გაკვეთილი 4: ჩვენ ვგეგმავთ მედიაპროდუქციას

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ჩვენ ვგეგმავთ მედიაპროდუქციას

როგორ გამოვიყენოთ შეძენილი უნარები? მოსწავლეები თანხმდებიან თემისა და გეგმის შესახებ

სწავლის მიზნები იმ ტექნიკური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, რომელიც მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის მზადების პროცესში შეიძინეს. მოსწავლეები არჩევენ თემას და მედიასაშუალებას, რომელიც სჭირდებათ.
მოსწავლის ამოცანა დემოკრატიული და მონაწილეობითი პროცესების გამოყენებით (მცირერიცხოვან ჯგუფებში და საერთო საკლასო განხილვებისას), კლასი ირჩევს თემას, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ და მედიასაშუალებას, რომელიც მათ სჭირდებათ.
რესურსები

„გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა“ – დამხმარე ინსტრუმენტი,

მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები: ფორმა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება მედიასაშუალების შერჩევაში და რომელიც ესადაგება მათ მიერ შერჩეულ თემას.

მეთოდები ჯგუფური სამუშაო, გადაწყვეტილების მიღება საერთო საკლასო სხდომის განმავლობაში.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები არჩევენ თემას, რომელზეც მათ სურთ, რომ იმუშაონ (ამავე დროს, ისინი იყენებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მოიპოვეს მედიამოწყობილობების შესახებ პრეზენტაციების საშუალებით). შესაძლებელია, თემა უკავშირდებოდეს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების რომელიმე ასპექტს – მაგალითად, მოსწავლეებმა შესაძლოა მოისურვონ მათ გარემოში არსებული სათამაშო მოედნების შესწავლა, მათი აღწერა დოკუმენტური სახით და იმ ელემენტების ჩამონათვალის მომზადება, რაც, მათი აზრით, აკლია ამ მოედნებს. შეუძლიათ, მომზადებული მასალა გადაუგზავნონ შესაბამის ხელმძღვანელობას ან გამოაქვეყნონ ადგილობრივ გაზეთში. შესაძლებელია, ასევე, სამშენებლო უბანზე დაკვირვების წარმოება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და, სურათებისა და ხმის ჩაწერის თანხლებით, მისი მიმდინარეობის აღწერა და, დაგროვილი მასალების გამოყენებით, საინტერესო ანგარიშის მომზადება. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეარჩევენ თემას, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელ მედიასაშუალებებს გამოიყენებენ  დოკუმენტური მასალის შესაგროვებლად.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გეგმას, ყველასათვის საინტერესო თემის შესარჩევად, რომლის დოკუმენტური მასალის მოგროვებისთვისაც მედიამოწყობილობების გამოყენება იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს სურს, თემის შერჩევა სრულებით მიანდოს მოსწავლეებს, მან მოსწავლეთა მცირერიცხოვან ჯგუფებს უნდა მისცეს დრო იმისათვის, რომ მოიფიქრონ თემები, შემდეგ მასწავლებელი ამ თემებს ჩამოწერს ფურცელზე და მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, კლასს წარუდგინონ საკუთარი იდეები, რის შესახებაც იმართება საერთო საკლასო დისკუსია.

ყველასათვის მისაღები და საინტერესო თემის ძიება და ერთ თემაზე შეჯერება კომპლექსური სამუშაოა, მაგრამ მისი საშუალებით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ დათმობაზე წასვლა (მასწავლებელმა უნდა შეაფასოს ეს ასპექტიც).

ამის შემდეგ, მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ წინასწარი გეგმა, რომლისთვისაც იდეებს მოიძიებენ გონებრივი ვიზუალიზაციის/წარმოსახვის ტექნიკის საშუალებით, რომელიც გამოიყენება ინსტრუმენტის სახით. გაკვეთილზე მიმდინარეობს ამგვარად ჩამოყალიბებული იდეების გაცვლა-გამოცვლა მოსწავლეებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ გონებრივი წარმოსახვის ინსტრუმენტს მოსწავლეები პირველად იყენებენ, მასწავლებელმა მათ უნდა აუხსნას ცალკეული ეტაპები, რომელსაც მსგავსი აქტივობა გულისხმობს და შესაძლებელია, ასევე, გამოყენებულ იქნას მაგალითი, რომელიც დაფაზე უნდა შესრულდეს:

  • დიდი ფორმატის ფურცლის ცენტრში დაწერეთ თქვენი თემის სახელწოდება და შემოავლეთ მას წრე.
  • წრის გარშემო გაავლეთ წრიდან გამომავალი სხივები მსხვილი შტრიხებით. თითოეული სხივის გასწვრივ დაწერეთ თემის ქვესათაური, რომელიც თქვენ მიერ შერჩეულ და წრის შუაგულში ჩაწერილ თემას უკავშირდება.
  • მსხვილი სხივებიდან შეგიძლიათ გაავლოთ დამატებითი განშტოებები, რომლებიც ქვეკატეგორიებს ან კითხვებს წარმოადგენს და რომლებიც მსხვილ წრფეზე დაწერილ ქვესათაურებს უკავშირდება.
  • მოიძიეთ და შეარჩიეთ რაც შეიძლება ბევრი ტერმინი და დაწერეთ ისინი შესაბამისი კატეგორიების ადგილზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კატეგორიის ფრაზები და სხვადასხვა ზომის ასოები ტერმინების დასაწერად ან სიმბოლოები და ფერები.

მოსწავლეები ნაწილდებიან იმავე ჯგუფებში, რომლებშიც გადანაწილებული იყვნენ წინა აქტივობის დროს და მსჯელობენ, თუ რომელი მედიამოწყობილობის გამოყენება სურთ დოკუმენტური მასალის შესაგროვებლად. ამ აქტივობისათვის მოსწავლეები, ჯგუფებში გადანაწილების ნაცვლად, შესაძლებელია მუშაობდნენ ერთად, მთელი კლასი (იხილეთ სამუშაო ფურცელი: საპრეზენტაციო ბარათები, რომლებზეც მოცემულია მედიამოწყობილობების მოკლე დახასიათება).

იმ შემთხვევაში, თუ  მოსწავლეები ამ დავალებას ჯგუფებში ასრულებენ, საჭიროა მათი მოსაზრებებისა და შედეგების შეგროვება.

ამის შემდეგ იმართება საერთო საკლასო დისკუსია, რომლის დროსაც განიხილება პასუხისმგებლობის საკითხი:

  • რა პასუხისმგებლობა აკისრია მოსწავლეს, რომელსაც ფოტოების გადაღება ან ხმის ჩაწერა ევალება?
  • რას ნიშნავს პიროვნების პირადი უფლებების დაცვა?
  • ვისთან გვჭირდება კონსულტაციების გავლა ან ვინ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში?

მე-9 თავი უნდა დასრულდეს ამ აქტივობით. მოსწავლეების მიერ შერჩეული თემისა და გეგმის გახორციელება სასწავლო პროგრამაში მოცემული შესაბამისი დისციპლინის ფარგლებშია შესაძლებელი.