2 – სამუშაო ფურცელი 2: შეფასების პერსპექტივები

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 2: შეფასების პერსპექტივები

თვითშეფასება და სხვების შეფასება პიროვნებას ეხმარება საკუთარი სტატუსის შეცნობასა და მოქმედებათა შემდგომი კურსის განსაზღვრაში. ორივე ტიპის შეფასება, ასევე, ახალი მიზნების დასახვის საფუძველსაც წარმოადგენს.

სხვების მიერ შეფასებას ყველა ადამიანია მიჩვეული. სწორედ სხვების მხრიდან წარმოებული შეფასების შედეგად ეცნობა პიროვნება იმ რეაქციას, რომელსაც იგი იწვევს მოსწავლეებში, მასწავლებლებში ან მშობლებში.

თვითშეფასება ავლენს პიროვნების უნარს, შეაფასოს საკუთარი თავი და გამოიტანოს გარკვეული დასკვნები საკუთარი პიროვნების შესახებ. თვითშეფასება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს მოსწავლის ავტონომიის დაცვის თვალსაზრისით და, ასევე,  მხოლოდ მასწავლებლის რეაგირებაზე დამოკიდებულებიდან თავის დაღწევის საქმეში. მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ რეალური თვითშეფასების უნარს, უვითარდებათ ნათელი წარმოდგენა საკუთარი პიროვნებების შესახებ და მათ ნაკლებად ემუქრებათ დაუცველობის შეგრძნების საფრთხე. ისინი ნაკლებ იქნებიან დამოკიდებულნი სხვათა მხრიდან რეაგირებაზე და უფრო ადეკვატურად აღიქვამენ მასწავლებელთა რეაქციებს.

არ არის აუცილებელი, თვითშეფასება და სხვების მიერ გახორციელებული შეფასება იყოს აბსოლუტურად იდენტური, მაგრამ საჭიროა მათი მოსმენა და განხილვა საერთო კრებაზე. მოსწავლე ავტომატურად ვერ აღიქვამს საკუთარ თავს ისე, როგორც მას მასწავლებელი აღიქვამს. საჭიროა განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და მათზე მსჯელობა. ამ გზით შესაძლებელია იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელიც პიროვნებას ახასიათებს, მაგრამ ამას თავად ვერ აცნობიერებს; იმ შეზღუდვების აღმოფხვრა, რომელსაც პიროვნება თავის თავს გაუცნობიერებლად უწესებს და, ასევე, გამჯდარი სტერეოტიპების კორექტირება. მოსწავლეებმა ეტაპობრივად უნდა ისწავლონ, თუ როგორ შეაფასონ თავიანთი კომპეტენციები და უნარები და, ასევე, როგორ უნდა შეაფასონ სხვა მოსწავლეები, როგორ უნდა შეხვდნენ მათი პიროვნების შეფასებას სხვების მხრიდან და როგორ განიხილონ ამგვარი შეფასება. სწორედ ამ ეტაპობრივი მიდგომით არის შესაძლებელი თვითშეფასებასა და სხვების მიერ გახორციელებულ შეფასებებს შორის სხვაობის შემცირება.