2 – სამუშაო ფურცელი 8: სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზები

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 8: სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნის გზების ძიება ვერ მოხერხდება იზოლირებულად, მხოლოდ საკლასო გარემოში, მისი სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭიროა სათანადო ღონისძიებების გატარება სკოლაშიც. ამ მიზნით, ყველაზე კომპეტენტურ ფიგურას წარმოადგენს სკოლის დირექტორი.

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში საჭირო მასალა შეიცავს ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა „სკოლის დემოკრატიული მმართველობა“, რომელიც გამოყოფს იმ ძირითად სფეროებს და გვთავაზობს იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებლად უნდა  გადაიდგას სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზაზე (იხილეთ, ასევე, წინამდებარე სახელმძღვანელო, ნაწილი 2, თავი 5, სამუშაო ფურცლები 15-დან 18-ის ჩათვლით).

ამ თვალსაზრისით, ოთხ ძირითად სფეროს წარმოადგენს:

  1. მმართველობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
  2. ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება
  3. თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა; კონკურენტუნარიანობა და თვითგამორკვევა
  4. მოსწავლეების დისციპლინა

მმართველობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე

სკოლის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიმართ, როგორიცაა კანონმდებლები, სკოლების სამეურვეო საბჭოები, პროფესიული კავშირები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ისევე როგორც ადგილობრივი საზოგადოებები, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელობას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ. როგორ უნდა გაართვას თავი სკოლის ხელმძღვანელობამ ამ ვალდებულებას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს? სკოლის ორგანიზებისა და მართვის რა ფორმას იყენებს სკოლის ხელმძღვანელობა? კონსენსუსსა და ნდობას ემყარება, თუ ხელმძღვანელობის ქმედებებს უნდობლობა და მეტოქეობა განსაზღვრავს? როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები სკოლის შიგნით? როგორ ართმევს თავს სკოლის ხელმძღვანელობა სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებას? და როგორ ასრულებს სკოლა დაინტერესებულ მხარეთა წინაშე ანგარიშვალდებულებაზე აღებულ პასუხისმგებლობას?

ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება

როგორ ხდება სკოლაში, ფორმალურსა თუ არაფორმალურ კონტექსტში,  ისეთი ღირებულებების წარმოჩენა, როგორიცაა ადამიანის უფლებები და მრავალფეროვნების პატივისცემა? როგორ ხდება ღირებულებებისა და სოციალური უნარების, როგორც გლობალიზაციის პირობებში არსებულ თანამედროვე საზოგადოებებში მშვიდობიანი თანაარსებობის საწინდარის ხელშეწყობა? როგორ ხდება ამ ღირებულებათა მიწოდება მოსწავლეებისათვის?

თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა; კონკურენტუნარიანობა და თვითგამორკვევა

სკოლა არ წარმოადგენს ფართო საზოგადოებისაგან ან რეალური სამყაროსაგან მოწყვეტილ გარემოს. როგორია კომუნიკაცია სკოლის ფარგლებში დასკოლის ფარგლებს მიღმა? როგორია თანამშრომლობა სკოლის ფარგლებში და სკოლის ფარგლებს მიღმა? სკოლა წააგავს იზოლირებულ გარემოს, თუ მის ფარგლებში დანერგილი კომუნიკაციისა და ჩართულობის საშუალებით, შესაძლებელი ხდება  ფართო ასპარეზზე გასვლა? როგორ არის მისი მისია ფორმულირებული? რამდენად არის სკოლა მზად, გარე სამყაროსთან კომუნიკაციისას განახორციელოს დასახული მიზნები?

მოსწავლეების დისციპლინა

სკოლაში ბევრი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც ერთმანეთთან თანამშრომლობა უწევთ. რა საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლაში, რომელიც დემოკრატიული პრინციპებით არის მართული? რა აიძულებს მოსწავლეებს, დაექვემდებარონ დადგენილ წესებს და რა აიძულებთ მათ, დაარღვიონ ისინი ან იმოქმედონ მათ საწინააღმდეგოდ? სკოლაში, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება, წესების არარსებობა ან მოსწავლეების მიერ მათი უგულებელყოფა ქაოსს ხომ არ გამოიწვევს?