გაკვეთილი 4: მოსწავლეთა პარლამენტი

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: მოსწავლეთა პარლამენტი

როგორი უნდა იყოს სკოლის მართვა?

სწავლის მიზანი მოსწავლეები შეიმუშავებენ სკოლის მართვის კრიტერიუმებს და განსაზღვრავენ მოსწავლეთა როლს მართვის პროცესში.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები წარმოიდგენენ იმას, თუ როგორ იმუშავებდა მათი პარლამენტი.
საჭირო მასალა კითხვარი ყველა მოსწავლისათვის (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 9.3), დიდი ზომის ქაღალდი, მარკერები 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფისათვის.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა პრეზენტაციები. ინდივიდუალური მუშაობა. მცირე ზომის ჯგუფებში მსჯელობა. მთელი კლასის დისკუსია.

ინფორმაცია

ახალგაზრდებიც მოქალაქეები არიან. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, საკუთარი აზრი გამოხატონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას უკავშირდება, მათ შორის, სკოლაზე. სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოსწავლეების უფლებაა, არამედ იმიტომაც, რომ ასეთი ჩართულობა მათ საზოგადოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დემოკრატიული პროცესების გაცნობიერებაში ეხმარება. განხილვის საგანი შეიძლება იყოს ის მექანიზმები, რომლებიც მოსწავლეთა სასკოლო მართვაში ჩართულობას უზრუნველყოფს. ზოგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ყველა სკოლას ჰყავდეს საკუთარი პარლამენტი. სხვანი კი თვლიან, რომ პარლამენტის არსებობა ყველა სკოლაში აუცილებელი არ არის და არსებობს სხვა გზებიც, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

გაკვეთილი უნდა დაიწყოს მოსწავლეთა საშინაო დავალების შედეგების გაცნობით. თუ მოსწავლეების მიერ მომზადებული მასალა ძალიან მდიდარი და მრავალმხრივია, შესაძლოა, საჭირო იყოს ამ თემისათვის კიდევ ერთი გაკვეთილის დათმობა. არის მეორე ვარიანტიც, მასწავლებელს შეუძლია, შეაგროვოს მოსწავლეთა ნამუშევრები, გაასწოროს ისინი და შემდეგ გაკვეთილზე დაუბრუნოს შენიშვნებითურთ. რომელი გზაც არ უნდა იქნეს არჩეული, უმთავრესია, რომ მასწავლებელმა ყველა მოსწავლის ნამუშევრი შეამოწმოს  და შეაფასოს.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები წარმოადგენენ გამოკითხვის შედეგებს, მოქალაქეთა პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. მოსწავლეები განიხილავენ ამ შედეგებს.

მასწავლებელს შემოაქვს ახალი თემა; ის ეკითხება მოსწავლეებს, თუ რას ფიქრობენ მათი სასკოლო საბჭოს, ან მოსწავლეთა პარლამენტის მუშაობის შესახებ. თუ  მოცემულ სკოლაში თვითმმართველობა არ არსებობს, მოსწავლეებს შეუძლიათ, მოიყვანონ მაგალითები სხვა სკოლაში მოქმედი პარლამენტის, ან საბჭოს შესახებ.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა მოსწავლეთა იდეალური პარლამენტი, ანუ სკოლის მოსწავლეთა დემოკრატიული წესით არჩეული ერთობა.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს კითხვარს (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  9.3), რომელსაც მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს 4-6 კაციან ჯგუფებად ყოფს. მოსწავლეებს აქვთ დრო, რათა საკუთარი პასუხები ერთმანეთს შეადარონ. მასწავლებელი ჯგუფებს დიდი ზომის ქაღალდსა და მარკერებს ურიგებს. მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ მოსწავლეთა იდეალური პარლამენტის კონსტიტუცია. მასწავლებელი ვალდებულია, აუხსნას მოსწავლეებს, რა არის კონსტიტუცია და მოიყვანოს მაგალითები იმისა, თუ რა სახის რეგულაციებს უნდა აწესებდეს მოსწავლეთა პარლამენტის კონსტიტუცია.

როცა მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობას დაასრულებენ, ისინი საკუთარი მსჯელობის შედეგებს მთელი კლასის წინაშე წარმოადგენენ. დისკუსიის დროს შეიძლება დაისვას შემდეგი შეკითხვები:

  • რა ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს, დირექტორსა და მასწავლებლებს?
  • ვინ უნდა იღებდეს საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომლებიც სკოლის მართვას უკავშირდება?
  • შესაძლებელია თუ არა სკოლის დემოკრატიული წესით მართვა?

ბოლოს, მოსწავლეები პრეზენტაციას აკეთებენ სკოლის დირექტორთან და, თუ სურთ, მის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს სკოლის პარლამენტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

საშიანაო დავალება: მოსწავლეები ატარებენ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოკითხვას. შეკითხვა შემდეგია:

  • როგორ ფიქრობთ, ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს მოსწავლეთა პარლამენტი? რატომ?

მოსწავლეებმა შემდეგ გაკვეთილზე უნდა წარმოადგინონ გამოკითხვის შედეგები.