გაკვეთილი 1: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი

ჩვენ ჯგუფში ერთად ვართ და ჯგუფში ყველა მიღებულია

სწავლის მიზნები მოსწავლეები სწავლობენ, როგორ შეიცნონ და მიიღონ ერთმანეთი, როგორც ჯგუფის წევრები. მოსწავლეები აღმოაჩენენ, თუ რა აქვთ მათ საერთო, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მათ უყალიბდებათ განსხვავებებისადმი სწორი დამოკიდებულება და სწავლობენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ეცნობიან მთელ რიგ მახასიათებლებს, სათითაოდ. ისინი ფიქრობენ და ასკვნიან, გააჩნიათ თუ არა მათ თითოეული მოცემული მახასიათებელი. მას შემდეგ, რაც ისინი ამოიცნობენ მათთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მახასიათებლებს, რომლებსაც მათი თანაკლასელები ფლობენ, ისინი მსჯელობენ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რესურსები ცარცი ან გრძელი ლენტი, იატაკზე ხაზის გასავლებად.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელი საკლასო ოთახის შუაში, იატაკზე ავლებს ხაზს ან იატაკზე ათავსებს ზონარს. იატაკზე გავლებული ხაზის ორივე მხარეს საკმარისი ადგილი უნდა იყოს დატოვებული, რათა მოსწავლეებს შეეძლოთ დადგომა.

მასწავლებელი სთხოვს ყველა მოსწავლეს, დადგნენ საკლასო ოთახის იატაკზე გავლებული ხაზის ერთ მხარეს.

მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე საკლასო ოთახის იატაკზე გავლებული ხაზის ერთ მხარეს დადგება, მასწავლებელი სათითაოდ ამოიკითხავს მახასიათებლებს. თითოეული მახასიათებლის ამოკითხვის შემდეგ, ყველა მოსწავლე უნდა დაფიქრდეს იმაზე, ახასიათებს მას თუ არა იგი და იმ მოსწავლეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ მახასიათებლის მატარებელნი არიან, უნდა გადააბიჯონ იატაკზე გავლებულ ხაზს და გადაამოწმონ, მათ გარდა ვინ გადაკვეთა ხაზი.

ქვევით მოცემულია იმ ზოგიერთ მახასიათებელთა ჩამონათვალი, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ამ პროცესში:

  • აცვია ჯინსი;
  • აქვს ლურჯი თვალები;
  • უმოგზაურია ევროპის სხვა ქვეყნებში;
  • ჰყავს და ან ძმა;
  • უყვარს ტელევიზორის ყურება;
  • უყვარს ფეხბურთის თამაში.

მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად შესთავაზონ მასწავლებელს მახასიათებლები, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის მხრიდან საჭიროა ყურადღების გამოჩენა, რათა მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი მახასიათებელი მტკივნეული არ აღმოჩნდეს რომელიმე მოსწავლისათვის; მოსწავლეების მიერ ამგვარი მახასიათებლის დასახელების შემთხვევაში, საჭიროა მასწავლებლის სათანადო რეაგირება.

მას შემდეგ, რაც თამაში დასრულდება, მოსწავლეები უნდა დასხდნენ წრეზე და განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • რომელიმე მოსწავლე აღმოჩნდა იმ მოსწავლესთან ერთად ჯგუფში, რომელთანაც, მისი აზრით, არაფერი საერთო არ ჰქონდა?
  • როგორი შეგრძნებაა, ეკუთვნოდე მრავალრიცხოვან ჯგუფს?
  • როგორი შეგრძნებაა, იყო ყველასაგან გამორჩეული?

ალტერნატიული ვარიანტი:

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ერთ რომელიმე მახასიათებელს ამოიკითხავს, მოსწავლეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ მახასიათებლის მატარებლები არიან, ერთად გროვდებიან და მცირე დროის მანძილზე განიხილავენ, თუ რა აქვთ მათ საერთო. მათი მსჯელობის საგანი შესაძლებელია იყოს, მაგალითად, ის, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას, ან მათი ქცევის მანერა.