათა ჩამონათვალი ჩვენ მიერ განსაზღვრული „საჭიროებები“ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ორიგინალის რომელ მუხლშია იგი შესული?
სიცოცხლის, არსებობის უფლება
მუშაობის უფლება

საკუთრების უფლება

სიტყვის თავისუფლებით სარგებლობის უფლება

მოსწავლეები უნდა შეეცადონ, მათ მიერ წინა გაკვეთილზე განსაზღვრული საჭიროებათა ჩამონათვალი სამუშაო ფურცლებზე გადაიტანონ. ეს მარტივი არ იქნება, ვინაიდან უფლებები და საჭიროებები განსხვავებულად იქნება ჩამოყალიბებული. ამ სირთულემ მოსწავლეებს შორის დისკუსიების გამართვის აუცილებლობა შეიძლება განაპირობოს, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებიც, შესაძლებელია, ყოველთვის გასაგები არც იყოს. დავალება ამას ითვალისწინებს.

შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეთა ჯგუფები საკუთარ ნამუშევრებს ადარებენ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ორიგინალს.

გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა უნდა შეადგინონ საერთო ჩამონათვალი, რაც გულისხმობს ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოების კომბინირებას და მის გადატანას დიდი ფორმატის ფურცელზე, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა გაეცნოს. თუ საკლასო გარემოში კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩამონათვალის ელექტრონული ვერსია შექმნან, რა დროსაც მათი სამუშაო ფურცლები ნიმუშის სახით უნდა იქნეს გამოყენებული. შესაძლებელია ამის გაკეთება დაევალოს მოსწავლეთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც ამას საშინაო დავალების ფორმით შეასრულებს. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ერთიანი ჩამონათვალის შედგენის ვალდებულება შესაძლებელია თავად მასწავლებელმაც იკისროს.