მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.4: კუნძულის მაცხოვრებლები და ახალმოსულნი (ბარათები როლების გათამაშებისათვის)

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.4: კუნძულის მაცხოვრებლები და ახალმოსულნი (ბარათები როლების გათამაშებისათვის)

ჯგუფი 1: კუნძულის მაცხოვრებლები

თქვენ კუნძულზე მაცხოვრებელ მოსახლეობას წარმოადგენთ. ამ კუნძულზე თქვენი წინაპრები რამდენიმე ათასი წლის წინ დამკვიდრდნენ და მათი ნაწილი მთაში წმინდა ადგილებზეა დაკრძალული. თქვენ გჯერათ, რომ წინაპრების სულები ცოცხლები არიან და თავს დაგტრიალებენ.

თქვენ ცხოვრების მარტივი წესით ცხოვრობთ. ქალები ბავშვებს უვლიან, კაცები კი ნადირობენ და საკვებს მოიპოვებენ. ამ კუნძულზე მცხოვრებთ გჯერათ, რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება და მომავალ თაობებს ხელშეუხებელი ბუნება უნდა დავუტოვოთ. თქვენ, ძირითადად, მშვილდ-ისარსა და მახეებს იყენებთ.

თქვენი რელიგია ბუნების გაღმერთებას გულისხმობს, ხოლო კულტურა თემის მნიშვნელობას უკავშირდება. როცა საკვების ოდენობა მცირეა, ხალხი თანაბრად იყოფს საკვებს და ერთმანეთის გამოსაკვებად შრომობს. როცა საკვების სიუხვეა, ხალხი იკრიბება, მღერის, ცეკვავს, სხვადასხვა ამბებს ჰყვება და ილხენს. ხალხს წერა-კითხვის ცოდნა არ სჭირდება.

თქვენს თემში კანონები თითქმის არ არსებობს. თემის ბელადს შეუძლია კანონის დამკვიდრება, როცა ამის საჭიროება იქმნება. ყოველგვარი კამათის დროს თემის ბელადი მომრიგებლად გვევლინება.

ჯგუფი 2: ახალმოსულნი

თქვენ ხალხის იმ ჯგუფს წარმოადგენთ, რომელმაც ევროპა ახალი ცხოვრების ძიებაში დატოვა. თქვენ გინდათ, ახალი მიწა აღმოაჩინოთ, სადაც დამკვიდრდებით, ააშენებთ სახლს და მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებთ.

თქვენ გაქვთ სანადირო თოფები და იარაღი მიწის დასამუშავებლად. თქვენი კულტურის განმსაზღვრელი კომპონენტებია განათლება და შრომა. თქვენ მიჩვეული ხართ ბრძოლას კეთილდღეობისათვის.  თქვენ არ მისდევთ რომელიმე რელიგიას, მაგრამ გწამთ რელიგიური თავისუფლების.

თქვენ გადაწყვეტილებების დემოკრატიული წესით მიღების მომხრე ხართ. თქვენ მიატოვეთ ის საზოგადოება, სადაც მხოლოდ ელიტარულ ფენას აქვს ძალაუფლება და სადაც ქონება არათანაბრადაა განაწილებული. თქვენ ისეთი საზოგადოების შექმნაზე ოცნებობთ, სადაც ხალხი თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.