6.1 რისთვის არის საჭირო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები

Living Democracy » Textbooks » 6.1 რისთვის არის საჭირო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება წარმოადგენს კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესს.20 მოსწავლეები, ინფორმაციის ცნებებთან დაკავშირების საშუალებით, ქმნიან ან აყალიბებენ მნიშვნელობასა და აღქმას. სწავლა და აზროვნება კონკრეტულ და აბსტრაქტულ დონეებზე განიხილება. აბსტრაქტული აზროვნება ემყარება ცნებებს. საერთო ცნებების გარეშე, რომელთა მნიშვნელობები ჩვენთვის გასაგებია და რომელთა განმარტებებზეც ვთანხმდებით, შეუძლებელი იქნება აზრების გაცვლა-გამოცვლა და გაზიარება, ან დებატები, განხილვები და მსჯელობა.

აქედან გამომდინარე, ცნებები მეტად აუცილებელია, როგორც კონსტრუქტივისტული სწავლის, ასევე, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რომელი ცნებები უნდა ავირჩიოთ? ჩვენ პლურალისტულ საზოგადოებებში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პიროვნებები და ჯგუფები აყენებენ სხვადასხვა და, ზოგ შემთხვევაში, ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესებსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, ფილოსოფია და სოციალური მეცნიერება მოიცავს სხვადასხვა, მათ შორის, არაერთაზროვან და საკამათო მიდგომებს. მაშასადამე, შეუძლებელია ძირითადი ცნებების მოპოვება რომელიმე ერთი წყაროდან. კონსტრუქტივისტულ სწავლაში, რომელიც კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული, ცნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება; სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარეობს ცნების მოდელების განხილვა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი წარმოადგენს ერთ-ერთ შესაძლო მიდგომას.

ჩვენ შევარჩიეთ შემდეგი ჩამონათვალი, სადაც მოცემულია ცხრა ძირითადი ცნება, რომელიც უკავშირდება როგორც მოსწავლეების მიერ მიკროსაზოგადოებაში მიღებულ გამოცდილებას, ასევე, ზოგადად, პოლიტიკურ საზოგადოებას:

  • ინდივიდუალობა;
  • მრავალფეროვნება და პლურალიზმი;
  • პასუხისმგებლობა;
  • კონფლიქტი;
  • წესები და კანონი;
  • მმართველობა და პოლიტიკა;
  • თანასწორობა და თავისუფლება;
  • მედია.

ძირითადი ცნებები ქმნის სპირალურ სასწავლო პროგრამას, სადაც ყურადღება სკოლის საზოგადოებიდან (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურისათვის განკუთვნილი წიგნი II) პოლიტიკურ საზოგადოებაზე (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისათვის განკუთვნილი წიგნი IV) გადადის და სადაც წიგნი III მოიცავს ორივე ასპექტს (იხ. წინამდებარე სახელმძღვანელოს ნაწილი 1, თავი 4). დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცნებები – დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები – მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ცხრა ძირითად ცნებას; წინამდებარე სახელმძღვანელოში თითოეული ცნება განხილულია ცალკე ქვეთავში. შესაძლებელი და აუცილებელია, ამ ცხრა ცნებიდან თითოეული მათგანი დანარჩენ ცნებებთან და კატეგორიებთან დავაკავშიროთ, მოსწავლეების ასაკისა და შესწავლის საგნის გათვალისწინებით. მოცემულ გამოცემათა სერიაში შემავალ სამივე წიგნში შესულია ცხრა მოდელი, ცალკე თავების სახით, რომელთაგანაც თითოეული შედგება ოთხი გაკვეთილისაგან და მოიცავს ძირითად ცნებათა ერთსა და იმავე ნაკრებს. მაგრამ მოცემული ცნებები სხვადასხვა წიგნში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი, რაც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ცნების მორგება მოსწავლეების აღქმის დონესა და ასაკობრივ ჯგუფზე. ორი ან სამი წიგნის კომბინირებით (ვერტიკალური თანწყობით), შესაძლებელია მივიღოთ კონკრეტული ძირითადი ცნების კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესი. ამავე დროს, ძირითადი ცნებების ჰორიზონტალური თანწყობით ვიღებთ აღქმის ქსელს. ცნებათა თანწყობა მიახლოებით განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკის21 რომელ განზომილებას გულისხმობს ეს ცნებები.

20. იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს ნაწილი 1, თავი 3, კონსტრუქტივისტული სწავლის შესახებ.
21. პოლიტიკის სამი ძირითადი განზომილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ამავე სახელმძღვანელოში მოცემული სამუშაო ფურცელი (როგორ შემოვიტანო პოლიტიკა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე?).