2 – სამუშაო ფურცელი 1: მოსწავლეთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 1: მოსწავლეთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

კომპეტენციათა სამი სფერო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციათა განვითარება სამ სფეროში, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და, აქედან გამომდინარე, არ უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე.

 

პოლიტიკური ანალიზისა და აზროვნების კომპეტენცია

მიზანი პოლიტიკური მოვლენების, პრობლემებისა და სადავო საკითხების ანალიზის კომპეტენციისა და საკუთარი მოსაზრების საფუძვლების ახსნა-განმარტების უნარის განვითარებაა. სკოლას შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მოსწავლეების ამ კუთხით განვითარებაში, მოსწავლეების ხელშეწყობით, რათა მათ გამოიყენონ სტრუქტურული ანალიზის უნარი, საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით.

ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • პიროვნების ცხოვრებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობის შეცნობა;
  • პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შედეგების გაანალიზება და განსჯა;
  • საკუთარი შეხედულებებისა და მოსაზრებების, ასევე, სხვათა შეხედულებებისა და მოსაზრებების გაანალიზება და გადმოცემა;
  • პოლიტიკის სამი განზომილების აღქმა და შეცნობა:
    ა) ინსტიტუციური განზომილება
    ბ) შინაარსზე დაფუძნებული განზომილება
    გ) პროცესზე ორიენტირებული განზომილება
  • პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა ფაზების ანალიზი და შეფასება მიკრო დონეზე (მაგალითად, სკოლის ცხოვრება), საშუალო დონეზე (მაგალითად, საზოგადოება) და მაკრო დონეზე (ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა);
  • ფაქტების, პრობლემებისა და გადაწყვეტილებების წარმოდგენა ანალიტიკური კატეგორიების საშუალებით, ძირითადი ასპექტების გამოცნობა და მათი დაკავშირება ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ სისტემათა ძირითად ღირებულებებთან;
  • აქტუალური სადავო საკითხების განხილვისას, სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური და საერთაშორისო გარემოებების, ინტერესთა სფეროების და მოვლენების ამოცნობა;
  • გაცნობიერება, თუ როგორ მიეწოდება საზოგადოებას პოლიტიკა მედიის მიერ.

მეთოდების გამოყენების კომპეტენცია

სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისათვის საკმარისი არ არის პოლიტიკური მოვლენების შინაარსის, სტრუქტურისა და პროცესების  მხოლოდ საფუძვლების ცოდნა, არამედ ასევე საჭიროა, ფლობდე ზოგად კომპეტენციებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში (როგორიცაა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციის მიღება და გაცემა, სტატისტიკა). დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ფარგლებში საჭიროა მოსწავლეებში ხელი შევუწყოთ ისეთი კონკრეტული უნარების განვითარებას, როგორიცაა მოსაზრების დაცვა ან მის წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის. მიზანი ამ უნარების გააქტიურებაა, იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პოლიტიკური დისკურსის პირობებში (განხილვები, დებატები).

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • მასმედიის ან ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევის, დამუშავებისა და გადმოცემის უნარი,  კრიტიკული და კონცენტრირებული მიდგომის გამოყენებით (სტატისტიკის, რუკების, დიაგრამების, სქემების, კარიკატურების შეგროვება, დახარისხება, შეფასება);
  • მედიის შეფასება კრიტიკულად და საკუთარი მედიაპროდუქციის შექმნა;
  • ემპირიული მეთოდების ზოგადი გამოყენება (მაგალითად, გამოკითხვისა და ინტერვიუს წარმართვის ტექნიკა).

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია

მიზანი, პოლიტიკურ კონტექსტში და საზოგადოების წინაშე, საკუთარი მოსაზრებების თავდაჯერებულად და ადეკვატურად წარდგენის კომპეტენციისა და თავდაჯერებული და ადეკვატური მოქმედების კომპეტენციის შეძენაა.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • საკუთარი მოსაზრების თავდაჯერებულად და ადეკვატურად  გახმოვანების უნარი და დიალოგის სხვადასხვა ფორმის შესწავლა;
  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური მოქმედების უნარი (ზეპირი მეტყველების უნარები, როგორიცაა საკუთარი შეხედულების ახსნა-განმარტება, მსჯელობა, დებატებში მონაწილეობა, დისკუსიაში წამყვანი როლის ამ მომრიგებლის როლის შესრულება; წერილობითი პრეზენტაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკის ფლობა: პოსტერების, კედლის გაზეთების, შეხვედრათა ოქმების, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებისათვის განკუთვნილი წერილების და ა.შ. შედგენა);
  • საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის, გუნდის შექმნისა და გუნდური მუშაობის კუთხით;
  • საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, კომპრომისზე წასვლის უნარი;
  • დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული აზროვნებისა და ტენდენციების ამოცნობა და მათზე ადეკვატურად რეაგირების უნარი;
  • მრავალკულტურულ კონტექსტში ბუნებრივი ქცევის უნარი.