მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.3: გემის ჩაძირვა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.3: გემის ჩაძირვა

ნაწილი I

,,დაახლოებით ერთი საათი გავიდა განგაშის პირველ ზარსა და გემ ,,დედოფალ მედის“ ჩაძირვას შორის. შესაბამისად, მგზავრებს ჰქონდათ გარკვეული დრო, რათა ორგანიზებულად ჩამსხდარიყვნენ სამაშველო ნავებში. ძლიერი ქარის გამო, გემი შეეჯახა ნავთობტანკერს, რამაც გემის ჩაძირვა გამოიწვია.

დაახლოებით 12 საათის შემდეგ, სამაშველო ნავები პატარა კუნძულს მიუახლოვდნენ. ამ კუნძულს ოვალური ფორმა ჰქონდა – 1.5 კმ სიგრძის და 700 მეტრამდე სიგანის; ნაწილობრივ დაფარული იყო ტყით. ახლომახლოს სხვა კუნძული არ ჩანდა. ამ მზიან კუნძულზე არავინ ცხოვრობდა, რიშალონების ოჯახის გარდა, რომლებიც შემაღლებულ ადგილას, ძვირფას ვილაში სახლობდნენ და მთელ კუნძულს ფლობდნენ.

ეს ოჯახი კუნძულზე რამდენიმე წლის წინ დასახლდა და თითქმის არ ეკონტაქტებოდა დანარჩენ სამყაროს; მათ ისე ჰქონდათ აწყობილი ცხოვრება, რომ ყოველთვიურად იღებდენ საჭირო საკვებს, საწვავს და სხვა ნივთებს,, ეს ყველაფერი  კუნძულზე შეკვეთით მოჰქონდათ. რიშალონებს ძალიან კარგად ჰქონდათ ორგანიზებული ყველაფერი: ისინი თავად აწარმობდნენ ელექტროენერგიას, შეეძლოთ საკმარისი საკვები და სასმელი შეეკვეთათ და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდათ შექმნილი. წარსულში ამ კუნძულის მეპატრონე ძალიან წარმატებული ბიზნესმენი იყო; საგადასახადო პრობლემების გამო, მას იმედი გაუცრუვდა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და გადაწყვიტა, გარიდებოდა ყოველდღიურობას.

კუნძულის მეპატრონემ შენიშნა, რომ ხალხით სავსე სამაშველო ნავები მის კუნძულს მიუახლოვდნენ და გამოვიდა ხალხთან.“

ნაწილი II

,,კუნძულის მეპატრონემ ნება დართო დაზარალებულებს, ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ კუნძულზე; ის მოელოდა, რომ გადარჩენილი ხალხი საკუთარი საჭმლისა და მათი მომსახურების ფულს გადაიხდიდა. მანამ, სანამ ხალხს გემიდან წამოღებული საჭმელი ჰქონდა, კუნძულის მეპატრონე საკუთარ საჭმელს არ ჰყიდდა.

სულ 13 ადამიანი გადარჩა; მათ შორის იყვნენ: ვიქტორი და მისი ორსული მეუღლე ორი ბავშვით (7 და 3 წლის); ჯონი, ქეითი, ლეო და ალფრედი – 4 ახალგაზრდა მეგობარი – ძლიერნი, ჯანმრთელნი და მოხერხებულნი, რომლებიც მანამდე მათ მიერვე მოწყობილ სახლში ერთდ ცხოვრობდნენ; 64 წლის აბრამოვიჩი, მდიდარი ძვირფასეულობით მოვაჭრე; ეს უკანასკნელი გახლდათ ჯგუფის ყველაზე მხცოვანი წევრი, მას არ ჰყავდა ნათესავები და მეგობრები. აბრამოვიჩს თან ჰქონდა ოქროს ბეჭდების, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი თვლების მთელი კოლექცია; მარიას, იურისტს, რომელიც უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, აწუხებდა მარცხენა ფეხი და წვივი და ძლივს დადიოდა; მარიას თან ახლდა მაქსი, მისი ასისტენტი უნივერსიტეტში. მარია და მაქსი, პენიტენციალური სამართლის სპეციალისტები, ერთად მიემგზავრებოდნენ აშშ-ში, რათა კონფერენციაზე ერთობლივი პრეზენტაცია გაეკეთებინათ; მარკო და მისი მეგობარი გოგონა ვიკი კი გემის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები იყვნენ, რომლებმაც გემიდან სხვადასხვა საკვები, ცხიმი და ჭურჭელი წამოიღეს.

ყველა გადარჩენილს ცოტაოდენი ფული ჰქონდა თან. განსაკუთრებით ბევრი ფული ჰქონდა მარკოს, რომელმაც ეს ფული ერთ-ერთი ბინიდან მოიპარა იმ ბოლო პორტში, სადაც გემი ჩაძირვამდე შეჩერდა.

კუნძულზე, ზღვისპირას, პატარა ზომის ნაგებობაში ერთადერთი ოთახი იყო, რომელშიც 2-3 ადამიანი თუ დაეტეოდა.”

ნაწილი III

,,გადარჩენილ ხალხს უნდა მოეფიქრებინა, რა შეიძლება მოემოქმედებინათ, რათა მარკო საკვების გაზიარებაზე დაეყოლიებინათ. გასათვალისწინებელია, რომ საკვების გაზიარებით მარკო საკუთარი და მისი მეგობარი გოგონას გადარჩენის შესაძლებლობას შეამცირებდა.”

ნაწილი IV

,,გადარჩენილებმა გადაწყვიტეს, რომ საკვები უნდა გაიზიარონ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე; მათ მორალურ ვალდებულებაზე მითითებით აიძულეს მარკო, დაეთმო მთელი საკვები. დაახლოებით ერთ კვირაში აღარ დარჩა არანაირი საკვები. ვილის მეპატრონისაგან საკვების მოთხოვნა გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა.”