ინსტრუმენტი 2: თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 2: თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა

ამ ფორმის სწავლება არ გულისხმობს  მოსწავლეებისათვის გუნდური მუშაობის გარემოს შექმნას მხოლოდ იმ იმედით, რომ დავალება როგორღაც იყოს შესრულებული. თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა გულისხმობს სწავლის პროცესს, რომელიც განეკუთვნება სოციალური განათლების სფეროს, ვინაიდან მასში არ არის გამოკვეთილი შემეცნებითი მიღწევები. თუმცა ტერმინი „თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა“  კონცენტრირებულია მოსწავლეთა მიღწევებზე.

თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების წარმატებით განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გარკვევით გადანაწილება. ამგვარად, ჯგუფის წევრებს შორის თანაბრობის პრინციპით გადანაწილდება ფორმალური მოვალეობებიც და პასუხისმგებლობაც ამ მოვალეობების შესრულებაზე, რაც წარმატებული სწავლის საწინდარია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ფორმით სწავლებისას ყველა ტიპის ამოცანა არ გამოგვადგება და, აქედან გამომდინარე, არ ხდება თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლისა და მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლის ფორმების პოლარიზება. სწავლების ამ მოდელის თანახმად, მასწავლებელი გარკვეულ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის პროცესში. თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლის წარმატება, როგორც ეს გამოცდილებამ აჩვენა, დამოკიდებულია ძირითად ელემენტებზე. რეკომენდებულია ქვემოთ მოყვანილი პროცედურების გამოყენება, რომლებიც გამოცდილ იქნა პრაქტიკაში, ბევრი მასწავლებლის მიერ:

თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა: ჯგუფის ორგანიზება

1. ჯგუფის წევრთა გვარები ჩამოწერილი უნდა იყოს ანბანის მიხედვით.

2. ჯგუფის თითოეული წევრი თავის თავზე იღებს ქვემოთ მოყვანილი ფუნქციებიდან ერთ-ერთის შესრულებას.

მოდერატორი: პასუხს აგებს მასზედ, რომ ჯგუფის წევრებს კარგად ესმოდეთ თავიანთი მოვალეობები და ასევე იგი ასრულებს ჯგუფის სპიკერის ფუნქციას.

მომხსენებელი: პასუხისმგებელია ორგანიზაციული სამუშაოს შესრულებაზე, პრეზენტაციის ან საბოლოო პროდუქტის მომზადებისას.

მასალებზე პასუხისმგებელი პირი: უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის ხელმისაწვდომობას და ჯგუფის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ პასუხს აგებს ყველაფრის მოწესრიგებაზე.

ორგანიზატორი: უზრუნველყოფს ჯგუფის მიერ დროის ყაირათიანად გამოყენებას და აკონტროლებს იმას, რომ ჯგუფმა სამუშაო გეგმის მიხედვით შეასრულოს; აგრეთვე, თვალყურს ადევნებს ჯგუფის მიერ მოქმედებათა გონივრული თანამიმდევრობით დაგეგმვას, სამუშაო პროცესის დასაწყისსა და გეგმაში შეაქვს ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში.

მედიატორი: პასუხისმგებელია ჯგუფის შიგნით წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე.

3. წესები:

ა) ჯგუფის ზოგიერთ წევრს განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრება, მაგრამ დავალების წარმატებით შესრულებაზე და შედეგებზე ჯგუფის ყველა წევრი თანაბრად აგებს პასუხს.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მასწავლებლისათვის ან მოსწავლეთა ლიდერისათვის კითხვის დასმა, ჯგუფმა ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა კითხვა უნდა დაისვას. მასწავლებელი და მოსწავლეთა ლიდერი არ პასუხობს ჯგუფის ინდივიდუალური წევრის მიერ დასმულ კითხვებს.

გ) პრეზენტაციაზე პასუხისმგებელია ყოველი ჯგუფი. ჯგუფის ყოველი წევრი ვალდებულია, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.

მასწავლებლები, რომლებიც ხშირად მიმართავენ  მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის მეთოდს, ამბობენ, რომ ხშირად საჭიროა ჯგუფური მუშაობის დროს აღებული ფუნქციები მოსწავლეებმა უფრო ინტენსიურად შეასრულონ, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, სწავლის პროცესის დაჩქარებასა და ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესებას.